პრეზიდენტი: მოსახლეობის 50% არსებობისთვის იბრძვის, დედებს შვილები მხოლოდ სკაიპით იცნობენ

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მოსახლეობის ნახევარი არსებობისთვის იბრძვის, ძირითადად კი, ოჯახების შენახვისა და არსებობისთვის უცხოეთში სამუშაოდ წასული ქალები იბრძვიან.

“ჩვენი მოსახლეობის 50%-ს ფაქტობრივად ვაარსებებთ ისე, რომ ისინი მხოლოდ არსებობისთვის იბრძვიან და ძირითადში იბრძვიან მათი ოჯახის წევრები – ქალბატონები, რომლებიც მიდიან უცხოეთში სამუშაოდ და იქიდან უგზავნიან საჭმლის ფულს თავიანთ შვილებს, რომლებიც დედებს იცნობენ მხოლოდ სკაიპით.  ეს არის ქართული სოფელი”, – ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით “ეროვნული პლატფორმის” წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება.

საუბარი შეეხო უცხოელებზე მიწის მიყიდვის კონსტიტუციით აკრძალვის მოთხოვნას.

“მე იმ პოლიტიკოსების გასაგონად ვამბობ ამას, როდესაც აქ, თბილისში, პარკეტზე გაზრდილები საუბრობენ მიწაზე. ეს არის რეალობა და აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რა უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში: თუ მიწის ბაზრის შექმნას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ განვსაზღვროთ, უცხოელია თუ ქართველი, ესეც გასარკვევია. მე არ ვიცი, მიწა ვისზე უნდა გაიყიდოს და ვისზე არა, მაგრამ თუ მიწის ბაზარი არ შეიქმნება სოფლად და არ შეეწყობა ხელი სოფლის მეურნეობას, ჩვენი მოსახლეობის 50%-ს ვაცხოვრებთ გაუსაძლის პირობებში.

ამის გადამწყვეტი ერთადერთი რეცეპტი არის მიწის ბაზრის შექმნა, და ამას გეუბნებით არა როგორც პოლიტიკოსი, რომელსაც ლექსები უყვარს, არამედ როგორც გლეხი, რომელიც მიწაზე მუშაობს და იცის, რანაირია 5-5 კილომეტრით აქეთ-იქით სირბილი ბარით მიწის დასამუშავებლად, რომელიც არავის არაფერში სჭირდება.

აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობას სჭირდება დრამატული რეფორმა, რომელიც მიწის ბაზარს შექმნის, მოხდება მიწების კონსოლოდაცია, შემოწმდება ფერმერული მეურნეობები, ადამიანებს შეექმნებათ სამუშაო ადგილები და ჩვენ ვიყიდით საქართველოში მოყვანილ პომიდორს და რომელიღაცა ქვეყნიდან შემოტანილ პლასტმასში არ გადავიხდით ვალუტას. ეს არის რეალური პასუხი მიწის თემაზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.