თვითაკრძალვა ლუდომანებისთვის – საკანონმდებლო წინადადების განხილვა პარლამენტში

საქართველოში აზარტული თამაშების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებაზე წლებია საუბრობენ, რადგან არაერთ ადამიანს აქვს პრობლემები აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო.

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა თითქმის ორწლიანი ლოდინის შემდეგ განიხილა საკანონმდებლო წინადადება “აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის თვითაკრძალვის მექანიზმის შესახებ”, რომელიც მიზნად ისახავს აზარტულ თამაშებზე ადიქციურად დამოკიდებული ადამიანებისთვის თვითაკრძალვის მექანიზმის შემოღებას.

კანონპროექტის ავტორების თქმით, თვითაკრძალვის მექანიზმის შემოღება საშუალებას მისცემს ლუდომანებს, პირადი განცხადების საფუძველზე (სავარაუდოდ, იუსტიციის სახლში), გარკვეული პერიოდი ნებაყოფლობით დაიბლოკონ თავი ნებისმიერი აზარტული ტიპის დაწესებულებაში. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადების პათოსი გაიზიარა, თუმცა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, ხოლო ამის მიზეზად განმარტეს, რომ ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს მსგავსი ტიპის კანონპროექტზე.

ალექსანდრე სახელაშვილმა და კონსტანტინე ჯაფარიძემ ეს კანონპროექტი წინა მოწვევის პარლამენტშიც შეიტანეს, თუმცა მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო არც კი განუხილავთ. საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების მხრიდან ამ საკითხის უყურადღებოდ დატოვება არაფრით არ შეიძლება, რადგან უამრავ ოჯახს აწუხებს ეს პრობლემა: “თითო ისტორია ჩვენ ყველამ ვიცით, რომელიც ცუდი შედეგით დამთავრებულა. მე მგონი, თვითაკრძალვის მექანიზმი იქნება ის ოპტიმალური გამოსავალი, რომელიც არც ერთ მხარეს დააზარალებს. საკანონმდებლო წინადადებას უშუალოდ სათამაშო ბიზნესმაც დაუჭირა მხარი, ცნობილი ადამიანები უჭერენ მხარს, საპატრიარქომაც დაუჭირა მხარი – ყველამ მოიწონა.  ჩვენი აზრით, საკანონმდებლო წინადადება ისე არის მომზადებული, გარდა ინიციატივისა, არის გარანტირებული მექანიზმი იმისა, რომ იმუშავებს.”

როგორც ისინი განმარტავენ, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ერთ–ერთი ყველაზე პრობლემური და აქტუალური საკითხია ჩვენს რეალობაში. სხვადასხვა კვლევებიდან ჩანს, რომ ლუდომანების დაახლოებით 75%–ს ჰქონია მცდელობა ან ფიქრობს თვითმკვლელობაზე, ხოლო დასახელებული პროცენტული რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ლუდომანია ბევრად უფრო დეპრესიული დამოკიდებულებაა, ვიდრე თუნდაც ნარკომანია:

“ამას ხელს უწყობს პრობლემების მიმართ საზოგადოების არასწორი დამოკიდებულებაც. კერძოდ: საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ლუდომანიას პიროვნულ თვისებაად აღიქვამს და არა დაავადებად, რის გამოც ამ მძიმე სენით შეპყრობილ ადამიანს საზოგადოების არასოლიდარულობის გამო უმძაფრდება თანმდევი დეპრესიული ფონი, რამაც თვიმკვლელობების მაჩვენებელი საგრძნობლად გაზარდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ეწურებათ ფინანსური და საზოგადოებრივი ნდობის რესურსი, უმრავლეს შემთხვევაში, ეს ადამიანები საჭირო თანხების მოსაპოვებლად მიმართავენ უკანონო გზებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი დიდი ნაწილი ან უკვე ჩართულია კრიმინალურ სამყაროში, ან მოუწევთ ჩართვა მას შემდეგ, რაც ამოეწურებათ ზემოთ ხსენებული რესურსები. ხშირია შემთხვევები, როდესაც ლუდომანები ხვდებიან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, ამ სენისგან თავის დაღწევის მიზნით მიმართავენ სათამაშო დაწესებულებებს თხოვნით, მოახდინონ მათი ე.წ. გაშავება ანუ ბლოკირება, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, მათ ასეთი საშუალება არ ეძლევათ, ან თუ ეძლევათ, ეს არსებითაც ვერ ცვლის სურათს, რადგან ამ შემთხვევაში, ასეთ ადამიანს აქვს საშუალება, შევიდეს სხვა მისამართზე არსებულ აზარტული თამაშების დაწესებულებაში,” – განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.

სახელაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი მიდგომები გავრცელებულია განვითარებულ ქვეყნებში და საკმაოდ კარგადაც მუშაობს. მისი თქმით, კანონპროექტით სათამაშო ბიზნესი არ დაიხურება, თუმცა იმ ადამიანებს, ვინც არის დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე, ეძლევათ საშუალება, ეს სენი დაძლიონ.

მაგალითად, საფრანგეთში არის მსგავსი კანონი და მუშაობს. ბელგიაში უფრო მკაცრია კანონმდებლობა – თუ არ ვცდები, იქ ოჯახის წევრსაც შეუძლია, აუკრძალოს ადამიანს თამაში. ვფიქრობ, ჯობია, ნებაყოფლობითი იყოს ეს და ადამიანმა თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.”

კანონპროექტის მიხედვით, თუ სათამაშო დაწესებულება კანონის გვერდის ავლით მაინც შეუშვებს პირს სათამაშოდ, ლუდომანი არ ისჯება, ხოლო დაწესებულება ვალდებული იქნება, მას დაუბრუნოს წაგებული და დახარჯული თანხა.

“კანონი როდის შეიძლება ჩაითვალოს იდეალურად? როდესაც ის ზემოტივირებულს ხდის პოტენციურ კანონდამრღვევს, რომ კანონი დაარღვიოს. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ სათამაშო დაწესებულება, ხოლო მე ვარ თამაშზე დამოკიდებული ადამიანი და მაინც შემომიშვით, შემიძლია გითხრათ თქვენ, რომ დამიბრუნეთ ის თანხა, რაც წავაგე, თორემ დავრეკავ მაკონტროლებელ უწყებაში – დაგაჯარიმებენ და თანხასაც დამიბრუნებთ. ანუ თქვენ ვერ მენდობით და ზემოტივირებული ხართ, რადგან ასეთი შესაძლებლობა მაქვს. დამიჯერეთ, ეს იქნება მძლავრი იარაღი და ბევრი გამოიყენებს, თუ კანონით მივცემთ ამის საშუალებას,” – ამბობს სახელაშვილი.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე საკანონმდებლო წინადადების მოსმენის შემდეგ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მისაღები ინიციატივაა და კარგია, რომ ისევ გახდა ეს საკითხი აქტუალური. თუმცა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ნებაყოფლობითობა და დამოკიდებულება ვერ მოდის თანხვედრაში ერთმანეთთან. მისი აზრით, თუ დამოკიდებულია ადამიანი, ძალიან რთულად ჩაერთვება თავისი ნებით თვითაკრძალვის მექანიზმში. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საჭიროა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ არ გადადგან თავიდანვე ეს ნაბიჯი ადამიანებმა.

“მაგალითად, ვინც აპირებს, პირველი ნაბიჯი გადადგას ამ მიმართულებით, გავზრდიდი ფულად ზღვარს, რომლითაც მას შეუძლია თამაშის დაწყება, კაზინოში შესვლა თუ სხვა. დიდი ფულადი თანხის მოგროვება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დამოკიდებული ხდებიან, გაჭირდება. დამოკიდებული ხდებიან ის ადამიანები, რომლებიც სოციალურად შეჭირვებულები არიან იმიტომ, რომ ხშირად ერთადერთ გზად მიაჩნიათ თავიანთი გამდიდრების და ა.შ. მათი მდგომარეობა ძალიან აპათიურია ხოლმე და კარგი იქნებოდა, რომ ამაზეც გვეფიქრა, როგორ მოგვეხდინა პრევენცია პირველი ნაბიჯის. თორემ ამ ნაბიჯს რომ გადადგამენ და დამოკიდებულები გახდებიან, ეს თვითშეკავების მექანიზმი შეიძლება შემავსებელი იყოს – 100%–დან შეიძლება 20%–მა მიმართოს ამ გზას, ხოლო დანარჩენი 80%, მგონია, რომ დაგვრჩება თამაშგარე,” – ამბობს ნაცვლიშვილი, რომლის მოსაზრების ნაწილსაც კანონპროექტის ავტორი დაეთანხმა, ხოლო ნაწილზე განაცხადა, რომ დეპუტატი ცდება.

ალექსანდრე სახელაშვილის თქმით, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს რაღაცაზე დამოკიდებული,  ამის მაგალითად კი ნარკოდამოკიდებულება მოჰყავს:

“ნარკოდამოკიდებული პირები აცნობიერებენ, რომ ეს არის მათთვის პრობლემა და აქვთ მცდელობები მისგან თავის დაღწევის. სახელმწიფო ხარჯავს ფულს და ცდილობს ამ ადამიანების რესოციალიზაციას გარკვეული პროგრამებით და ა.შ. მე გეტყვით თქვენ, რომ ლუდომანიაც არანაკლები დამოკიდებულებაა და უფრო მეტიც – უფრო დეპრესიული ფორმები აქვს. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანიც აცნობიერებს, რომ მას აქვს პრობლემა და აქვს მცდელობები ამისგან თავის დაღწევის, რის გამოც საჭიროა ამ კანონის მიღება. როგორ შეიძლება არ გადადგას პირველი ნაბიჯი კაზინოსკენ ადამიანმა, ამ საკანონმდებლო წინადადებით ვერ ვუპასუხებთ, თუმცა მოვაგვარებთ სხვა პრობლემას: ადამიანს თუ აქვს სურვილი, რომ ამ სენისგან გათავისუფლდეს, ამ ეტაპზე ეს არის ის საშუალება, რომელიც გვჭირდება. თუ სხვას ექნება უკეთესი იდეა, სიამოვნებით დავუჭერ მხარს. ჩვენი სურვილია, ამ ადამიანებს დავეხმაროთ ისე, რომ სახელმწიფომაც არ იზარალოს – ბიზნესი დარჩეს ბიზნესად, იფუნქციონიროს სათამაშო დაწესებულებებმა, მაგრამ ადექციურად დამოკიდებულ ადამიანებს, ვისაც უნდა თავის დაღწევა, მივცეთ ეს შესაძლებლობა. 20%–ს დავეხმარებით თუ 1000%-ს, ძალიან კარგი იქნება, თუ ამას შევძლებთ.”

კომიტეტზე ასევე განაცხადეს, რომ ეს კანონპროექტი ვერაფერს მოუხერხებს ონლაინ–თამაშებსა და ონლაინ–კაზინოებს, რასაც კანონპრეოქტის ავტორი პასუხობს, ტექნოლოგიები იძლევა ამ საკითხზეც მაღალი სტანდარტების დაწესების საშუალებასაც.

“ინტერნეტთამაშებზე და ტოტალიზატორებზე ცალკე საუბრის თემაა იმიტომ, რომ ყველაზე ხშირი დარღვევა არასრულწლოვნების მხრიდან არის ონლაინთამაშებში. ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ონლაინთამაშებზეც მოხდეს მაღალი სტანდარტების დაწესება. არ მინდა, რომ ამას რეგულაციები დავარქვა – უბრალოდ, ჩვენ ვაწესებთ მაღალ სტანდარტებს. ამ საკანონმდებლო წინადადებით გვარდება არასრულწლოვნების ტოტალიზატორებსა და კაზინოებში შეშვების პრობლემაც. უშუალოდ სათამაშო დაწესებულება იქნება დაინტერესებული, რომ არ შეეპაროს ადამიანი, რომელსაც ექნება თვითაკრძალვა გამოყენებული. თან ეს არის ვადიანი და არა სამუდამო აკრძალვა. ჩვენ მაქსიმალურად დავიცავით ყველა სტანდარტი: ადამიანის უფლებების იქნება ეს, თუ ქვეყნის ეროვნული ინტერესები – მესმის, რომ ამ ბიზნესიდან ქვეყნის ბიუჯეტში დიდი შემოსავალი შედის,” – ამბობს სახელაშვილი.

როგორც სახელაშვილი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო წინადადებას საბოლოოდ მაინც გაიზიარებენ, სათამაშო ბიზნესიც უფრო მეტად მოტივირებული გახდება, რომ მეტი ადამიანი ჩამოიყვანოს უცხოეთიდან: “მოაწყოს საერთაშორისო სათამაშო ტურნირები და ა.შ. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში თითქმის ყველგან აკრძალულია აზარტული თამაშები და ბევრი ადამიანი აქ ჩამოდის. აქცენტირება გაკეთდება ამაზე.”

ალექსანდრე სახელაშვილის თქმით, ასევე არსებობს  სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც სათამაშო დაწესებულებების ვიზიტორთა 70% არის ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა შემოსავალის 80%–მდე სწორედ ტურისტებზე მოდის იმიტომ, რომ ისინი გაცილებით მეტ თანხებს ხარჯავენ. სახელაშვილის თქმით, თუ ვინმეს უკეთესი იდეა ექნება, სიამოვნებით დაუჭერს მხარს, თუმცა ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე მათი საკანონმდებლო წინადადება არის ოპტიმალური და უნიკალური. კანონპროექტის ავტორი დარწმუნებულია, რომ ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მაგალითს გაიზიარებენ სხვა ქვეყნებიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.