ახალი ამბები

პრეზიდენტის შვილის კიდევ ერთი მეგობარი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

16 მაისი, 2017 • 3482
პრეზიდენტის შვილის კიდევ ერთი მეგობარი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა ნარკოტიკული დანაშაულისთვისაა დაკავებული. მისი ადვოკატის თქმით, ექსპერტიზამ ნარკოლოგიური თრობა არ დაადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაჭარავა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენა, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღების ბრალდებითაა დაკავებული.

“დაკავებისას ის იმყოფებოდა ბიძასთან და მეგობართან ერთად, შემდეგ გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და კლინიკურად არ დაუდგინდა ნარკოლოგიური თრობის ქვეშ ყოფნა. რა თქმა უნდა, არ აღიარებს და კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ფაქტს”, -ამბობს კახა პაპავა, დაკავებულის ადვოკატი.

თორნიკე კაჭარავა დაკავებისას ბიძასთან, მამუკა ტყეშელაშვილთან ერთად იმყოფებოდა:

“სანდო წყაროებიდან ყოველდღიურად მოგვდიოდა ინფორმაცია, რომ მომდევნო უნდა ყოფილიყო თორნიკე კაჭარავა. თორნიკე მე წავიყვანე საავადმყოფოში, ველოდებოდი ქვემოთ, რა დროსაც მეცნენ, გამაკავეს, ამიხსნენს, რომ ადმინისტრაციულად მაპატიმრებდნენ და თორნიკე “მოიპარეს”- ამბობს მამუკა ტყეშელაშვილი.

თორნიკე კაჭარავას შესაძლო დაკავების შესახებ ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, როდესაც 19 მარტს, ასევე ნარკოტიკული დანაშაულისთვის ანა მარგველაშვილის კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი დააკავეს..

“ეშინოდა და მოსდიოდა ხმები, რომ აპირებდნენ მისთვის ასეთი რამის გაკეთებას. უფრო ეგონა, რომ იარაღს ჩაუდებდნენ, მაგრამ 18 აბ სუბუტექსზე… იმდენად არანაირი შეხება არ ჰქონია არასდროს ამ ადამიანს, არ ყოფილა ამაზე არც გაჩერებული, არც დაჯარიმებული, ვერც წარმოვიდგენდით ასეთ რაღაცას. ჩემი ინფორმაციით, აპირებენ, იგივე გაუკეთონ ჩემს მეგობარ თორნიკე კაჭარავას, რომელსაც ასევე მოსდის ხმები და ეშინია სახლიდან გამოსვლა. [დაკავებას] ჩვენ ვუკავშირებთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, რომელმაც გააკეთა ისეთი განცხადება, რომ რეპრესიები არის მის ოჯახზე. წინაზეც იგივენაირდ მოხდა გაჩხრეკა და რეპრესიები და შევარდნები სახლში”, – განუცახდა ანა მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-ს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაჭარავას ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. ეს მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი