ახალი ამბები

პრეზიდენტის შვილის თქმით, მის მეგობარს ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდეს

19 მარტი, 2017 • 2756
პრეზიდენტის შვილის თქმით, მის მეგობარს ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდეს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შვილი ანა მარგველაშვილი აცხადებს, რომ მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი პრეზიდენტის ოჯახის  მიმართ რეპრესიებს ემსხვერპლა და ამის გამო ჩაუდეს მას ნარკოტიკული საშუალებები.

“ეშინოდა და მოსდიოდა ხმები, რომ აპირებდნენ მისთვის ასეთი რამის გაკეთებას. უფრო ეგონა, რომ იარაღს ჩაუდებდნენ, მაგრამ 18 აბი სუბუტექსზე… იმდენად არანაირი შეხება არ ჰქონია არასდროს ამ ადამიანს, არ ყოფილა ამაზე არც გაჩერებული, არც დაჯარიმებული, იმიტომ რომ ვერც წარმოვიდგენდით, ასეთ რაღაცას. ჩემი ინფორმაციით, აპირებენ იგივე გაუკეთონ ჩემს მეგობარ თორნიკე კაჭარავას, რომელსაც ასევე მოსდის ხმები და ეშინია სახლიდან გამოსვლა. [დაკავებას] ჩვენ ვუკავშირებთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, რომელმაც გააკეთა ისეთი განცხადება, რომ რეპრესიები არის მის ოჯახზე. წინაზეც იგივენაირდ მოხდა გაჩხრეკა და რეპრესიები და შევარდნები სახლში”, – განუცახდა ანა მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-ს.

აღნიშნული განცხადება მარგველაშვილმა დაბა სურამში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ყოფნის დროს გააკეთა. სწორედ ამ რესტორანში დააკავეს მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი მეგობრებთან ერთად, ამბობს დაცვის მხარე.

მიხეილ თათრიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა აღკვეთის სახით პატიმრობა, რომელიც თათრიშვილის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ სააპელაციო სასამართლოში უნდა გაასაჩივროს.

“საჯარო ინეტერესი არის იმისი, რომ ასე უკანონდ არავის უდებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ასე უკანონოდ არ უშვებდნენ ციხეში, როდესაც არის მთელი რიგი მტკიცებულებებისა, რომელიც ამ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს, მოსამართლემ აბსოლუტურად არ იმსჯელა არც ერთზე იგივე მოწმეთა ჩვენები, რომლებიც ა,მ დაკავების ფაქტს ესწრებოდნენ, ამონაწერი “ჯეოსელიდან”, რომელიც ადასტურებს, რომ ეს მოწმეები ნამდვილად იქ იმყოფებოდნენ. დაბა სურამში თათარიშილის დაკავების დროს. ამ არგუმენტებს თუ არ მიიღებს და არ გაითვალისწინებს სასამართლო, მაშინ შეუძლებელი გახდება უკვე იმ ადამიანებმა თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს მარიკა ფხალაძემ.

“შემოვიდა 4-5 პიროვნება, მოსვლისთანავე ბიჭებს მოჰკიდეს ხელი და მკაცრად გაიყვანეს გარეთ, არც საბუთი უჩვენებიათ, თუ ვინ იყვნენ ეს პიროვნებები. გარეთ რომ გავიდნენ ხმაური მოჰყვა ამ ყველაფერს. გავიხედეთ ინტერესის გამო რა ხდებოდა გარეთ. იყო სამი მანქანა”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს თვითმხილველმა ხათუნა ლაბაძემ.

“ნეტგაზეთი ვერ დაუკავშირდა საქართველოს მთავარ პროკურატურას.

საქართელოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის 25 ივლისს განაცხადა, სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას.“დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია, რეალურად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის გასაოცარი, რაც ბატონმა პაპუაშვილმა მითხრა. ჩემი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ მის სახლში სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა იმ იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მაშინ.

მასალების გადაბეჭდვის წესი