ახალი ამბები

აუდიტორია 115: ეს არის ბიზნესელიტებზე და პოლიტიკურ ელიტებზე მორგებული კონსტიტუცია

15 მაისი, 2017 • 4871
აუდიტორია 115: ეს არის ბიზნესელიტებზე და პოლიტიკურ ელიტებზე მორგებული კონსტიტუცია

თბილისში, ფილარმონიის დიდ სკონცერტო დაბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვა ჩაიშალა. დარბაზში შეკრებილებმა კომისიას განხილვის დაწყების საშუალება არ მისცეს. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იყვნენ აუდიტორია 115-ის წევრებიც. სტუდენტები განხილვაზე მუშების ჩაფხუტებით მივიდნენ და ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნა მოითხოვეს:

“4 მეშახტე დაიღუპა რამდენიმე დღის წინ ქალაქ ტყიბულში. მთელი ქალაქი გლოვობს და სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ ფასადურ სოლიდარობას ამჟღავნებს. კერძო მესაკუთრემ მოკლა ადამიანები, მაგრამ სახელმწიფო ისევ დუმს. სახელმწიფო, რომელიც ბიზნესის მარიონეტადაა ქცეული. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ მრავალი წელია ვხედავთ. ეს არ არის ახალი, თუმცა ეს არის ძველის გაგრძელება. ჩვენ ვხედავთ სცენაზე ადამიანებს, რომლებიც გველაპარაკებიან ფასადური სოლიდარობის ენით. ერთი წლის წინ მე მახსოვს ვინმე გახარია, ახლა უკვე მინისტთა კაბინეტის წარმომადგენელი, რომელიც მეშახტეებს ჰპირდებოდა მრავალ სიკეთეს, მაგრამ სწორედ უსაფრთხო შრომითი პირობების არუზრუნველყოფის გამო დღეს ჩვენ ვხედავთ 4 მეშახტეს სამარეში. აი, ეს არის ტყიბულის რეალობა” – თქვა აუდიტორია 115-ის წევრმა გიორგი სოფრომაძემ.

თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ჩაიშალა 15.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

სოფრომაძემ სიტყვით გამოსვლისას სხვა საკითხებზეც ისაუბრა:

“წინა წლებში და წელს მშრომელები იღუპებიან სხვადასხვა დასაქმების ადგილას. გარემოვაჭრეებს, რომლებსაც უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ, თქვენ ქუჩებიდან ყრით. თქვენ არ ებრძვით პრობლემების მოზეზს. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, სპეცრაზმი როგორ უპირისპირდება მთაში ადამიანებს. როგორ ყრით მათი წინაპრების საფლავებს და რისთვის? გვარწმუნებენ, რომ ეს ქართულ ენერგოპოლიტიკას წინ წაწევს. ზუსტად ასეთი საუბარი მახსოვს მე ხუდონჰესზე. დღეს ჩვენ რას ვაწყდებით?! ვაწყდებით მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესელიტებზე და პოლიტიკურელიტებზე მორგებულ კონსტიტუციას და ეს კონსტიტუცია არ არის სახალხო” – თქვა სოფრომაძემ.

თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ჩაიშალა 15.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ ქეთი მაჭავარიანი

თავდაპირველად თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატი შეიცვალა, რადგან დარბაზში შეკრებილები კომისიას განხილვის დაწყების საშუალებას არ აძლევდნენ. შემდეგ კობახიძემ მათ სიტყვით გამოსვლის უფლება მისცა, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს დარბაზში სიტუაციის მართვა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დარბაზში დაპირისპირების გამო კონსტიტუციის პროექტის განხილვა თბილისში ჩაშლილად გამოაცხადა.

განხილვაზე სტუდენტების ჯგუფმა მუშების ჩაფხუტები მიიტანეს და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს. “4 მეშახტე” – სკანდირებდნენ ისინი. კობახიძემ დემონსტრანტებს მიმართა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არასოდეს არ იქნება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზი დატოვა. აქტივისტები, რომლებიც შრომის ეფექტური ინსპექციის შექმნას ითხოვენ, გია ვოლსკისგან მოითხოვდნენ, ბოდიში მოეხადა პალამენტის თავმჯდომარის სიტყვებისთვის, რომელმაც აქტივისტებს კომუნისტები უწოდა. ვოლსკის მათთან არ უსაუბრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი