ახალი ამბები

ლავროვის თქმით, ტრამპთან სანქციებზე და აშშ–ის არჩევნებში რუსეთის ჩართულობაზე არ უსაუბრია

10 მაისი, 2017 • 2049
ლავროვის თქმით, ტრამპთან სანქციებზე და აშშ–ის არჩევნებში რუსეთის ჩართულობაზე არ უსაუბრია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს, 10 მაისს დახურულ კარს მიღმა აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

ABCNEWS თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპმა  რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი გამოთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ურთიერთთანამშრომლობა სირიაში კონფლიქტის დასასრულებლად.

სერგეი ლავროვის თქმით, ტრამპთან საუბარი შეეხებოდა სირიის კონფლიქტს, პალესტინა–ისრაელის საკითხს, ვითარებას ავღანეთში, უკრაინასთან დაკავშირებით მინსკის შეთანხმების პირობების დაცვას.

“რია ნოვოსტის” ცნობით, ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ–ში შეხვედრების შემდეგ დარწმუნდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში “საქმიანი ხალხია”, რომლებსაც კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად მოლაპარაკებების წარმოება სურთ.

“მოკლედ რომ ვთქვათ, ახლა ჩვენი დიალოგი იდეოლოგიისგან თავისუფალია, რაც  ობამას ადმინისტრაციისთვის იყო დამახასიათებელი,” – განაცხადა ლავროვმა.

CNN–ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ–ის არჩევნებში რუსეთის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია “აბსურდი” და “სიცრუეა”.

“ეს როგორ შეიძლება სუპერსახელმწიფოსთვის?” – თქვა მან და დაამატა, რომ აშშ–ისთვის “შეურაცხმყოფელია” ამ ჭორების სარწმუნოდ მიჩნევა. მისი თქმით, დღეს, ტრამპთან შეხვედრის დროს ეს საკითხი არ განხილულა. ასევე, არ ულაპარაკიათ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი