იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი მოსამართლეების კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი ხვალ, 11 მაისს, გასამართ მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა.

ვახტანგ მჭედლიშვილი იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ დანიშნული წევრია. იგი მონაწილეობას არ იღებს კენჭისყრაში, რადგან მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა ჩაატაროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უნდა დაელოდონ პარლამენტის მიერ კანონის შეცვლას:

“2017 წლის 31 მარტის სხდომაზე წარმოვადგინე ჩემი მოსაზრებები კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებიდან. აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა იმ კანდიდატებთან მიმართებით, რომლებსაც აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. საბჭოს შევთავაზე, რომ პროცესის მიმართ ბუნდოვანებისა და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე კენჭისყრა ჩატარებულიყო მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მიიღებდა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ალტერნატიულ ვერსიას, რომლის ვადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრა მიმდინარე წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული წინადადება საბჭოს უმრავლესობის მიერ არ იქნა გაზიარებული.

მიუხედავად ამისა, მე მონაწილეობა მივიღე მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ყველა პროცედურაში, რადგან არ გამოვრიცხავდი კენჭისყრის პროცედურამდე საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი რეგულაციების შემუშავებასა და დამტკიცებას.

პატივს ვცემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული ჩემი ინიციატივის სამართლებრივ სისწორესა და მართებულობაში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, არ მივიღო მონაწილეობა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრაში საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი რეგულაციების შემუშავებამდე.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს იუტიციის უმაღლესი საბჭო ჩემს გადაწყვეტილებას არ შეაფასებს, როგორც პროტესტს, რადგან ის დაკავშირებულია მხოლოდ ჩემს ზემოაღნიშნულ ინიციატივასთან,”- აცხადებს ვახტანგ მჭედლიშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი