Interviewsახალი ამბები

კერძო და საჯარო სკოლების განსხვავებული შედეგების მიზეზები – ინტერვიუ სიმონ ჯანაშიასთან

8 მაისი, 2017 • 14713
კერძო და საჯარო სკოლების განსხვავებული შედეგების მიზეზები – ინტერვიუ სიმონ ჯანაშიასთან

სოფლის სკოლის მოსწავლეების შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს; საჯარო სკოლის შედეგები ჩამორჩება კერძო სკოლის მოსწავლეების შედეგებს; ამას გარდა, საქართველოში სკოლის მოსწავლეები უკვე წლებია ვერ ახერხებენ, საერთაშორისო კვლევების საშუალო მაჩვენებელს მიუახლოვდნენ – ეს არის ის მიგნებები, რომლებიც PISA-ს კვლევამ გამოავლინა და რომლის შესახებაც განათლების მინისტრმა გასულ კვირაში პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული პრობლემების მიზეზების შესახებ “ნეტგაზეთი” განათლების საკითხების მკვლევარს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა:

რით შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, რომ ქალაქის სკოლის მოსწავლეებს უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე სოფლის სკოლის მოსწავლეებს?

პრინციპში, ახსნა რამდენიმე აქვს, რატომ განსხვავდება სოფლისა და ქალაქის სკოლის მაჩვენებლები. აქ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც განაპირობებს წარმატებას. ერთია თავად სკოლის ეფექტი და მეორე – სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობები. მაგალითად, სკოლაში რომ თანაბარი რესურსებიც იყოს, ერთი და იმავე კვალიფიკაციის მასწავლებლებიც, ერთნაირი სახელმძღვანელოები და პროგრამაც, მიუხედავად ამისა, მოსწავლეების მოტივაცია, მათი დამოკიდებულება სწავლისადმი, ის რესურსები, რაც სახლშია და რასაც ისინი არდადეგების დროს აკეთებენ, მაინც მნიშვნელოვან განსხვავებას გვაჩვენებს მათ შედეგებში. ეს ასევე კავშირშია მშობლების განათლებასთან, აქვთ თუ არა მათ უმაღლესი განათლება, არიან თუ არა მშობლები განათლებაზე ორიენტირებული და განაწყობენ თუ არა თავიანთ შვილებს…

სკოლის თვალსაზრისით ერთნაირი მოცემულობაა სოფელში და ქალაქში მცხოვრები ბავშვებისთვის? ერთნაირი რესურსები ეძლევათ მათ?

ორივე ფაქტორი მოქმედებს ერთდროულად. შეგვიძლია ვნახოთ მონაცემები,  სად უფრო მეტ დროს ხარჯავენ მასწავლებლები მოსწავლეების სწავლებაზე, სოფელში თუ ქალაქში. ქალაქში, მაგალითად, ბავშვები ნაკლებად არიან ჩართული შრომაში, რადგან სოფელში უფრო მეტად გადიან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე, ან ქალაქში მეტია რესურსები, რომ დამატებითი სასწავლო მასალები შეიძინონ. განსხვავება, ცხადია, საგანმანათლებლო რესურსებში სკოლებს  შორის არის, თუმცა სოფლის სკოლებში არის გარკვეული უპირატესობები, რომელსაც, ეტყობა, ვერ იყენებენ. მაგალითად, მცირერიცხოვანი კლასები. სოფლის სკოლაში გაცილებით ნაკლები ბავშვი ზის გაკვეთილზე, ვიდრე თბილისში, ბათუმში ქუთაისში ან თელავში. სოფლის სკოლების დიდ ნაწილში 100 ბავშვი ან მასზე ნაკლებია მთელ სკოლაში.

ინდივიდუალურად მუშაობის მეტი რესურსი არსებობს, ხომ?

ცხადია, მასწავლებელს შეუძლია, მეტი დრო დახარჯოს თითოეულ მოსწავლეზე, მაგრამ მოსწავლეები სხვა რამით ახდენენ ქალაქებში კომპენსირებას. მაგალითად, კერძო რეპეტიტორებით ადრეული ასაკიდანვე, რომელიც უფრო გავრცელებულია ქალაქებში, ვიდრე სოფლებში.

განათლების მინისტრმა კვლევის შედეგების პრეზენტაციისას თქვა, რომ სოფელში სკოლა ვერ განვითარდა, ამ მოსაზრებას ეთანხმებით?

არის გარკვეული პრობლემები სოფლებში. ერთია, მაგალითად, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს სოფლის სკოლებს უფრო მეტად, ვიდრე ქალაქის სკოლებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო შედეგების კუთხით, რადგან მოტივაციის კლებას იწვევს. ბავშვებმა იციან, რომ მათი სკოლა გაცილებით უარესია, ვიდრე სხვების სკოლა და წინასწარი განწყობებიც ექმნებათ, რომ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ ისე მარტივად, როგორც სხვები. მეორე საკითხი მასწავლებლების ნაკლებობაა, ამიტომ სკოლას ნაკლები არჩევანი აქვს. ქალაქის სკოლებში მუშაობის მეტი მსურველია, შესაბამისად, დირექტორს მეტი შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს მასწავლებლები. შესაბამისად, ცვლაც უფრო ხშირია მასწავლებლების, ვიდრე სოფლებში. თავად მასწავლებლების ნაკლებობაცაა ზოგიერთ საგნებში, მაგალითად, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ნაკლები მასწავლებლის პოვნა შეუძლიათ. ასევე, უცხო ენაშიც ჭირს მასწავლებლის პოვნა. ეს პრობლემები არის ნამდვილად. ინტერნეტის სიჩქარეც ისეთი არ არის სოფლებში. მასწავლებლებსაც უფრო მეტად უჭირთ ჩართვა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგებზე და კონფერენციებზე იმიტომ, რომ მათთან ახლოს არ ტარდება, ძვირია და სხვა. ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ცხადია, მაგრამ ასე მე არ ვიტყოდი, რომ სკოლები ვერ განვითარდა. განვითარდა, უბრალოდ, სკოლები სხვადასხვაგვარად ვითარდებიან ქალაქებსა და სოფლებში. პრინციპში, ეს კვლევები მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით. ასევე, მნიშვნელოვანია პოლიტიკის დასაგეგმად, რადგან ვხედავთ, რომ ერთიანი მიდგომა ყველა სკოლის მიმართ არც არის გამართლებული. ერთნაირი მიდგომა მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რასაც ახლა აკეთებს სახელმწიფო, გაუმართლებელია.

რაც შეეხება კერძო სკოლების უპირატესობას საჯარო სკოლებთან შედარებით, რა მიზეზებით არსებობს ეს სხვაობა?

შერჩევა აქვს კერძო სკოლებს, რაც არ აქვს საჯარო სკოლებს, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის არჩევს თავის კონტინგენტს, თუ არ უნდა, არ მიიღებს ზოგიერთ მოსწავლეს. როცა უნდა, მაშინ გაუშვებს სკოლიდან, თუ არ მოეწონება მისი ქცევა. მეორე, კერძო სკოლებში უფრო მეტი მოტივაციით მიდიან ბავშვები, ვიდრე საჯარო სკოლაში. საჯარო სკოლაში  მიდის ყველა- ის, ვისაც აქვს მოტივაცია და ისიც, ვინც მიდის მხოლოდ ვალდებულების გამო. კერძო სკოლებში ასევე მიდიან ის მოსწავლეები, ვისაც მშობლებისგან მაღალი მხარდაჭერა აქვთ.  კერძო სკოლაში ძირითადად დადიან საშუალო ფენის შვილები, რომლებსაც თავად აქვთ კარგი განათლება, უნდათ, რომ მათ შვილებსაც ჰქონდეთ კარგი განათლება. სულ პატარა ასაკიდანვე უნერგავენ, რომ განათლება მათი წინსვლის საფუძველია, როცა, მაგალითად, საჯარო სკოლები გვაქვს, სადაც მოსწავლეების მშობლების დიდი ნაწილი საერთოდ არ არიან საქართველოში. ისინი ყურადღებას ვერ აქცევენ, ან განათლება არ ჰყოფნით, რომ დაეხმარონ საკუთარ შვილებს გაკვეთილების მომზადებაში, ან რესურსები არ ჰყოფნით, რომ მათ უკეთესი პირობები შეუქმნან.

თქვენ თქვით, რომ კერძო სკოლებს შერჩევის შესაძლებლობა აქვს, ეს ისეთი შესაძლებლობაა, რომელიც საჯარო სკოლას ვერასდროს ექნება. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ კერძო სკოლას ყოველთვის უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე საჯარო სკოლას?

არ არის აუცილებელი, რადგან პოლიტიკა გვაქვს ისეთი, რომელიც იძლევა ასეთი შერჩევის შესაძლებლობას. არის ისეთი სისტემები, რომლებიც იძლევა შუალედური სკოლის შესაძლებლობას. დამოუკიდებელი, მაგრამ არა მოგებაზე ორიენტირებული. არა ისეთი სკოლები, რომლებიც მაინცდამაინც შერჩევით არიან დაინტერესებული, მაგალითად, ამერიკის ჩარტერული სკოლები. მათ შერჩევის უფლებაც კი არ აქვთ იმიტომ, რომ სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ და ვალდებული არიან, თანაბარი შესაძლებლობები მისცენ ყველას. იმის უფლებაც კი არ აქვთ, რომ გამოართვან გადასახადი მოსწავლეებს, ფინანსდებიან სახელმწიფოსგან. არის კერძო მფლობელობაში მყოფი სკოლა და არ შეუძლია მოგებაზე იყოს ორიენტირებული. ასეთი სისტემებიც არსებობს. კერძო სკოლა თავისთავად არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომლის უმეტესობაც დღეს არის ჩვენთან. ჩვენთან საჯარო სკოლებიც კი არის, რომლებიც შერჩევას აკეთებენ და იმათ შედეგებშიც ჩანს ეს შერჩევა. მაგალითად, ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, იქაც შერჩევით ხდება მიღება და, ცხადია, უკეთეს შედეგებსაც იღებენ, რაც ჩემი აზრით, საეჭვო მიდგომაა საჯარო სკოლების მხრიდან. მე მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი არ აქვს მათემატიკაში, მაგრამ უნდა, რომ გაძლიერებულად ისწავლოს მათემატიკა, თუ სახელმწიფო აფინანსებს ამ სკოლებს, მას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ გაძლიერებულად ისწავლოს მათემატიკა.

რამდენად განსხვავდება მასწავლებელთა კვალიფიკაცია კერძო და საჯარო სკოლებში?

ჩვენ კონკრეტული კვლევა არ გვაქვს, რომელიც აჩვენებდა, რამდენად განსხვავდება მასწავლებელთა კვალიფიკაცია, მაგრამ შედეგებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, გამოცდილებით და სისტემის მოწყობის პრინციპით, რომელიც სავარაუდოდ უნდა იწვევდეს უკეთესი მასწავლებლების შესვლას კერძო სკოლაში. სისტემის მახასიათებელი, რომელიც ამას ხელს უწყობს, არის ის, რომ კერძო სკოლას უფრო მეტი თავისუფლება აქვს, აარჩიოს მასწავლებელი. უფრო მარტივად უშვებს თავის ორგანიზაციაში მასწავლებელს და ასევე მარტივად უშვებს ცუდ მასწავლებელსაც.

საჯარო სკოლის სისტემა არსებული მასწავლებლების შენარჩუნებაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე ახალი კონტინგენტის შეყვანაზე. ასე რომ, ეს უნდა იწვევდეს განსხვავებებს. მეორე, ცხადია, არის ანაზღაურება. იმის გამო, რომ კვლევა არ გვაქვს, ვერ ვამბობთ, როგორ განსხვავდება კერძო და საჯარო სკოლების ანაზღაურება. თუმცა ბევრი შემთხვევა ვიცი კერძო სკოლებში, როდესაც დაახლოებით იგივე ანაზღაურება აქვთ კერძო სკოლის მასწავლებლებს, რაც საჯარო სკოლის მასწავლებლებს, მაგრამ მასწავლებლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ უკეთესად გრძნობენ თავს კერძო სკოლაში, რადგან მეტი თავისუფლება აქვთ.

კერძო სკოლის წარმატების გასაღები  უფრო მეტ ავტონომიასა და თავისუფლებაშია?

ერთ-ერთი ესაა, როგორც ადმინისტრაციის, ისე მასწავლებლის ადამიანური თავისუფლების თვალსაზრისით. მეორე, ესაა მოსწავლეების მაღალი მოტივაცია და სკოლის შესაძლებლობა, შეარჩიოს ეს მოსწავლეები. [ამას გარდა] ცხადია, ფინანსური რესურსები მეტი აქვთ კერძო სკოლებს. კერძო სკოლებს ხშირად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს გადასახადიდან გამომდინარე. თუ სახელმწიფო წელიწადში 1000 ლარს ხარჯავს ბავშვზე, კერძო სკოლაში თითოეულ ბავშვზე შეიძლება ბევრად მეტი შედიოდეს მთელი წლის განმავლობაში.

პრინციპში, ჩვენთან სხვა პრობლემაა, გათანაბრების პოლიტიკა არაა. მაგალითად, სახელმწიფო ხელს არ უწყობს, რომ სოციალურად დაუცველები შევიდნენ კერძო სკოლებში, ან ხელს არ უწყობს იმას, რომ საჯარო სკოლების იმ ნაწილს მაინც, რომლებსაც შეუძლიათ ავტონომიურად მართვა, ეს ავტონომია მისცენ. ან ხელს არ უწყობენ, რომ ჰქონდეთ კიდევ უფრო ფართო ავტონომია, ვიდრე კერძო სკოლებს აქვთ. კერძო სკოლებსაც ხშირ შემთხვევაში შეზღუდული ავტონომია აქვთ, რადგან მათი მფლობელები სკოლას როგორც ბიზნესს, ისე უყურებენ და ზღუდავენ თავისუფლებას ამ ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე.

რატომ ვერ ახერხებენ ბოლო წლებში ქართველი მოსწავლეები, საერთაშორისო კვლევებში დადგენილ საშუალო ქულას მიუახლოვდნენ?

მე მგონია, რომ ამ მაჩვენებლებზე ორიენტირება არა მხოლოდ უსაგნოა, ასევე საზიანოც არის სისტემისთვის. არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, როდესაც საგანმანათლებლო სისტემები იმდენად დაინტერესდნენ ამ მაჩვენებლის მიღწევით ან რეიტინგში წინ წაწევით, რომ რეალურად ეს გააკეთეს ყოველგვარი საგანმანათლებლო განვითარების გარეშე, სისტემის მანიპულირებით ან სისტემის გაუარესებითაც კი.

როგორ შეიძლება ეს გააკეთო? – მაგალითად, შეზღუდო გარკვეული სკოლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ კვლევებში, ან შეიძლება შენი საგანმანათლებლო მიზნები იმდენად დაავიწროო, რომ ამ კვლევებში რაც ფასდება, მხოლოდ ის გახდეს პრიორიტეტული. ჩვენ რეალურად შინაგან პრიორიტეტებზე უნდა ჩამოვყალიბდეთ და კვლევა უნდა გამოვიყენოთ როგორც ორიენტირი გარკვეული პრობლემების და არა საყოველთაო პრობლემების აღსაწერად. ამის გარდა, საშუალო მაჩვენებელი კიდევ ნორმალური მაჩვენებელია, მაგრამ რეიტინგზე როცაა საუბარი, მერამდენეა საქართველო რეიტინგში, ეს კიდევ უფრო პრობლემური ხდება. რეიტინგის დევნა კიდევ უფრო დიდი უაზრობაა იმიტომ, რომ ვინ მიიღებს მონაწილეობას შემდეგ კვლევაში, ეს არ ვიცით.

თვითონ ეს კვლევა არის პრობლემური, ძალიან პოლიტიკურია, მნიშვნელოვნად განაწყობს ქვეყნებს, რომ საკუთარი მიზნები ერთმანეთს დაუახლოონ, რაც პრობლემურია, რადგან ყველა საზოგადოება თავად უნდა ადგენდეს საგანმანათლებლო მიზნებს. თუ შიდა სამზარეულოში ჩავიხედავთ, როგორ კეთდება პიზას ტესტები, ვნახავთ, რომ არცთუ ისე ფართო ჯგუფია, რომელიც მონაწილეობს მიზნების დადგენაში. სამაგიეროდ, იმას ვნახავთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები   შემდეგ საკმაოდ უხეშად მანიპულირებენ ამ შედეგებით იმისთვის, რომ დაიყოლიონ ქვეყნები გარკვეული პოლიტიკის გატარებაზე, რომელიც სულაც არაა დადასტურებული, რომ სასარგებლო იქნებოდა ამ ქვეყნებისთვის. არსებობს გამოცდილება, რომელიც აჩვენებს, რომ „პიზას“ ან მსგავსი კვლევის შედეგების საფუძველზე ხდება სისტემის გაუარესება და არა გაუმჯობესება. მაგალითად, მიზნების აცდენა, ან იძულება, რომ სასწავლო გეგმები შეცვალონ ისე, რომ მოერგოს ამ კვლევის შედეგების გაუმჯობესებას. მე ძალიან ფრთხილად მოვეკიდებოდი ამას.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იყენებს სახელმწიფო ამ კვლევის შედეგებს, ვთქვათ, რომ არ იყენებს. ყველა მინისტრი კმაყოფილია იმით, რომ მის პირობებში განმეორებითი კვლევა არ ტარდება. ყოველთვის იცვლება მინისტრი და ახალ მინისტრს ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ წინა მინისტრმა ვერ მოახერხა შედეგების გამოსწორება. შესაბამისად, პასუხისმგებლობა არ აქვს არავის. პარტია, რომელიც არის ხელისუფლებაში, ეს კვლევები თუ არ იცვლება, პასუხს არავინ სთხოვს იმიტომ, რომ ეს კვლევის შედეგები არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი. მსჯელობა ამ კვლევის შედეგებზე იშვიათად ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი