წიგნები ემიგრანტებისთვის

ემიგრანტებისთვის გასაგზავნად წიგნის ბანკის შეგროვების კამპანია იწყება

ორშაბათს, 12:00-ზე, პარლამენტის რუსთაველის დარბაზში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია),  საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან ერთად, გამართავს კამპანიას #წიგნებისაქართველოდან, “რომლის მიზანია წიგნის ბანკის შეგროვება, რათა შემდგომ გაეგზავნოს ემიგრანტებს და შეიქმნას წიგნის კუთხე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში”.

ორგანიზატორების განცხადებით, კამპანიას უკვე შეუერთდნენ საზოგადოებრივი მოღვაწეები, მწერლები, სპორტის მოღვაწეები, ბიზნესის წარმომადგენლები და ბევრი სხვა.

“კამპანიის იდეა გაჩნდა საიას მიგრაციის პროექტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად, რა დროსაც ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან (პოლონეთი, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა, იტალია) ემიგრანტებმა გამოთქვეს ბიბლიოთეკის შექმნის/გამდიდრების სურვილი. ამავდროულად, საზღვარგარეთ წიგნის კუთხის შექმნა განიხილება როგორც პირველი ნაბიჯი, საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის საურთიერთობო სივრცისა და მათი მხარდამჭერი კერის შესაქმნელად/გასაძლიერებლად.

8 მაისს, 12:00-ზე, გელოდებით პარლამენტის რუსთაველის დარბაზში თქვენ მიერ შერჩეული წიგნით, რომლის გაგზავნასაც ისურვებდით ემიგრანტებისათვის (სასურველია, თქვენივე მიძღვნით/წარწერით). 12:00-ზე ღონისძიებას დაესწრებიან პარლამენტისა და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები.

ღონისძიება გაიმართება რამდენიმე ტალღად: 8 მაისის შემდგომ, წიგნების შეგროვება გაგრძელდება საქართველოს მასშტაბით: ნებისმიერ მსურველს შეუძლია წიგნები ჩააბაროს საიას ნებისმიერ რეგიონულ ფილიალში, გადაიღოს მასთან ფოტო და ატვირთოს ჰეშთაგით: #წიგნებისაქართველოდან.

ასევე ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, კომპანიას თუ ორგანიზაციას, შემოგვიერთდნენ და ერთად გავუგზავნოთ ემიგრანტებს #წიგნებისაქართველოდან”, – ნათქვამია კამპანიის ორგანიზატორების განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com