ახალი ამბები

პრემიერი არ პასუხობს შეკითხვას, თუ რაზე ესაუბრა მიტროპოლიტ დიმიტრის

5 მაისი, 2017 • 3596
პრემიერი არ პასუხობს შეკითხვას, თუ რაზე ესაუბრა მიტროპოლიტ დიმიტრის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არ უპასუხა ნეტგაზეთის შეკითხვას, თუ რაზე ესაუბრა ის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს ბათუმში. ეს შეკითხვა დღეს “ნეტგაზეთმა” პრემიერს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუსვა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად გაკეთებული განცხადებების შემდეგ.

19 აპრილს, ღამის 11 საათზე, დასრულდა შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აჭარის მთავრობის თამვმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის.

გიორგი კვირიკაშვილმა რეზიდენცია კომენტარის გარეშე დატოვა. იგი და ზურაბ პატარაძე მიტროპოლიტმა რეზიდენციის კარამდე მიაცილა.

რა თემაზე შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და მიტროპოლიტ დიმიტრის შორის? აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პრემიერ-მინისტრი 19 აპრილს აჭარაში იყო და სხვა შეხვედრებთან ერთად ეს შეხვედრაც წინასწარ იყო დაგეგმილი. კონკრეტულად რა იყო შეხვედრის მიზანი, პრესსამსახურში არ დააკონკრეტეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 მაისს, დაიწყო ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხულია თავად მიტროპოლიტი დიმიტრი, მისი სიძე – სოსო ოხანაშვილი, რომელიც პატრიარქის დაცვის უფროსი იყო და დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ გადადგა ამ პოსტიდან, ხოლო რამდენიმე დღის წინ დატოვა საქართველოც და გერმანიაში იმყოფება. დეკანოზ მამალაძეს პატრირქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადებაში ედება ბრალი. დეკანოზი მამალაძე ბათუმის ეპარქიაში მსახურობდა, სადაც დიმიტრი მიტროპოლიტია უმაღლესი მღვდელმსახური. ამას გარდა, ცალკე წარმოებად აქვს პროკურატურას გამოყოფილი საქმე, რომელიც ეხება საპატრიარქოს მაღალი რანგის პირების ჯგუფის მიერ შესაძლო მკვლელობის დაგეგმვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი