ახალი ამბები

პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი II მოსმენით მიიღო

4 მაისი, 2017 • 3999
პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი  II მოსმენით მიიღო

დღეს, 4 მაისს, პარლამენტმა მეორე მოსმენით, 76 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს.

აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგობის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა “თამბაქოს კონტროლის” შესახებ კანონპროექტი დაარედაქტირეს.  პროექტის მიხედვით, მოწევა დასაშვებია სიგარა ბარებსა და სამორინეებში, ამასთან გარკვეული ნორმების ამოქმედება 2 წლით გადავადდა.

კანონპროექტის ახალი რედაქცია

პარლამენტში მეორე მოსმენისთვის წარდგენილი პროექტის მიხედვით,  თამბაქოს მოწევა აკრძალულია:  ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში; საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა;  საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, აგრეთვე, 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები;  სტადიონებზე.

მოწევა დასაშვებია

კანონპროექტით განსაზღვრულია გამონაკლისი შემთხვევები, სადაც მოწევა დაშვებულია. კერძოდ, თამბაქოს მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობაში: ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილას (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის); თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზირებულ ლაბორატორიულ დანადგარებში; პენიტენციურ დაწესებულებაში; „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში;  სამორინეში;  აეროპორტის სატრანზიტო ზონაში (აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელიც არ უნდა იყოს 6 კვადრატულ მეტრზე მეტი, ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, თამბაქოს კვამლი არ უნდა ხვდებოდეს სხვა სივრცეში და ამ ოთახში არ უნდა ხდებოდეს საკვების და სასმელის შეტანა და მოხმარება. ამასთანავე, ერთ აეროპორტში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი სპეციალური მოსაწევი ოთახი. სპეციალური მოსაწევი ოთახისათვის დამატებითი მოთხოვნები შესაძლებელია დადგენილ იქნეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით).

წინასწარი დაკავების იზოლატორში;  სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა შესაძლებელია ამ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი ქმედუუნარო ან მძიმე ავადმყოფი პაციენტისათვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც დაწესებულების სხვა ნაწილისგან/ტერიტორიისგან სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული, ჰქონდეს  ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასეთი პაციენტისთვის, დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, თამბაქოს მოწევა შესაძლებელია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისაგან. პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.

სიგარაბარის მოწყობის ნებართვა და სანებართვო პირობები

სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას, გაუქმებას, მასში ცვლილების შეტანას, უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ კანონის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

სიგარაბარის მოწყობის ნებართვა გაიცემა 4 წლის ვადით. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა.  აკრძალულია საგარაბარში მომხმარებლისათვის სხვა რაიმე სახის პროდუქტის შეთავაზება ჩუქების, გაყიდვის ან გასინჯვის მიზნით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სიგარისა და სასმელისა. აკრძალულია სიგარაბარში არასრულწლოვნის დაშვება.  სიგარაბარის მესაკუთრე ვალდებულია, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საკონტაქტო ინფორმაცია.  სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა ნებართვის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარსადგენ განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

შესაბამისი დაწესებულების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;  შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სიგარაბარი განლაგებული იქნება იზოლირებულ შენობაში ან შენობის იზოლირებულ ნაწილში, ექნება ცალკე შესასვლელი, შენობის სხვა ნაწილებთან დაკავშირებული იქნება ყრუ კედლით, ექნება ვენტილაცია და სიგარის კვამლი ვერ მოხვდება სხვა შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის სხვა ნაწილში;  ვენტილაციის სისტემის გამართული მუშაობის შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი;  ელექტრო დამატენიანებელი აპარატის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ინფორმაცია დაწესებულების თანამშრომლების (დასაქმებულების) თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის და მოხმარების წესებთან დაკავშირებული წესების სწავლების შესახებ.

სიგარაბარის ნებართვის მფლობელი ნებართვის მიღებიდან 1 წლის შემდგომ და ყოველ მომდევნო წელს ვალდებულია, სიგარაბარის ნებართვის გამცემს ყოველწლიურად წარუდგინოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაბამისი წლის მიხედვით მისი წლიური ბრუნვის მინიმუმ 15%-ს შეადგენდა სიგარის რეალიზაციიდან მიღებული თანხა.

რეკლამის აკრძალვა

პროექტის მიხედვით, აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, თუ ეს არ არის ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრა.

დაწესებულება (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო), ვალდებულია:  უზრუნველყოს იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ამ კანონით დადგენილი მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა; მოწევა არ დაუშვას კანონით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმის განთავსება;  შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა- ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები;

მეწარმე ასევე ვალდებულიაკანონით  განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები, თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ შესაბამისი წარწერა და ნიშანი, აგრეთვე იმ პირის/დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია და ტელეფონის ნომერი, ვისთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში; არ დაუშვას, ხოლო შესაბამისი ფაქტის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს თამბაქოს მოხმარება  იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა;

კანონის ამოქმედების ვადა

პროექტის თანახმად,  2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა.  2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში. დაუშვებელია სასტუმროს მოსაწევ და არამოსაწევ ნომრებში თამბაქოს მოწევის რეჟიმის ცვლილება. მოსაწევი ოთახების ნომრები უნდა გამოიყოს სასტუმროს ადმინისტრაციის სპეციალური ბრძანებით, რომელიც უნდა განთავსდეს სასტუმროს თვალსაჩინო ადგილზე.

2021 წლიდან ძალაში შევა ცვლილება, რომლის მიხედვით, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ის ხილვადია ობიექტის შიგნიდან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელისა, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზეც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩართულ პირთა ნაწარმის სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა).

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, საშეღავათო პერიოდი 2018 წლის 1 იანვრით იყო განსაზღვრული, ახალი რედაქციით კი ეს დრო 2 წლით გადავადდა.

_____________________________________________________

ამავე თემაზე: მოწევის აკრძალვის შესახებ კანონის აღსრულების პრობლემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი