ახალი ამბები

მოწევის აკრძალვის შესახებ კანონის აღსრულების პრობლემა

21 აპრილი, 2017 • 4426
მოწევის აკრძალვის შესახებ კანონის აღსრულების პრობლემა

მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება საკუთარი სახლის გარდა, ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში აიკრძალება. ვინ აღასრულებს კანონს და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მისი აღსრულების პროცესმა?

ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ, მაგალითად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან მოქმედმა ხელისუფლებამ 4000-ზე მეტი დასახელების წამლის ურეცეპტოდ გაყიდვა აკრძალა, თუმცა მოგვიანებით შექმნილი პრობლემების გამო ერთ თვეში რამდენიმე ასეული დასახელების წამალი ისევ ურეცეპტოდ გასაყიდი მედიკამენტების სიაში დააბრუნა. ამის მიუხედავად, არაერთი აფთიაქი გამოვლინდა, რომელიც რეცეპტით გასაცემ წამლებს ურეცეპტოდ ყიდის. აფთიაქების ნაწილი ამ წესს დღემდე არ იცავს, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო ყველა შემთხვევის გამოვლენას და მათზე რეაგირებას დღემდე ვერ ახერხებს.

თამბაქოსთან დაკავშირებით დღეს მოქმედი კანონით, ადმინისტრაციულ დაწესებულებებში სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა, მოწევა აკრძალულია, მაგრამ კანონი არ სრულდება. ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში რამდენიმე ასეთი ადგილია, თუმცა დეპუტატები სხდომათა დარბაზთან ახლოს თავად ქმნიან ახალ სივრცეებს, ხოლო თუ მოწევის პროცესს გადაიღებ, უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

დეპუტატები ეწევიან თამბაქოს

ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ შენობაში მოწევენ?

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი დაწესებულების ხელმძღვანელია და მან უნდა მიუთითოს კლიენტს, რომ თამბაქო არ მოიხმაროს.

“თუ კლიენტი მას არ დაემორჩილება, პოლიციას გამოიძახებს და დაწესებულების მფლობელი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. ხოლო თუ პოლიციას არ გამოიძახებს, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა და 500 ლარით დაჯარიმდება,” – ამბობს აკაკი ზოიძე.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, გუგული მაღრაძე კი განმარტავს, რომ თუ პარლამენტში ვინმე თამბაქოს მოიხმარს, პასუხისმგებლობა პარლამენტის ადმინისტრაციის უფროსს დაეკისრება.

კანონის ფურცელზე დარჩენის საფრთხე

დეპუტატები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, არ გამორიცხავენ, რომ კანონს აღსრულების პრობლემა შეექმნას. ოპოზიციის წევრების განცხადებით, ხელისუფლებამ არაერთი მკვდრადშობილი კანონი მიიღო. საფრთხეებს ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც და საჭიროდ მიიჩნევენ, აღსრულების ნაწილი დეტალურად გაიწეროს.

“ამ კანონპროექტის სულისკვეთებას მხარს ვუჭერ, ეს იქნება პოზიტიური კანონი, მაგრამ ერთადერთი კითხვა მიჩნდება, როგორ უნდა მოხდეს ამ კანონის აღსრულება,” – ამბობს ვანო ზარდიაშვილი, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატი.

კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მაღალი მოლოდინი არ აქვს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას. თინა ბოკუჩავას თქმით, ბევრი რეგულაცია არსებობს, რომელიც ფურცელზე შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ აღსრულება არ ხდება.

“ზოგადად, ამ ხელისუფლებას აღსრულების ნაწილთან პრობლემები აქვს. საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ განვითარებული შეიძლება იყოს, მაგრამ როცა აღსრულება არ ხდება, კანონი ფურცელზე რჩება და შემაკავებელ ეფექტს ვერ ასრულებს“.

ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის აზრით, როცა ხელისუფლება სუსტია, როცა კანონდარღვევის გამო დამნაშავე არ ისჯება, როცა ხელისუფლებაში კანონისადმი პატივისცემა და დისციპლინა არ არსებობს, ნებისმიერ კანონს შეექმნება აღსრულების პრობლემა:

“თუ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება ექნება, ეს კანონი აღსრულებადია,
ყველაფერი შესაძლებელია, თუ არა – მაშინ, შესაძლოა, მართლაც ერთ-ერთი მკვდრადშობილი კანონი მივიღოთ, რაც ძალიან ცუდი იქნება, რადგან მრავალ ქვეყანაში მოქმედებს ასეთი კანონი, თუმცა გარკვეული ცვლილებები შესატანია მასში,” – ამბობს გოცირიძე.

მოწევის ამკრძალავი ნიშანი პარლამენტის სხდომათა დარბაზთან

მოწევის ამკრძალავი ნიშანი პარლამენტის სხდომათა დარბაზთან

გუგული მაღრაძის განცხადებით, ასეთი ნება არსებობს:

“თუ პოლიტიკური ნება არ არსებობს, ყველა კანონს შეიძლება შეექმნას აღსრულების პრობლემა. პოლიტიკური ნება აღმასრულებელ ხელისუფლებასაც აქვს და საკანონმდებლოსაც.”

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ
ყველა ისეთი კანონი, რომლის აღსრულება ძალიან რთულია, ან რომელიც უკვე გამჯდარ, მასობრივ პრაქტიკასთან მოდის წინააღმდეგობაში, შეიცავს კორუფციის ან კანონის იგნორირების და დაცინვის რისკს.

“ორივე რისკი ძალიან საზიანოა ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, კანონის უზენაესობისთვის და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს იმავე თამბაქოსთან მიმართებაში, სახელმწიფო შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეწევიან და კანონი ირღვევა. ამიტომ კანონპროექტის ასეთი ფორმით შემოტანა არის დიდი შეცდომა.”

ინიციატორების კონტრარგუმენტები

კანონპროექტის ინიციატორები არ მიიჩნევენ, რომ ასეთი საფრთხე რეალურია. მათი არგუმენტები ემყარება ლოგიკას, რომ მოსახლეობაში კანონის პატივისცემის განცდა გაიმარჯვებს და კანონით გაწერილი შეზღუდვები ხასიათში გადავა.

“ეს იმ კანონმდებლობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც სოციალურ ნორმებს ცვლის და პრაქტიკულად, თვითაღსრულებადი გახდება. რამდენიმე თვის შემდეგ აღარავის ემახსოვრება, თუ შეიძლებოდა მოწევა დახურულ შენობებში, რესტორნებში და ბარებში. ეს მოხდა ევროპაში და ეს ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მილიარდზე მეტი ადამიანი დღეს ცხოვრობს ამ წესებით და არ მგონია, ქართველები ისეთი გამონაკლისი ვიყოთ, რომ ასეთი კანონის აღსრულება შეუძლებელი გახდეს,” – ამბობს აკაკი ზოიძე.

მისივე თქმით, დღესაც არსებობს რამდენიმე რესტორანი, კაფე და ბარი, სადაც მფლობელის გადაწყვეტილებით აკრძალულია მოწევა და ამის გამო კლიენტებიდან სკანდალს არავინ აწყობს.

ფოტო: CC

ფოტო: CC

იმავე რწმენას ემყარება გუგული მაღრაძეც. მისი თქმით, ეს ისეთი ტიპის კანონია, რომელიც მოქალაქეების თვითგანმტკიცებას უწყობს ხელს:

“სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ კანონის ძალაში შესვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ საჭირო აღარ არის ძალიან ძლიერი კონტროლი, რადგან დაწესებულების მფლობელიც და მოქალაქეც ეჩვევა ახალ წესს. პირველი რამდენიმე თვე ძალიან სერიოზული მუშაობა დაგვჭირდება, შემდეგ ეს კანონი თავის გზას ნახავს. ამის შემდეგ მონიტორინგი მაინც დაგვჭირდება, მაგრამ სირთულეები აღარ გვექნება”.

საპარლამენტო უმცირესობისა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იხსენებს, რომ როცა წინა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ავტომობილში ღვედის გაკეთება სავალდებულო გაეხადა, მოსახლეობის წინააღმდეგობა შეხვდა და უკან დახევა მოუწიათ:

“გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ქალაქგარეთ გასვლისას გამხდარიყო სავალდებულო. თუმცა რამდენიმე წელში ამ პრობლემას მივუბრუნდით და ქალაქშიც სავალდებულო გავხადეთ ღვედის გაკეთება. თუ ადამიანს თავში არ გაუჯდა ნორმა, რომ კონკრეტული ქმედება ცუდია, პოლიცია ვერაფერს გახდება. ამიტომ ჩვენ ისეთი ნაბიჯების გადადგმა უნდა დავიწყოთ, რომელიც ნამდვილად აღსრულებადი იქნება.”

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველა ქვეყანაში, სადაც ეს კანონი შევიდა ძალაში, დასაწყისში რაღაც პრობლემები იყო.

“ცოტა მეტი თვითშეგნება გვჭირდება. თუ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მაშინ საზოგადოებამ უნდა იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე, მხოლოდ სახელმწიფო არ უნდა ზრუნავდეს. სახელმწიფოს ზრუნვის ერთი საშუალება აქვს, ეს არის კანონმდებლობა და როცა სახელმწიფო კანონს იღებს, მასთან ბრძოლა არასწორია.“

ვინ აღასრულებს კანონს?

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, კანონის აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება. თუმცა, შესაძლოა, ეს დათქმა შეიცვალოს, რადგან ხელისუფლებამ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს 17-გვერდიანი შენიშვნები გაუგზავნა.

“ჩვენი მომზადებული პროექტით აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება. მთავრობასთან მიმდინარეობს კონსულტაციები, დეტალები დაზუსტდება და კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე მთავრობა გადაწყვეტს, რომელ უწყებას დაეკისრება აღსრულება,” – განმარტავს გუგული მაღრაძე.

“განხილვა მიმდინარეობს და, იმედია, საპარლამენტო უმრავლესობა ისეთ ცვლილებებს შეიტანს, რომ მისი აღსრულება რეალისტური გახდეს,” – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

კანონის მოქმედების არეალი

ვანო ზარდიაშვილი იმასაც არ გამორიცხავს, რომ ეს კანონი მხოლოდ დიდ ქალაქებში აღსრულდეს, ხოლო დაბებში, რაიონებსა და სოფლებში – არა.

“მაქვს მოლოდინი, რომ ეს კანონი მხოლოდ თბილისში იმუშავებს, ხოლო რეგიონებში ძალიან გაგვიჭირდება. რომელიმე დარბაზში, სადაც ქელეხი ან ქორწილია და კანონი ირღვევა, რთული წარმოსადგენია, ვინ შევა და ვინ დააჯარიმებს.“

გუგული მაღრაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევებში კანონს სხვა მოქალაქეები აღასრულებენ და მწეველებს მოწევის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ:

“ მოსახლეობის უმრავლესობა კანონმორჩილია და ემორჩილება კანონს. ასე რომ, თუ მაღალმთიან სოფელში ქელეხია და სადღაც სეფაში სიგარეტს ეწევიან, აქ ერთმანეთის ინდივიდუალური კონტროლი იქნება. თუ ახლა ვიღაცისთვის მიჭირს თქმა, მაპატიეთ, ნუ ეწევით, ნუ მაწუხებთ, როცა კანონი დამიდგება უკან, უფრო თამამად ვეტყვი, რომ მოწევა არ შეუძლია. ვიღაც დაგემორჩილება, ვიღაც არა, მაგრამ ეს ატმოსფერო გავრცელდება მთელ ქვეყანაში,” -პროგნოზირებს გუგული მაღრაძე.

ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.

ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის, აგრეთვე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარდა.

მოწევა ასევე აიკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაში, საჰაერო ხომალდში, მეტროპოლიტენში, მატარებელში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში, გემზე და სხვა სანაოსნო საშუალებებზე, გარდა ტაქსის და კატერის. წესების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს 5 ლარით დააჯარიმებენ, ხოლო საჰაერო ხომალდში მოწევისთვის – 500 ლარით.

პაკეტის მიხედვით, იკრძალება თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც. კერძოდ, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების ყველა სახის რეკლამა, გარდა ექსკლუზიურად თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის განკუთვნილი ბეჭდური ან ელექტრონული გამოცემისა, რომელიც არაა განკუთვნილი და არ ვრცელდება სხვა პირებზე.

ეს აკრძალვა სახელოვნებო საქმიანობაზეც ვრცელდება. კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეკლამის შემცველი იმ ფილმების ან სხვა შემოქმედებით პროდუქციის მასობრივი ჩვენებისას, რომლებიც დამზადებულია 2017 წლის 1 იანვრამდე, თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეკლამა ან მოხმარების დემონსტრირება სრულად უნდა დაიფაროს, ხოლო ჩვენების დასაწყისში და ბოლოში ნაჩვენები უნდა იყოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სატელევიზიო ან რადიორგოლი, ან ბეჭდვითი მასალისთვის პიქტოგრამა მოწევის მავნებლობის შესახებ.  

კინომცოდნეებისა და სცენარისტების ნაწილის აზრით, ეს ცენზურაა.


წაიკითხეთ მასალები ამავე თემაზე: 

ბიზნესომბუდსმენი თამბაქოს კონტროლის ზოგიერთ ცვლილებას ეწინააღმდეგება

“რესტორნები არ შევლენ კონფლიქტში კლიენტებთან” – მოწევის აკრძალვის აღსრულების პრობლემა

ჩცდ-ში ყველა ქალი ლამაზად ეწევა, ამან გოგოებზე გავლენა იქონია – ინტერვიუ გუგული მაღრაძესთან

მასალების გადაბეჭდვის წესი