ბავშვთა სამყაროს დაზარალებულების აქცია 17.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ბავშვთა სამყაროში ხანძრისგან დაზარალებულები დამატებით კომპენსაციას ითხოვენ

“სავაჭრო სახლ –  ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულები დღეს, 1 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან აქციის გამართვას გეგმავენ. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, საკრებულოს მიერ გამოყოფილი 3 000 ლარი მოვაჭრეებმა სავაჭრო სახლის დაწვის შემდეგ დაგროვილ გადასახადებზე დახარჯეს:

“ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას მაინც ვითხოვთ. 3 000 ლარი ჩაგვირიცხა კეთილი ნებით საკრებულომ, არ გეკუთვნით, მაგრამ ჩვენი კეთილი ნებით გაძლევთო. ეს თანხა აპრილის ბოლოს მოგვცეს, მთელი ეს ორთვენახევარი იმდენი დაგროვდა ჩვენი გადასახადები – ეს თანხა გადასახადებმა წაიღო.

თუ ახლა რაღაც თანხა არ გვექნება, ადგილები კი ავიღეთ, მაგრამ უფასოდ არავინ დაგაყენებს. ადგილის ფულიც გადასახდელი გვაქვს. სადაც მე ვზივარ. თვეში 300 ლარი მომთხოვეს გადასახადი. და თუ არაფერს ჩავდებთ შიგნით, რითი ვიმუშაოთ. ვითხოვთ. მთვრობამ რაღაც ნაწილობრივი კომპენსაცია მაინც მოგვცეს” – ამბობს მანანა გიგაშვილი.

ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი