ახალი ამბები

ხადურის თქმით, ფარული მოსმენის საჭიროება გამოძიებისთვის ხშირად არსებობს

20 დეკემბერი, 2012 • 1458
ხადურის თქმით, ფარული მოსმენის საჭიროება გამოძიებისთვის ხშირად არსებობს
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველა მოსმენა ხორციელდებოდა სასამართლოს ნებართვით და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც ერთი უკანონო მოსმენა არ იქნება. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილებები, გამოქვეყნდა და მხოლოდ ამ მხრივ იქნება, გასაგებია, რომ ასეთი საჭიროება გამოძიებისათვის ხშირად არსებობს”, – აცხადებს ნოდარ ხადური.
 
 
შეგახსენებთ, რომ ხელისუგლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგ გუშინ პირველად გამოქვეყნდა ფარული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. ფარულ მოსმენებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სასამართლოს ნებართვით ახორციელებდა.
 
 
საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე გუშინ, გვიან ღამით აიტვირთა ფარული სატელეფონო საუბრების ოთხი ჩანაწერი. პირველ ჩანაწერში “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ესაუბრება შპს “ელენდეფ სერვისის” დამფუძნებელს გიორგი ნემსიწვერიძეს, მეორე ჩანაწერში “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ესაუბრება „გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენს“-ის დამფუძნებელს კახა დამენიას, მესამე ჩანაწერში ყოფილი ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ესაუბრება კომპანია “თელასის” გენერალურ დირექტორს დევი კანდელაკს, ხოლო მეოთხე ჩანაწერში ვანო მერაბიშვილი – ნიკა გვარამიას.
 
 
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ასევე გამოაქვეყნა ორი დოკუმენტი, რომელიც ეხება იმ ფაქტს, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სასამართლომ მისცა ნემსიწვერიძისა და დამენიას ტელეფონების მოსმენის ნებართვა.
 
 
რატომ არის ხელმიუწვდომელი სხვა პირთა მოსმენის შესახებ ნებართვები, რომელთა სატელეფონო საუბრები საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა? – ამ კითხვაზე საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” ასე უპასუხეს:
 
 
“საგამოძიებო უწყებას ყველაზე აქვს სასამართლო ნებართვა, უბრალოდ, ტექნიკურად ვერ მოესწრო ამის გამოქვეყნება. აბსოლუტურად ყველაზეა ნებართვა. ჩვენ კანონს არ ვარღვევთ. არ არსებობს, რომ კანონი დავარღვიოთ”.
 
 
მერაბიშვილის, გვარამიას, ხეთაგურისა და კანდელაკის სატელეფონო მოსმენებისთვის სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი