ახალი ამბები

ადა მარშანია: აფხაზეთის და ოსეთის საკითხით უნდა იწყებოდეს პარლამენტის ყველა სხდომა

22 მარტი, 2017 • 2319
ადა მარშანია: აფხაზეთის და ოსეთის საკითხით უნდა იწყებოდეს პარლამენტის ყველა სხდომა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის წევრმა, ადა მარშანიამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის ყველა სხდომა ამ თემაზე მსჯელობით უნდა იწყებოდეს.

“სოხუმსა და ცხინვალში მიმდინარეობს პროცესი, რომლის შედეგად ორივე რეგიონი უფრო ინტეგრირდება რუსეთში, ხდება რუსეთის ნაწილი და უფრო და უფრო გვწყდება ჩვენ. გავიაზრეთ და გავითავისეთ ჩვენ თუ არა, რომ აფხაზებსა და ოსებს არ სურთ და არასოდეს დათანხმდებიან, რომ იყვნენ საქართველოს ავტონომიები? ვაცნობიერებთ თუ არა იმას, რომ სოხუმს და ცხინვალს ჩვენთან არც ფედერაციული ურთიერთობა სურთ და არც კონფედერაციული? ვფიქრობთ თუ არა, ამ კუთხით რა ვქნათ?” – განაცხადა ადა მარშანიამ.

მისივე თქმით, საქართველო ამ ტერიტორიებს ომით ვერ დაიბრუნებს:

“ვაცნობიერებთ თუ არა, რომ ომი შეუძლებელია და რომ ომით ვერც სოხუმს დავიბრუნებთ და ვერც ცხინვალს? ე.ი. სხვა გზები უნდა მოვძებნოთ და რატომ არასოდეს არ ვმსჯელობთ ამ გზებზე? ჩემი წარმოდგენით, საერთოდ ამ საკითხით უნდა იწყდებოდეს პარლამენტის ყველა სხდომა. ”

რამდენიმე დღის წინ რუსეთის მთავრობამ რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განცხადება გაავრცელა და ეს გადაწყვეტილება დაგმო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი