საქართველოში საწვავის ბაზარზე რუსეთი დაწინაურდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2017 წლის თებერვალში საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ბენზინის და დიზელის შემოტანა რუსეთიდან განხორციელდა. გასულ წლებში ამ მხრივ ლიდერი ქვეყანა რუმინეთი იყო.

2017 წლის თებერვალში რუსეთიდან საქართველოში 20,8 ათასი ტონა საწვავი (მთელი იმპორტის 28,8%) შემოვიდა, რუმინეთიდან – 19,1 ათასი ტონა (26,5%), ბულგარეთიდან – 13,8 ათასი ტონა (19,1%), აზერბაიჯანიდან- 12,6 ათასი ტონა (17,5%), თურქმენეთიდან – 3,0 ათასი ტონა (4,1%), საბერძნეთიდან – 1,6 ათასი ტონა (2,2%), კვიპროსიდან – 1,3 ათასი ტონა (1,8%).

2016 წელს ეს მონაცემები ასე გამოიყურებოდა: რუმინეთიდან – 375 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 30,5%), აზერბაიჯანიდან – 219,5 ათასი ტონა (17,9%);  რუსეთიდან – 218,8 ათასი (17,8%), ბულგარეთიდან – 162,9 ათასი ტონა (13,2%);  თურქმენეთიდან – 141,5 ათასი ტონა (11,5%), საბერძნეთიდან – 70,3 ათასი ტონა (5,7%); იტალიიდან – 27,5 ათასი ტონა (2,2%), უკრაინიდან -10,8 ათასი ტონა (0,9%), თურქეთიდან – 2,5 ათასი ტონა (0,2%)

2017 წლის თებერვალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 72,2 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით, ანუ 3,3%-ით ნაკლებია გასული წლის თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, 2017 წლის თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,1 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 36,1 ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის თებერვალში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 26,9 ათასი ტონა ანუ 74,5 %;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 9,2 ათასი ტონა ანუ 25,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – თებერვალში არ განხორციელებულა. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 36,1 ათასი ტონა ანუ 100%, L-62 დიზელის საწვავის იმპორტი თებერვლის თვეში არ განხორციელებულა.

2017 წლის თებერვალში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 2,3 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 1,0 ათასი ტონით ანუ 43,5%-ით აღემატება იანვრის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი – 69,6 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი