ახალი ამბები

ზურაბ პატარაძე: ერთ საათში ყველა დაკავებული განთავისუფლდება

12 მარტი, 2017 • 3634
ზურაბ პატარაძე: ერთ საათში ყველა დაკავებული განთავისუფლდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ 1 საათში ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები განთავისუფლდებიან. მისივე თქმით, ამის პირობა შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო.

ზურაბ პატარაძემ აჭარის მოსახლეობას მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ.

“გზაში ვარ, სულ 2-3 საათში ჩამოვფრინდები ბათუმში და შევურეთდები მათ. ამ წუთას, მე ველაპარაკე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ვთხოვე მას, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს განთავისუფლება ჩვენი თანამემემულეების, ბათუმელების, რომლებიც დღეს დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფში იმყოფებიან. მე მივიღე პირობა მისგან, რომ უახლოეს საათებში, მაქსიმუმ 1 საათში მოხდება აბსოლუტურად ყველა ჩვენი თანამემამულის, ბათუმელი ბიჭების განთავისუფლება. მე ვიძლევი ამის გარანტიას, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მინდა გითხრათ, რომ უახლოეს საათებში ჩვენ ჩავატარებთ ბათუმში შესაბამის ღონისძიებებს, თათბირს, შეხვედრას ყველა რგოლთან, როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ჩვენ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში,”- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მისივე განცხადებით, მთავრობა არ დაუშვებს არეულობას და არ აჰყვება პროვოკაციებს.

ინცინდენტი მოხდა 11 მარტს, „ბათუმი – პლაზასთან“, სადაც თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ აფთიაქთან გააჩერა მანქანა, პატრულმა ის დააჯარიმა და მოქალაქემ პატრულის მისამართით შეიგინა, პატრულის თანამშრომლებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „წიხლებით შეტენეს მანქანაში“. 

ინცინდენტიდან მოკლე ხანში „პლაზასთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც გაისმა მოთხოვნები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფროსი გორელია, იგი უნდა გადადგეს და „თათრებს“ ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას. აქციის მონაწილეები დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც.

აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები მიმოიფატნენ, თუმცა მოკლე ხანში აქცია განახლდა და ამჟამადაც გრძელდება.

აქციაზე 6 პირი დაშავდა. ამის შესახებ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა განაცხადა.

ამ სამსახურის ცნობით, დაშავებულთა უმრავლესობას აღენიშნება დაჟეჟილობა და დაზიანება, რაც, სასწრაფო სამედიცინო სადგურის განმარტებით,  გამოწვეულია დაცემით, ქვის მოხვედრითა და შეხლა-შემოხლით . დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან 2 პოლიციელა, მათ თავის არეში ღია ჭრილობა აქვთ, ხოლო მოქალაქეებს აქვთ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი