ფატი ხალვაში: თანხის და შემოსავლების ნაკლებობას არ განვიცდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფატი ხალვაშის თქმით, ფულის ნაკლებობას არ განიცდის და საკუთარ შემოსავალს ისე განკარგავს, როგორც უნდა. ეს განცხადება მან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის კომენტირებისას გააკეთა.

კვლევის თანახმად, 2016 წელს ფატი ხალვაშმა შემოსავლის სახით 57 610 ლარი მიიღო და 40 000 აშშ დოლარიანი იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის 7 920 აშშ დოლარი გადაიხადა. შედეგად, ხალვაშის წმინდა შემოსავალმა 39 632 ლარი შეადგინა. მან სექტემბერში “ქართულ ოცნებას” 20 000 ლარი შესწირა, რაც მისი წმინდა შემოსავლის 50%-ია.

“მანდ საეჭვო და გასაკვირი არაფერია. ვარ “ქართული ოცნების” წევრი, მაქვს შემოსავალი და რამდენიც მინდა და როგორც მინდა, ვწირავ. მითუმეთეს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი და მონაწილეობას ვღებულობდი. მქონდა დანაზოგი და შევწირე,” – ამბობს ხალვაში.

მისივე თქმით, ოჯახში სხვა წევრებიც მუშაობენ და შემოსავალი აქვთ, ხოლო საკუთარ ხელფასს, როგორც უნდა ისე განკარგავს:

“შვილები მუშობენ. განსაკუთრებული ხარჯები არ მაქვს. წინა წლებიდანაც მქონდა დანაზოგი. მე არ განვიცდი თანხის და შემოსავლების ნაკლებობას. მქონდა გარკვეული დანაზოგი, მქონდა სურვილი და შევწირე.”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI)  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხის შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნა. კვლევა 2016 წლის 8 ივნისიდან 16 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში შემოწირულობა სულ 122-მა თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრმა განახორციელა.

რამდენიმე შემომწირველის შემთხვევა კი ორგანიზაციის აზრით, კითხვის ნიშნებს აჩენს. მათ შორის არიან: პარლამენტის წევრები – ზვიად კვაჭანტირაძე, ზაზა პაპუაშვილი,  ფატი ხალვაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დაინტერესდა ჰქონდათ თუ არა ამ პირებს საკმარისი საკუთარი შემოსავალი, რათა შეეწირათ პოლიტიკური პარტიისთვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.