ახალი ამბები

TI: დეპუტატები, რომლებსაც “ოცნებისთვის” შეწირულ თანხებზე ნაკლები შემოსავლები ჰქონდათ

10 მარტი, 2017 • 2801
TI: დეპუტატები, რომლებსაც “ოცნებისთვის” შეწირულ თანხებზე ნაკლები შემოსავლები ჰქონდათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI)  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. კვლევა 2016 წლის 8 ივნისიდან 16 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში შემოწირულობა სულ 122-მა თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრმა განახორციელა.

რამდენიმე შემომწირველის შემთხვევა კი ორგანიზაციის აზრით, კითხვის ნიშნებს აჩენს. მათ შორის არიან: პარლამენტის წევრები – ზვიად კვაჭანტირაძე, ზაზა პაპუაშვილი,  ფატი ხალვაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დაინტერესდა ჰქონდათ თუ არა ამ პირებს საკმარისი საკუთარი შემოსავალი, რათა შეეწირათ პოლიტიკური პარტიისთვის.

 “ზვიად კვაჭანტირაძე  2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს პარლამენტიდან შემოსავალი 66 465 ლარი ჰქონდა, თუმცა იმავე წელს იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის მან ჯამში 21 600 აშშ დოლარი, ხოლო შვილების სწავლისთვის 6 750 ლარი გადაიხადა. შედეგად მივიღებთ, რომ ზვიად კვაჭანტირაძის 2016 წლის დეკლარირებული წმინდა შემოსავალი წარმოადგენს 8 594 ლარს.  მიუხედავად ამისა, კვაჭანტირაძემ მაინც მოახერხა გაეღო 30 000 ლარი „ქართული ოცნების” სასარგებლოდ, რაც მისი წლიური წმინდა შემოსავლების 349%-ს წარმოადგენს. მდგომარეობას არსებითად არ ცვლის დეკლარაციაში მითითებული 12 170 ლარის
ოდენობის დანაზოგი, რომლის გათვალისწინებითაც კი პარლამენტარის შემოსავლები არ იძლეოდა 30 000 ლარიანი შემოწირულების გაღების საშუალებას,” – ვკითხულობთ ანგარიშში.  
ამასთანავე, ორგანიზაციამ გამოკვეთა, რომ კვაჭანტირაძეს გაღებული შემოწირულობა პარლამენტარის დეკლარაციაში არ მიუთითებია, რითაც მან, TI-ის შეფასებით, კანონი დაარღვია.
პარლამენტის კიდევ ერთმა წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა “ქართულ ოცნებას” 45 000 ლარი შესწირა. ანგარიშის მიხედვით, 2016 მისი შემოსავალი 78 885 ლარი იყო, ამასთან, პაპუაშვილმა 36 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის მომსახურებისთვის წლის განმავლობაში 23 984 აშშ დოლარი გადაიხადა. შედეგად, პაპუაშვილის წმინდა შემოსავალი 24 442 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიისთვის გაღებული 45 000 ლარი მისი წლიური წმინდა შემოსავლის 184%-ს წარმოადგენს.
ფატი ხალვაში პარლამენტის კიდევ ერთი წევრია, რომლის შემოწირულობაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საეჭვოდ მიიჩნია.  2016 წელს ხალვაშმა შემოსავლის სახით 57 610 ლარი მიიღო და 40 000 აშშ დოლარიანი იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის 7 920 აშშ დოლარი გადაიხადა. შედეგად, ხალვაშის წმინდა შემოსავალმა 39 632 ლარი შეადგინა. მან სექტემბერში “ქართულ ოცნებას” 20 000 ლარი შესწირა, რაც მისი წმინდა შემოსავლის 50%-ია.
ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” დეპუტატებს დაუკავშირდა. როგორც ფატი ხალვაში ამბობს,ფულის ნაკლებობას არ განიცდის და საკუთარ შემოსავალს ისე განკარგავს, როგორც უნდა:
“შვილები მუშობენ. განსაკუთრებული ხარჯები არ მაქვს. წინა წლებიდანაც მქონდა დანაზოგი. მე არ განვიცდი თანხის და შემოსავლების ნაკლებობას. მქონდა გარკვეული დანაზოგი, მქონდა სურვილი და შევწირე” – ამბობს ხალვაში.
ზაზა პაპუაშვილი კი აცხადებს თუ კანონი დაარღვია, კანონმა აგებინოს პასუხი:“როგორი ჩამორჩენილები ხართ, რა გჭირთ? ეს სართაშორისო გამჭირვალობა. აგვისტოში, თუ როდის იყო…ახლა რა დროს ამაზე ლაპარაკია, ყველა ჟურნალისტი რომ ეხლა მირეკავს. ჩემი შემოსავალი დათვალეს მაგ დროს? ვინ დათვალა? მე თუ კანონი დარღვეული მაქვს, კანონმა მაგებინოს პასუხი. ეს შვიდი წლის წინანდელ იმაზეა. რა დროს ეს თემებია. მე სიცოცხლეს ვწირავდი, რომ ქვეყანაში მდგომარეობა შეცვლილიყო და თანხას ვერ შევწირავდი გამარჯვებას?!”- ამბობს პაპუაშვილი.

“ნეტგაზეთი” შეეცადა მისთვის კვლევის პერიოდზე და ასევე კონკრეტულ ციფრებზე მიეწოდებინა ინფორმაცია, რათა კითხვა დაესვა, თუმცა პაპუაშვილმა განაცხადა, არ აინტერესებს, რა წერია კვლევაში.

რაც შეეხება, ზვიად კვაჭანტირაძეს, ის არც “ნეტგაზეთის” სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც პარლამენტში იმყოფება.

 საარჩევნო პერიოდში კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა სულ 32 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი 21 310 211 ლარი (66%) მიიღო „ქართულმა ოცნებამ”, შემდეგ მოდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2 811 045 ლარით, მესამეზე კი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსია” 1 674 908 ლარით. „ქართული ოცნების” მიერ მიღებული შემოსავალი შვიდჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემოსავლებს და თითქმის ორჯერ აღემატება სხვა კვალიფიციური პარტიების ერთად აღებულ შემოსავლებს. პარტიების შემოსავლებს შორის ამხელა სხვაობა 2010 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი