ახალი ამბები

ხალვაში: სიურპრიზი იყო დვალის განცხადება, თითქოს ისევ იმ პირობაზე ვიყავით შეთანხმებული

2 მარტი, 2017 • 1601
ხალვაში: სიურპრიზი იყო დვალის განცხადება, თითქოს ისევ იმ პირობაზე ვიყავით შეთანხმებული

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, დავით დვალთან ბოლო შეხვედრისას, მან არხის მენეჯმენტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ხალვაში ამბობს, რომ სწორედ დვალს მოიაზრებს არხის დირექტორად.

“სულ ბოლო დროს ბატონმა დვალმა უარიც განაცხადა მენეჯმენტში მონაწილეობაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გადაიფიქრა და სასარგებლო იქნება კოლექტივისთვის, რომ მენეჯმენტში მონაწილეობა მიიღოს. ჩემთვის სიურპრიზი იყო გუშინწინდელი განცხადება, თითქოს ისევ იმ პირობაზე ვიყავით. ბოლოს ისე დავშორდით, ვთხოვდი, რომ თუ დავიბრუნებდი, თვითონ მონაწილეობა მიეღო [მენეჯმენტში], მაგრამ თვითონ უარი განაცხადა”,- განაცხადა ხალვაშმა ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას.

დავით დვალის განცხადებით, ქიბარ ხალვაშთან შეთანხმების თანახმად, 50% დამფუძნებლებს გადაეცემოდათ იმ დათქმით, რომ ქიბარ ხალვაში სარედაქიო პოლიტიკაში არ ჩაერეოდა. ის, რომ ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში, დამფუძნებლებისთვის წილის ნახევრის გადაცემას აპირებდა, ეს თავად ქიბარ ხალვაშმაც განაცხადა პრესკონფერენციაზე. მან ისიც თქვა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებდა.

მისივე თქმით, დავით დვალი არხის დირექტორობის ერთ-ერთი პირველი კანდიდატია. რაც შეეხება შეკითხვას, თუ არხის რა წილის გადაცემას აპირებს დამფუძნებლებისთვის, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძისათვის, ხალვაშმა ასე უპასუხა:

“ზუსტად იმდენს გავუყოფთ, რამდენსაც დაიმსახურებენ და მოვილაპარაკებთ. შეიძლება სულ დავუთმო”

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დღეს, 2 მარტს “რუსთავი 2″-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

გადაწყვეტილებაში, რომელიც უზენაესის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, წერია:

1. ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს”, ნინო ნიჟარაძის, შპს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” საკასაციო საჩივრები საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქიბარ  ხალვაშისა და შპს “პანორამის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. გაუქმდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 28%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკურედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა”;

5. უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მთითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინენები;

6. მოპასუხეებს შპს “ტელეკომპანია საქართველოს”, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამას” სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ამ გადაწყვეტილებას ხელს უზენაესი სასამართლოს ცხრავე მოსამართლე აწერს.

რ2-ის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი