ახალი ამბები

გვარამია: 2 მარტიდან უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციებს გავმართავთ

1 მარტი, 2017 • 2089
გვარამია: 2 მარტიდან უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციებს გავმართავთ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 2 მარტიდან უზენაეს სასამართლოსთან აქციებს გამართავენ, რომლსაც უწყვეტი ეთერით გადასცემენ. მისივე თქმით, აქციები გაგარძელდება, ვიდრე სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს.

“რუსთავი 2 აგრძელებს მაუწყებლობას. ჩვენ ვაანონსებთ ხვალ საპროტესტო აქციას უზენაეს სასამართლოსთან. 12:30-დან გაიხსნება ეთერი ყველა მსურველისთვის და იქნება უწყვეტი მაუწყებლობა საღამომდე. ასე იქნება ყოველდღე, ვიდრე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ დღეს, 1 მარტს, გამართულ ბრიფინგზე.

ხვალ, 2 მარტს, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარს განიხილავს. უცნობია, ხვალვე გამოცხადდება თუ არა გადაწყვეტილება.

“ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა, რომელიც, ვფიქრობთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. საწუხაროდ, პროცესი მიმდინარეობს ზეპირი განხილვის გარეშე, რაც, ჩვენი შეფასებით, მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევაა, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე დარღვევაა შემადგენლობაში იმ ადამიანების ყოფნა, ვინც აპრიორი ვერ იქნებიან მიუკერძოებლები და იქნებიან განწყობილები რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. ასეთი არის ორი ადამიანი: პალატის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, რომელიც პირადად ჩემი ბრალდების პირობებში არის გათავისუფლებული თანამდებობიდან, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ რუსთავი 2 არის ყვითელი მედია და მის განცხადებებზე კომენტარებს არ გააკეთებს, რომელიც გახვეულია ე.წ. ტესტების სკანდალში, რომელსაც იძიებს საქართველოს პროკურატურა დღესაც. შესაბამისად, იგი ვერ იქნება მიუკერძოებელი. და ქალბატონი მზია თოდუა, რომლის პროფესიონალიზმში ჩვენ ეჭვი არ შეგვაქვს, მაგრამ დასაბუთებული ეჭვი შეგვაქვს მის მიუკერძოებლობაში. ის მოსამართლედ გამწესებამდე წარმოადგენდა ბანკი “ქართუს” იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარეს და, პრაქტიკულად, იყო ივანიშვილის პირადი იურისტი. დღეს ჩვენ გვებრძვის ივანიშვილი და ხელისუფლება. ასევე, ის არის ივანიშვილის ოფიციალური შემწირველი, მას აქვს 60 ათასი ლარი შეწირული ქართული ოცნებისთვის,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, რუსთავი 2 მზად არის საქმის ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის, დამარცხებისთვისაც.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად 2016 წლის 9 სექტემბერს ცნო.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” მიაკუთვნეს ქიბარ ხალვაშს, რომელიც აცხადებს, რომ მან შეიძინა “რუსთავი 2”, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩარევით ძალით დაათმობინეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი