საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი

IMF საქართველოში 3-წლიან პროგრამას 285 მლნ. დოლარით დააფინანსებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის დონეზე საქართველოში სამწლიანი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. პროგრამა დაფინანსდება 285 მილიონი აშშ დოლარით გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით. ამის შესახებ დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

საქართველოს ხელისუფლების მოწვევით 15 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი. ვიზიტის მიზანი იყო სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის განხილვა, რომელსაც მხარს დაუჭერს IMF “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) ფარგლებში. მექანიზმი შემუშავებულია ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებსაც გადახდისუნარიანობა დაბალი აქვთ.

“აღნიშნული სამწლიანი პროგრამა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად იქნა ინიცირებული. სავალუტო ფონდი სრულად იზიარებს და მიესალმება მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი პროგრამა არის არა მხოლოდ სრული ნდობის გამოცხადება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი, არამედ ის სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას. პროგრამის ფარგლებში სავალუტო ფონდი იქნება ჩვენი ქვეყნის პარტნიორი“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი, ისევე როგორც მთავრობის საშუალოვადიანი საბიუჯეტო გეგმები, თვისობრივად ტრანსფორმირებულ ფისკალურ პოლიტიკას წარმოადგენს და ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, ეკონომიკური ზრდისთვის მეგობრული საგადასახადო სისტემის შექმნას, საბიუჯეტო პროგრამების უფრო მეტ ეფექტურობას, ინვესტიციების ზრდას ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

„მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ შევთანხმდით მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასა და 2017 წელს განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე, მათ შორის, მოგების გადასახადისა და შემოსავლების მობილიზების კუთხით გატარებულ რეფორმებზე, ხარჯების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელთა მთავარი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ბიზნესის მხარდაჭერა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაა,“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, 2017-2020 წლებში დასრულდება ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალი, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, სრულად გამოიყენოს ლოჯისტიკური და ტურისტული პოტენციალი.

„ინფრასტრუქტურის განვითარების უმნიშვნელოვანესი შედეგი იქნება რეგიონებს შორის კავშირის გაუმჯობესება, რაც გაზრდის მათ ჩართულობას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები 2017-2020 წლისათვის მშპ-ს 5.6%-დან 9%-მდე გაიზრდება. ამავდროულად, შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები 26.5%-დან  21.7%-მდე,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში მთავრობა გეგმავს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული რეფორმების გატარებას. ასევე საპენსიო რეფორმას, კაპიტალის ბაზრის რეფორმას, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნას, სადაზღვევო სისტემის რეფორმას, კერძო და საჯარო თანამშრომლობის სისტემის შექმნას, გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, მიწის რეფორმას, საჯარო ფინანსების მართვის დახვეწის ღონისძიებებსა და სხვა ცვლილებებს.

სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით კი, სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ეროვნული ბანკის რეზერვების განმტკიცებასა და ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდას, რასაც ახალი პროექტიც ითვალსიწინებს.

მერსედეს ვერა მარტინი ქვეყანაში ეკონომიკურ ვითარებას, სირთულეების მიუხედავად, დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას, ასევე სტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრას, რაც სწრაფ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის საერთაშორისო ორგანიზაცია 184 წევრი სახელმწიფოთი (მათ შორის საქართველოც), რომელიც შეიქმნა საერთაშორისო მონეტარული თანამშრომლობის, გაცვლითი კურსის სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს წევრი ქვეყნებისთვის დროებითი ფინანსური დახმარების გაწევა საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესების მიზნით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი