ახალი ამბები

ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

23 თებერვალი, 2017 • 1833
ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ, ეკა ბესელია და თინა ბოკუჩავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. თინათინ ბოკუჩავამ ეკა ბესელიას უტიფარი უწოდა, ხოლო ეკა ბესელიამ – უვიცი.

თინა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას ეკა ბესელიას მიმართა და უთხრა, რომ იურიდიული კომიტეტის მომზადებული კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას არ ასრულებს:

“საკონსტიტუციო სასამართლომ დაგავალათ, რომ ფარული მოსმენის განმხორციელებელი ორგანო ყოფილიყო დამოუკიდებელი და მასზე ჯეროვანი კონტროლი განხორციელებულიყო. თქვენს მიერ შემოთავაზებული მოდელი ამ მოთხოვნებს არ ასრულებს. პირიქით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. ამ უწყებით არაფერი არ იცვლება. არ შემეძლო, უპასუხოდ დამეტოვებინა თვენი უტიფრობა,” – მიმართა ბოკუჩავამ, რასაც ეკა ბესელიას გაღიზიანება მოჰყვა.

ეკა ბესელიამ თინათინ ბოკუჩავას მსჯელობას არაკომპეტენტური,ზედაპირული და საკითხისადმი სრულიად უვიცი დამოკიდებულება უწოდა:

“პარლამენტის წევრმა უნდა იცოდეს, რაზე საუბრობს. როცა პერსონალურად მომმართავთ, პერსონალურად მიიღებთ პასუხს. ტრიბუნიდან უვიცობის დემონსტრირებას რომ მოახდენთ, პასუხსაც მიიღებთ. კანონპროექტი წაიკითხე, კარგად გაერკვიე, რაზე საუბრობ და მერე შეიძლება ვინმემ მოგისმინოს. ეს სრულიად არაკომპეტენტური გამოსვლაა.  ბევრს ნუ ლაპარაკობ იმ გუნდის წარმომადგენელი, ახლა ვისთანაც ზიხარ.  სააკაშვილის დავალებებს ასრულებ და ბევრს ნუ ლაპარაკობ. ჭკუის მასწავლებელი გამომიდგა. ”

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები.

კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრები თვლიან, რომ თუკი უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ მოდელს, ხელისუფლება შეუსრულებელს დატოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. „ეს შენ გეხება“ კანონის მიღების შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

ხოლო ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ორგასაღებიან სისტემას სთავაზობს. მათი ინიციატივის მიხედვით, უნდა შეიქმნას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არ განახორციელებს საგამოძიებო უფლებამოსილებას. ის ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე. მოსმენისთვის საჭირო ერთი ე.წ. გასაღები ამ უწყების და მეორე, სასამართლოს ხელში იქნება. ინიციატივის მიხედვით,  ორივე ამ გასაღების „ჩართვაა“ საჭირო, რათა პირის ფარული მიყურადება განხორციელდეს.

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი