ახალი ამბები

რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ბრუნდება

19 ნოემბერი, 2012 • • 2181
რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ბრუნდება

“გადავწყვიტე! მოვდივარ! თეატრი არც უფერული მსახიობის ზალიკო(ჩიქობავას)კუთვნილებაა, არც ოლივერის და არც პატარა ტკიპების, მართველმა როგორც მურმანივითშეასია თეატრს. მოვდივარ! ეს თეატრი ილიასი, აკაკის, იაკობის დაარსებულია და კოტეს ვნებები, ახმეტელის სისხლი, დოდოს თეატრალობა, მიშას ერთგულება მაიძულებს ამ უზურპატორებს გავუსწორდე.  ვინ არიან ეს პუკები, ან გაზარმაცებული მსახიობები – თამაში რომ აღარ უნდათ უბრალოდ ეშინიად.ან იმ რეჟისორების სიამაყე, ლონდონის 40 წლის წინ დადგმულ სპექტაკლს ქართულ თეატრში უნიჭოდრომ იმეორებენ . ამიტომ მოვდივარ! 

 

ამ თეატრში მეც ვმუშაობდი და ჩემი ვალია არ მივატოვო ჩემი სახლი, სადაც 50 წელი გავატარე. ხოლო იმ ვითომ ინტელექტუალურ რაჟისორებზე მეტი ნამდვილად წამიკითხავს. ერთი წიგნით მეტი მაინც. და იმ ნიჭიერ მსახიობებს, ვისაც ხელფასი ბევრად დაბალია, ვიდრე უნიჭო არტისტებს. ნამდვილად ვუშველი. ბოლოს და ბოლოს ეს რუსთაველის თეატრია!  ქართველების ერთადერთი თეატრი. სამწუხაროდ…მოვდივარ!”– წერს სტურუა. 
 
ის არ აკონკრეტებს, ბრუნდება თუ არა თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის თანამდებობაზე. 
 
 
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ივლისში რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაითხოვეს.
 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ მაშინ განაცხადა, რომ რეჟისორი რობერტ სტურუა  რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ქსენოფობური განცხადებების გამო დაითხოვა.

 
ცნობილმა რეჟისორმა მაშინ  ინტერვიუ მისცა „საქინფორმს“, რომელშიც გააკრიტიკა მაშინდელი ხელისუფლება და თქვა:

სტურუა: „ ბათუმში გახლდით. თქვენ გგონიათ, ეს გზები გაკეთებულია? აღმოჩნდა, რომ უკვე გაფუჭებულია ყველაფერი. ავტობანის შემდეგ ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე იწყება გაფუჭებული გზები. კინაღამ ავარიაში მოვყევით. უგემოვნობის გარდა, არაფერია გაკეთებული. ბათუმი „თურქულ ჩეჩმუსად“ გადააქციეს.

ჟურნალისტი: ეს დამოკიდებულებაა გასაკვირი, რაღაც სიყვარული შენი ხალხისადმი, რომ შენიანია,არ უნდა ჰქონდეთ?

სტურუა:  სომეხია და რა ვქნათ… ეს ხომ არ არის დამალული?“

სწორედ ამ ბოლო გამონათქვამის გამო საზოგადოების ნაწილმა სტურუა მკაცრად გააკრიტიკა და ქსენოფობიასა და არმენოფობიაში დაადანაშაულა.

 

თავად სტურუა და მისი მხარდამჭერები, რომლებმაც საპროტესტო აქციებიც გამართეს, მიიჩნევდნენ, რომ რეჟისორის დათხოვნა სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რადგანაც არ უჭერდა მხარს და აკრიტიკებდა მაშინდელ ხელისუფლებას. 

 

რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი 1980 წლიდან ეკავა.

 

რუსთაველის თეატრის დატოვების შემდეგ რობერტ სტურუა სამუშაოდ მოსკოვში გადავიდა:

 

“თეატრ “ეტ სეტერას” მოწვეული მთავარი რეჟისორი გახლავართ. არ დაიწყოთ კამათი, მეც ადამიანი ვარ, მეც მჭირდება ხელფასი,  ოჯახი რომ ვარჩინო,” – წერდა რეჟისორი.

 

 შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც პრემიერ მინისტრ ივანიშვილს შეხვდა, რობერტ სტურუამ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც მოსკოვში, “ეტ სეტერაში”  მის მიერ დადგმული სპექტაკლის, “მარია კალასის” პრემიერა გაიმართებოდა დარბაზში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დახმარებით მოეწყო. 

 

“მას შემდეგ, რაც მე თეატრიდან გამიშვეს, ბატონმა ბიძინამ მითხრა, რომ აბრეშუმის ქარხანა არის მის საკუთრებაში და იქნებ სივრცე მოგეწონოსო და დაგეხმარები, რომ პატარა დარბაზი გავაკეთოთო.  მივედი და მომეწონა, დავიწყეთ შენება, 200– კაციანი დარბაზია, ნოემბრის ბოლოს იქნება მზად და იქ იქნება ნაჩვენები პიესა მარია კალასზე. მე ავირჩიე პიესა, რომელიც ეხება გენიალურ ხელოვანს, რომელიც ნელ–ნელა მოკლა გარემომ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პატივს სცემდა,”– განაცხად რეჟისორმა ტელეკომპანია “მე-9 არხის” გადაცემა “მთავარ კითხვაში”.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი