ახალი ამბები

გახარია: საპატრიარქოს დაფინანსების ცვლილება საერთო-სახალხო განხილვით უნდა გადავწყვიტოთ

22 თებერვალი, 2017 • 2420
გახარია: საპატრიარქოს დაფინანსების ცვლილება საერთო-სახალხო განხილვით უნდა გადავწყვიტოთ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით,  „საპატრიარქოს დაფინანსების არსებული წესი შესაცვლელი არ არის“. გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი საპატრიარქოს დაფინანსების წესთან დაკავშირებითაც გააკეთა, რომლის შეცვლის ინიციატივით რესპუბლიკური პარტია გამოვიდა.

მინისტრის აზრით, არსებული დაფინანსების წესი შესაცვლელი არ არის:

,,მე ვთვლი, რომ ეს ნაწილი შესაცვლელი არ არის. ასევე, ვთვლი, რომ ეს ის საკითხია, რომელიც პარტიული დონიდან გადასაწყვეტი არ არის და გადაწყვეტილება საერთო სახალხო განხილვის გზით უნდა მივიღოთ‘’ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზის დაკავების შედეგად გამწვავებული ვითარების შემდეგ საქართველოს რესპუბლიკური პარტია გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყდეს საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება  სახელწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. საპირისპირო ინიციატივით გამოვიდა საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, მათ ეკლესიისთვის დაფინანსების გაზრდა მოითხოვეს ისე, რომ ამ თანხამ ბიუჯეტის ნახევარი პროცენტი შეადგინოს.

ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით ფინანსდება. ამას ემატება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობიდან გამოყოფილი თანხებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი