ახალი ამბები

რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ საპატრიარქოს დაფინანსება ბიუჯეტიდან უნდა შეწყდეს

15 თებერვალი, 2017 • 3338
რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ საპატრიარქოს დაფინანსება ბიუჯეტიდან უნდა შეწყდეს

საქართველოს რესპუბლიკური პარტია ითხოვს, რომ შეწყდეს საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება  სახელწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უნდა შეწყდეს სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დაფინანსება და უნდა შეწყდეს ერთმანეთის საქმიანობაში ურთიერთჩარევა.

“ამ პროცესმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ეკლესია გახდა ხელისუფლების ავტონომიური ნაწილი და ამ ურთიერთსარგებელზე, ხშირად ურთიერთშანტაჟზე – თანამშრომლურ-კონკურენტულ რეჟიმში ურთიერთობის შედეგად, მივედით დღევანდელ კრიზისამდე, სადაც გვესმის ყველა ჩარჩოდან გასული ტერმინოლოგია სასულიერო პირებიდან. ამ რთულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო, არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს არც ხელისუფლება და არც ეკლესია”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ კონკორდატის გაფორმებიდან, 2001 წლიდან დღემდე საპატრიარქოს წმინდა ფულადი სახით მიღებული აქვს 200 მილიონ ლარზე მეტი, 1 მილიონ ჰექტარზე მეტი ნაკვეთის ფართობი, საპატრიარქოს წილობრივ მფლობელობაში მყოფი შპს-ებსა და ააიპ-ებს გადასცემენ სახელმწიფო ქონებას, ხოლო ამ ქონებას არავინ აღრიცხავს.

“რატომ არის საქართველოს მოსახლეობა ვალდებული ამდენი იხადოს კომპენსაციის სახით. იქნებ ვინმემ  დაუსაბუთოს ან საერო ხელისუფლებიდან, ან სასულიერო ხელისუფლებიდან. უნდა დასრულდეს ასეთი პრაქტიკა ქვეყანაში და თუ კიდევ არის რაიმე სახით კომპენსაციის სახით გადასაცემი ეს უნდა იყოს დოკუმენტურად დადასტურებული და ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურად გადაწყვეტილი”, – მიაჩნია თამარ კორძაიას.

ხათუნა სამნიძემ მაგალითად მოიყვანა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაგალით, სადაც არ არ არსებობს სხდომა, რომელზეც ერთ-ერთ საკითხად არ განიხილავენ საპატრიარქოსთვის მუნიციპალური ქონების გადაცემას, ხოლო არ ინტერესდებიან მიზნობრიობით თუ რა ში გამოიყენებს ეკლესია ამ ქონებას.

სამნიძეს მიაჩნია, რომ ეს კრიზისი დაიწყო საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის დროიდან და სააკაშვილის დროს ამ პროცესმა უფრო მრავალფეროვანი ფორმები შეიძინა.

თამარ კორძაია ხაზს უსვამს, იმას, რომ მატერიალური მხარდაჭერის ამ ეს პროცესით თავად საპატრიარქოშიც არიან უკმაყოფილო, რასაც დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებული წერილიც ადასტურებს.

“შეწყდეს ურთიერთჩარევა ხელისუფლებისა და ეკლესიის საქმიანობაში. არც ხელისუფლებამ ისურვოს გავლენის მოპოვება ეკლესიაზე და არც ეკლესიამ არ ისურვოს სახელმწიფოს საქმიანობაში ჩარევა. ეს დისკუსია, რომელიც დაიწყო უნდა გაგრძელდეს, სასურველ შედეგამდე უნდა მივიდეთ – სასურველი შედეგი არის ძლიერი სეკულარული სახელმწიფოს ჩამოყალიბება”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი