ახალი ამბები

დეკანოზი პროკურატურისთვის ჩვენების მიცემამდე პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

22 თებერვალი, 2017 • 2566
დეკანოზი პროკურატურისთვის ჩვენების მიცემამდე პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურისთვის ჩვენების მიცემამდე პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ ადვოკატებმა ჩაფიძის კლინიკაში დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

“ვესაუბრეთ მამა გიორგის და ის ძალიან დიდი თხოვნით მიმართავს პატრიარქს, თუ ექნება მას საშუალება და ჯანმრთელობის მდგომრეობიდან გამომდინარე შესაძლებლობა, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, სანამ გამოძიებას მისცემს ჩვენებას, ეს ჩვენება და ეს ყველაფერი უთხრას პირადად პატრიარქს. თუ, ვთქვათ, ვინიცობაა და პატრიარქი ვერ შეძლებს, ის მზად არის და ელოდება წმინდა სინოდიდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, რომ მოვიდნენ და მას სურვილი ექნება, პირდაპირ საქმის კურსში, დეტალურად მოუყვეს და უთხრას, თუ რასთან არის რეალურად საქმე,”- განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვინ უნდა იყოს სინოდიდან, ადვოკატი პასუხობს:

“არ აქვს მნიშვნელობა… თუ გავითვალისწინებთ გუშინდელ საუბარს ქალბატონი ნანა კაკაბაძის მხრიდან, ალბათ, უპრიანი იქნება, მეუფე პეტრეც თუ მობრძანდება”.

ადვოკატმა ისაუბრა იარაღზის შესახებაც, რომელიც დეკანოზის საქმეში ფიგურირებს. მისი განცხადებით, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან დეკანოზს ამის შესახებაც სურს საუბარი:

“როდესაც ყველასთვის ცნობილი იქნება, რატომ, როგორ, ვის მიერ მოახერხეს, რომ მამა გიორგისთან ეს იარაღი აღმოჩნდა, ეს უკვე ძალიან ნათელ სურათს წარმოაჩენს,”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა დეკანოზი გიორგი მამალაძე გადაიყვანონ საპატრიარქოში პატრიარქთან შესახვედრად, თუმცა პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ინფორმაციას ამის თაობაზე საპატრიარქო არ ფლობდა და ამ ინფორმაციას ადვოკატი ავრცელებდა.

ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ თუკი პატრიარქი ან სინოდის წევრები დღესვე მივლენ ჩაფიძის კლინიკაში, შესაძლოა დეკანოზმა გამოძიებას ჩვენება დღესვე ან ხვალ მისცეს.

საპატრიარქოში გიორგი მამალაძის გადაყვანის ვერსიას გიორგი ფანცულაია არ გამორიცხავს:

“ვინაიდან დაკავებულია მამა გიორგი, სამართლებრივად უფრო მოსახერხებელი იქნება, ისინი თუ მიბრძანდებიან. თუ სასჯელაღსრულების სამინისტრო დართავს ნებას მამა გიორგის, რომ იქით იქნეს წაყვანილი, მამა გიორგი, დამიჯერეთ, ამაზე უარს არ იტყვის”.

კითხვაზე, მიმართეს თუ არა უკვე სასჯელაღსრულების სამინისტროს, გიორგი ფანცულაია გვპასუხობს:

“ჯერ იქნებ წმინდა სინოდის წევრები აპირებენ მოსვლას და არ არის აუცილებლობა,”- განაცხადა მან.

რაც შეეხება დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ “სახარბიელო არ არის” და “უტარდება კომპლექსური კვლევა, დაკვირვება და მკურნალობა”.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი