ახალი ამბები

ხელისუფლება საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ისევ ეროვნულ ბანკს უბრუნებს

21 თებერვალი, 2017 • 5716
ხელისუფლება საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ისევ ეროვნულ ბანკს უბრუნებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის თქმით, საფინანსო სექტორზე ზედამხედველობა ეროვნული ბანკის კომპეტენციას უბრუნდება:

“2015 წელს პარლამენტმა მიიღო პროექტებში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა გადასულიყო დამოუკიდებელ სსიპ-სთან, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთან. შემდეგ საკონსტიტუციოში მოხდა გასაჩივრება. შესაბამისად, რამდენიჯერმე განვაცხადეთ, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად ვთვლიდით, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში,” – ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

მინისტრის თქმით, მთავრობა არ დაელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას და პარლამენტს პირვანდელი სახის კანონპროექტს წარუდგენს, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ეხება.

2015 წლის 1 ივლისიდან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” შესული ცვლილების თანახმად, ეროვნული ბანკს გამოეყო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ჩამოყალიბდა.

აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია, თავად ეროვნული ბანკი და ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ამის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა ეს კანონი, რომლის ერთ-ერთი ავტორი იყო ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, დეპუტატი თამაზ მეჭიაური, მაინც მიიღო.

 პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ვეტო 81 ხმით დაძლია, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი