ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარა

15 თებერვალი, 2017 • 2636
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარა

ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 თებერვალს, 10:30 საათზე, დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ გვარამია “ფეისბუკზე” წერს.

“რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაკითხად მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც შსს–მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით. სასამართლომ დღეს სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკამყოფილა, რათა ნიკა გვარამია მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზამ ნიკა გვარამიასა და მოსამართლე მამუკა ახვლედიანს შორის ფარული ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა. “რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე განაცხადა, რომ საუბრის ჩანაწერი თავად გააკეთა და მისი კომპიუტერიდან ეს აუდიო უკანონოდ მოიპოვეს. ამ განცხადების შემდეგ შსს-მ გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე დაიწყო. შსს-მ აცხადებს, რომ ჩანაწერი “არ არის დამონტაჟებული და ავთენტურია”, თუმცა გვარამია ექსპერტიზას არ ენდობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი