ახალი ამბები

არა ყველა გადაცემის შეჩერება, არამედ მათი გაფილტვრა – ვასილ მაღლაფერიძის გუნდის ახალი ხედვა

10 თებერვალი, 2017 • 3645
არა ყველა გადაცემის შეჩერება, არამედ მათი გაფილტვრა – ვასილ მაღლაფერიძის გუნდის ახალი ხედვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) მენეჯმენტმა 10 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე წარმოადგინა ხედვა, რომლის მიხედვითაც, ყველა გადაცემა (გარდა მოამბისა, რომელიც გეგმის მიხედვით ეთერში ყველა ვარიანტში დარჩება) კონკრეტული კრიტერიუმებისაგან შემდგარი მექანიზმით უნდა გაიფილტროს და ასე დადგინდეს, რომელი გადაცემა დარჩეს ეთერში და რომელი – არა. ეს ხედვა განსხვავდება იმ გეგმისაგან, რომელიც საზმაუს მენეჯმენტმა ორშაბათს წარუდგინა საზოგადოებას და არხზე მოამბის გარდა ყველა გადაცემის შეჩერება შესთავაზა 2018 წლამდე, თანხების დასაზოგად.

ვასილ მაღლაფერიძის გუნდი ამბობს, რომ მათი აზრით, კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც გადაცემების უნდა გაიფილიტროს, პირველ რიგში უნდა ეფუძნებოდეს რეიტინგებს, ხოლო შემდეგ ხარისხობრივ კვლევას, ანუ მონიტორინგით დადგინდეს ეს რეიტინგი ხომ არ არის მიღწეული სიყვითლით და მოდის თუ არა პროგრამის ხარისხი მაუწყბელის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში.

“ეს პრაქტიკა გამოიყენება ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს. სხვა საზომი მე არ ვიცი. ჯერჯერობით აქ მოქმედებდა ასეთი საზომი, რომ თვითონ ავტორი და კოლექტივი თავის გადაცემას თვითონ აფასებდა”, – თქვა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს იმაზე, როგორი საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა და რა იქნება შეფასების კრიტერიუმი.

ვასილ მაღლაფერიძე ასევე ამბობს, რომ მისი აზრით, თავის მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებლის და მისი მენეჯმენტის საქმიანობის ხარისხიც რეიტინგით უნდა გაიზმოს. მაღლაფერიძის აზრით, რეიტინგის მინიმალური ნიშნული, რომლითაც მაუწყებლის საქმიანობა უნდა შეფასდეს, 15%-ია, თუმცა მისი თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ არხის მენეჯმენტის ვერსიაა და ისინი ალტერნატიულ ვარიანტებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებისგან და სამეურვეო საბჭოსგანაც ელოდებიან.

უცნობია რამდენ პროცენტიან რეიტინგს მოსთხოვს “ფილტრი” ამა თუ იმ გადაცემას და გაითვალისწინებს თუ არა გარკვეულ სპეციფიკას – მაგალითად დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რთული იქნება  საპარლამენტო ტრანსლაციებისთვის შესაბამისი რეიტინგების მოთხოვნა. მაღლაფერიძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ყველაფერზე უნდა მიიღოს ბორდმა, მენეჯმენტმა და საზოგადოებამ ერთად.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვა, ამ “ფილტრს”, რომლის კრიტერიუმებიც ჯერ არ არსებობს, გაივლიან მაუწყებლის მოქმედი გადაცემებიც და მისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი ეთერში დარჩებიან.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ფილტრს მაუწყებლის ყველა გადაცემა გაივლის, როგორ დაზოგავს მენეჯმენტი ფულს, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, ტექნიკური გადაიარაღებისთვის სჭირდება:

“თქვენ ახლა მეკითხებით, არაფერი რომ არ შეიცვალოს, არაფერი არ შეიცვლებაო? – არაფერი არ შეიცვლება”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც ამბობს, რომ მაუწყებელი ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მომდევნო 3 წლის განმავლობაში 45 მილიონი ესაჭიროება.

საოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ასე არ ფიქრობს, რომ ფილტრს GPB-ის ყველა გადაცემა ჩააგდებს. მაღლაფერიძის თქმით, რთულია იმაზე საუბარი რამდენი დაიზოგება ამ პრინციპის შესაბამისად.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, ამ თემაზე მუშაობს ბორდიც, რომელიც თავის ხედვას მომდევნო ხუთშაბათს წარმოადგენს. პარალელურად მაღლაფერიძე საზოგადოებისაგან ელის შეთავაზებებს ფილტრის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ მაუწყებლის საქმიანობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი რეიტინგი არ იქნება, მას ეს სამუშაო არ აინტერესებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ თუ 2019 წლის ბოლოს მის მიერ დასახული გეგმა წარმატებით შესრულდება და მაუწყებლის რეიტინგი 15%-ს ასცდება, იგი იქნება ამაყი და თანამდებობიდან გადადგება.

ამავდროულად, მაღლაფერიძე ასევე აცხადებს, რომ თუ მაუწეყბლის რეიტინგი ზემოხსენებულ ნიშნულს ვერ ასცდება, იგი აიღებს პასუხისმგებლობას და მაინც გადადგება.

“ჩვენი გეგმით, 2019 წელს საზმაუწყებელი შეძლებს, რომ ბაზარზე სერიოზული მოთამაშე გახდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს 15%-ზე მეტი იქნება, თუ შემთხვევით მოხდება ისე, რომ [მინიმალურ ნიშულად]  2% დაწესდება ან 3, 4%… მე ეს საქმე არ მაინტერესებს. თუ 2019 წლის ბოლოს ეს მიზანი მიღწეული იქნება და საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე შეეძლება პოლიტიკური მოთამაშე დადგეს, მე გადავდგები და ვიქნები ამაყი. თუ ვერ შესრულდა, მაინც გადავდგები, თუ შესრულდება – მე ვიტყვი, რომ აი, აწყობილია ტელევიზია, რომელსაც უკვე შეუძლია მათ შორის პოლიტიკური,  შემცნებითი საგანგმანეთლებლო ამოცანების [შესრულება]”, – განაცხადა მაღლაფერიძემ და დასძინა, რომ ევროპაში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც თავის საზოგადოებრივ ისეთ დაბალ რეიტინგს მოუთმენდა, როგორიც საქართველოში აქვს.

“საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყველა უნდა გრძნობდეს ბაზრის სუნთქვას, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწეყბელი… ყველა ცოცხალი უნდა იყოს შიგნით, არ უნდა იყის ისე, როგორც დღესაა, რომ ყველა აქებს თავის გადაცემას და ცდილობს მოიყვანოს თავისი მომხრეები და ილაპარკაოს… მე უამრავ გადაცემაზე მომივიდა, რომ გინდა თუ არ იყოს”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი