ახალი ამბები

ვასილ მაღლაფერიძე: არა, გადაცემებს ჩვენ არ ვხურავთ! არ ვხურავთ!

3 თებერვალი, 2017 • 3680
ვასილ მაღლაფერიძე: არა, გადაცემებს ჩვენ არ ვხურავთ! არ ვხურავთ!

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ეხმაურება “რეალური სივრცის”  შესაძლო დახურვაზე გავრცელებულ ცნობებს და წერს, რომ გადაცემებს არ ხურავენ:

მაღლაფერიძე ამ დრომდე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებდა ამ თემაზე.

გთავაზობთ მის კომენტარს სრულად.


 

“საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ დავაანონსეთ, რომ 6 თებერვალს, ორშაბათს, 12 საათზე, გავმართავთ პრესკონფერენციას და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს ხედვას მაუწყებლის მომავალთან დაკავშირებით.

შეიძლება ეს ხედვა ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს და ვიღაცისთვის მისაღები, მაგრამ ამისთვის ჯერ ხომ უნდა ვთქვათ?! :) თუ არ ვთქვით, ამის გარეშე არც მოწონება გამოვა და არც არმოწონება!

ჩვენ კი ჯერ არაფერი გვითქვამს, ვემზადებით ორშაბათისთვის!

მაგრამ არიან ექსპერტები და ჟურნალისტები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ წინსწრებით იციან, რასაც ორშაბათს გავაკეთებთ და ჰყვებიან ამის შესახებ! უბრალოდ კი არ ჰგონიათ, არამედ დარწმუნებულნი არიან, რომ იციან, რასაც ორშაბათს გავაკეთებთ!

საიდან იციან, არც მათ იციან, არც ვინმე სხვამ, მაგრამ იციან! სოკრატემ იცოდა, რომ არაფერი იცოდა, ამათმა კი იციან, რომ ყველაფერი იციან!

და არა მხოლოდ იციან, არამედ, წინასწარვე კატეგორიულად არ მოსწონთ და აღშფოთებულნი არიან იმით, რაც უნდა გავაკეთოთ და ამ აღშფოთებას საზოგადოებასაც უზიარებენ – წერენ პოსტებს და კომენტარებს, განცხადებებს ავრცელებენ, მსჯელობენ და შიგადაშიგ კარგა გვარიანადაც გვლანძღავენ – იმის გამო, რაც ჩვენ ორშაბათს უნდა ვთქვათ და ჯერ არ გვითქვამს! თუმცა, რატომ უნდა მოიცადონ ორშაბათამდე, თუ ახლავე იციან, რასაც გავაკეთებთ?!

დაბოლოს. მოკლე პასუხი კითხვაზე, ვხურავთ თუ არა გადაცემებს?! არა, გადაცემებს ჩვენ არ ვხურავთ! არ ვხურავთ!

თუმცა, გვინდა და ვიტოვებთ უფლებას, რომ ორშაბათს, 12 საათზე, როგორც დაანონსებული გვქონდა, ჩვენი ხედვა გავაცნოთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ყოველთვის ყველაფერი არ იცის და თანაც წინასწარ!


 

ამბის მოკლე ისტორია

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა 3 თებერვალს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მომავალ პარასკევს გადაცემა ეთერში შესაძლოა აღარ გავიდეს.

გადაცემა “რეალური სივრცის” შესაძლო დახურვის ან მისი ფორმატის შეცვლის, ისევე როგორც მაუწყებლის თანამშრომლების მასობრივად დათხოვნის  შესახებ ინფორმაცია ბოლო ორი დღეა ვრცელდება.

მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მამაღლაფერიძე GPB–ის განვითარების გეგმას ორშაბათს, 12:00 საათზე მედიას წარუდგენს, ხოლო მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განვითარების  გეგმის ოფიციალურ დოკუმენტს გადასცემენ განსახილველად.

3 თებერვალს კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის”, რომელიც 12 ორგანიზაციას აერთიანებს, ამ თემაზე საგანგებო განცხადება გაავრცელა.

“კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთი გადაცემა არ უნდა დაიხუროს მანამ, სანამ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ დაასაბუთებენ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას და არ წარმოადგენენ კონკრეტულ სამაუწყებლო ბადეს, თუ რას სთავაზობენ მაყურებელს სანაცვლოდ.

კოალიციამ მოუწოდა საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორშაბათს მენეჯმენტთან დაგეგმილი შეხვედრის საჯაროობისკენ, თუმცა ამის შემდეგ დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა და არხის დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ მაუწყებლის განვითარების ხედვას მედიას წარუდგენს, სამეურვეო საბჭოს კი წერილობით გაუგზავნის.

მედიის კოალიციამ იანვარშიც გაავრცელა კრიტიკული განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევა დააზარალებს მაუწყებლის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა პოლიტიკური გავლენისაგან, – განაცხადა 6 იანვარს კოალიციამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე 6 იანვარს აირჩიეს. მაუწყებელს ის მომავალი 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ვასილ მაღლაფერიძე 2016 წლის აგვისტომდე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის, GDS-ის გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო. 2012 წელს კი, ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირეტორის მოადგილე. ვასილ მაღლაფერიძის პოლიტიკურ მიუკერძოებულობასთან დაკავშირებით კითხვები საზოგადოების ნაწილს სწორედ ამ გარემოების გამო აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი