ახალი ამბები

აჭარის „კუდის“ როლი საკაბელო ტელევიზიების მითვისებაში

30 ოქტომბერი, 2012 • 2390
აჭარის „კუდის“ როლი საკაბელო ტელევიზიების მითვისებაში

 

2011 წლის 2 ივნისს სამ საკაბელო ტელევიზიაში – „პაპი“, „ტვ 21“ და „მინდა“, რომლებსაც ჯამში 18 ათასი აბონენტი ჰყავდათ, ერთდროულად შევიდა ფინანსური პოლიცია. საკაბელო ტელევიზიების დამფუძნებლები პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში წერენ, რომ „ტვ-21“ 1,3 მილიონი ლარით, „პაპი“ 300 ათასი ლარით, „მინდა“ 17 ათასი ლარით დააჯარიმეს.

 

 

„ამ მოვლენებიდან რამდენიმე თვეში „ტვ-21“-ის ოფისში, ლერმონტოვის ქ.#24-ში მოვიდა გოგა კოკაია,“-  წერია საჩივარში – „მაშინ ის აჭარა-გურიის კუდის მაღალჩინოსანი იყო, ახლა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსია“.

 

 

კომპანიონები ამბობენ, რომ კოკაიამ თავისი მოთხოვნები „პაპის“ დამფუძნებელს, მალხაზ მახაჭაძეს გააცნო. მალხაზ მახაჭაძემ კი თავის მხრივ გოგა კოკაიას მოთხოვნა გადასცა პარტნიორებს – „კომპანიები კუდის ნდობით აღჭურვილ პირს უნდა გადაუფორმოთო“. წინააღმდეგობის შემთხვევაში კოკაია დაემუქრა საკაბელოების მფლობელებს, რომ არამხოლოდ ბიზნესს, არმედ სხვა ქონებასაც გაუყიდდნენ, „ტვ 21“-ის დამფუძნებელს, გიორგი შოუას კი ციხეში გაუშვებდა.

 

 

კოკაიას საქმეში ჩართვის შემდეგ მალხაზ მახაჭაძეს თავისი ინიციატივით შემოჰყავს საქმეში ალეკო ბალაძე _ აჭარის კუდის უფროსის მოადგილე. მახაჭაძე არწმუნებს პარტნიორებს, რომ მისი სიძის ბავშვობის მეგობარი დავით შარაშიძე ასევე ახლო მეგობარი და მეზობელია ბალაძის. მახაჭაძე სხვა პარტნიორებთან ერთად შუამავლობის თხოვნით შარაშიძეს სახლში აკითხავს. „სწორედ ბალაძეს შეუძლია ჩვენი ბიზნესის გადარჩენა“, -არწმუნებს პარტნიორებს მალხაზ მახაჭაძე.

 

 

გიორგი შოუა და რამაზ მახაჭაძე
გიორგი შოუა და რამაზ მახაჭაძე

 

 

ამ ამბიდან მალევე მალხაზ მახაჭაძე ოფისში იბარებს ყველა პარტნიორს და აცნობს პირობებს: 1. BMG-ის (რომელიც ყველამ ერთად დააფუძნა და მალევე იმ მიზნით გადაუფორმეს ჯაბა დობორჯგინიძეს –  მალხაზ მახაჭაძის მეგობარს, რომ ფინანსურ პოლიციას არ დაედგინა მათი კავშირები ამ კომპანიასთან) უნდა გადასცენ საკაბელო ტელევიზიების ქონება და აქტივები, შემდეგ კი მის 51 პროცენტს მისცემენ კუდის ნდობით აღჭურვილ პირს დავით შარაშიძეს. მიზეზი – ბიძინა ივანიშვილმა საკაბელოები არ უნდა იყიდოს.

 

 

1.           სანაცვლოდ ფინანსური პოლიციის დაკისრებულ თითქმის ორი მილიონის ვალს შეუმცირებენ 20 ათას ლარამდე.

2.           დამფუძნებლები ისევ გააკონტროლებენ კომპანიას და მიიღებენ მოგებას.

 

 

„ბევრი არ მიფიქრია, დავთანხმდი –  გამოსავალს ვერ ვხედავდი. თანაც წილების დაბრუნებას არჩევნების მეორე დღესვე გვპირდებოდნენ. დათანხმდნენ სხვებიც. ხელშეკრულებაში ჩაწერეს, რომ ჩემს კომპანიას, საიდანაც ყოველთვიური მოგება 2500 ლარი მქონდა, ვყიდდი 1400 ლარად“, –  ამბობს „მინდას“ დამფუძნებელი რამაზ მახაჭაძე.

 

 

წინასწარი შეთანხმებიდან ერთ-ერთი მალევე შესრულდა –  საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, „მინდას“, „პაპსა“ და „ტვ-21“-ს 1,6 მილიონიდან საჯარიმო თანხა 20 ათას ლარამდე შეუმცირეს.

 

 

თუმცა, კომპანიონებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ მათი საკაბელოების უკვე ერთპიროვნულმა მფლობელმა, ჯაბა დობორჯგინიძემ, ალეკო ბალაძის მეზობელსა და მეგობარს დავით შარაშიძეს არა 51, არამედ კომპანიის 100-ვე პროცენტი გადაუფორმა. ამ გაერთიანებული კომპანიის დირექტორად კი მალხაზ მახაჭაძე დაინიშნა.

 

 

კომპანიონები ამბობენ, რომ ამის შემდეგ მალხაზ მახაჭაძემ ხელვაჩაურის საკაბელოც იმავე მეთოდებით შეიერთა და კომპანიის მართვაც ერთპიროვნულად დაიწყო – რეალურ მესაკუთრეებს არ აძლევდა ბუღალტრულ დოკუმენტებს, აბონენტების რაოდენობით მანიპულირებდა, არ იხდიდა გადასახადებს ბიუჯეტში და საერთოდ უარი უთხრა მოგების მიცემაზე.

 

 

„ყოველი პროტესტის შემდეგ მალხაზი გვეუბნებოდა, რომ კუდის მაღალჩინოსნებთან ვერაფერს გავხდებოდით და იმაზე მეტს წავაგებდით, ვიდრე ბიზნესია. ამის შემდეგ რეალურმა დამფუძნებლებმა დავით შარაშიძის სახელზე დავწერეთ განცხადება და მალხაზ მახაჭაძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოვითხოვთ“.

 

 

მოთხოვნა შარაშიძემ არ გაითვალისწინა, ამიტომ კომპანიონები ალეკო ბალაძეს შეხვდნენ:

 

 

„მე, გიორგი შოუა და მურმან მამულაძე ალეკო ბალაძეს კუდის შენობაში, მის სამუშაო ოთახში შეხვდით. ვთხოვეთ დავით შარაშიძეს, რომელიც მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო, მალხაზ მახაჭაძის გადაყენების საკითხი გადაეწყვიტა. ამის მიზეზად დაპირებული დივიდენდების მიუღებლობა დავუსახელეთ. ალეკო ბალაძემ გვითხრა, რომ მოგვეძებნა დირექტორი და ისიც შეარჩევდა ვინმეს“. 

 

 

ამ შეხვედრის შემდეგ მალხაზ მახაჭაძის თვითნებობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც იმაში გამოიხატა, რომ მან აღარ გადაიხადა „ტვ-21“-ის სასესხო დავალიანება. სესხი უზრუნველყოფილი იყო მანუჩარ მამულაძის (ერთ-ერთი მფლობელი) მამის ბინით. ბანკმა მამულაძეებს შეატყობინა, რომ დავალიანების გამო ბინის გაყიდვას აპირებდა.

 

 

2012 წლის ივლისის დასაწყისში ალეკო ბალაძემ დაიბარა მანუჩარ მამულაძე კუდის შენობასთან, სადაც გააცნო გიორგი ძაგნიძე, როგორც BMG-ის ახალი დირექტორი.

 

კომპანიაში მდგომარეობა არც გიორგი ძაგნიძის გადირექტორობის შემდეგ შეცვლილა.

 

 

სიტუაცია რადიკალურად მხოლოდ არჩევნების მეორე დღეს შეიცვალა. „ალეკო ბალაძე გიორგი შოუას 3 ოქტომბერს დაუკავშირდა, როგორც დაგპირდით, ქონებას გიბრუნებთ, დავით შარაშიძე ყველაფერს დააბრუნებსო“, – ამბობს რამაზ მახაჭაძე. თუმცა, ბალაძის შემონათვალზე დავით შარაშიძემ კომპანიონებს უთხრა – „თქვენ ჩემთვის არაფერი მოგიციათ და არც არაფერს გიბრუნებთ“. 

 

 

2012 წლის 5 ოქტომბერს კომპანიონებმა საჯარო რეესტრში აღმოაჩინეს, რომ დავით შარაშიძემ კომპანიის 100-ვე პროცენტი დაუბრუნა მალხაზ მახაჭაძის მეგობარს, ჯაბა დობორჯგინიძეს. მათ ალეკო ბალაძეს ეს ფაქტიც შეატყობინეს. „ალეკომ გვითხრა, რომ მიაწექით მალხაზ მახაჭაძეს და დავით შარაშიძეს, ისინი მე აღარ მემორჩილებიან“.

 

 

დავით შარაშიძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ნამდვილად არის ალეკო ბალაძე მისი მეგობარი, მაგრამ არც მას და არც ბალაძეს „მინდას“ და „ტვ-21“-ის დამფუძნებლებთან შეხება არ ჰქონიათ, ხოლო BMG ჯაბა დობორჯგინიძისგან გადაიფორმა: „მე შეხება მქონდა დობორჯგინიძესთან, მათგან პირადად არავითარი ქონება არ მიმიღია, ზღაპრებს ყვებიან ეგენი“, – უთხრა „ბათუმელებს“ შარაშიძემ.

 

 

მარეგულირებელი კომისიის დოკუმენტების თანახმად, „მინდამ“ და „ტვ-21“-მა სწორედ დავით შარაშიძეს გადასცეს თავიანთი აქტივები და არა სხვა ვინმეს. ამის შეხსენების შემდეგ შარაშიძე ამბობს: „რას გეტყვით იცით, თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, მიბრძანდნენ და… შემხვდნენ. მათთან მე… მათი ქონება არ მიმიღია. მე მივიღე ქონება დობორჯგინიძისგან. დაკითხვაზე ვარ…“ (კომენტარი იბეჭდება სტილის დაცვით).

 

 

ალეკო ბალაძე, აჭარის კუდის უფროსის მოადგილეც, კატეგორიულად გამორიცხავს მის კავშირს საკაბელო ტელევიზიების წართმევასთან. ტელეფონის გათიშვამდე ამბობს, რომ პროკურატურაში მის წინააღმდეგ შესული საჩივრის შესახებაც „ბათუმელებისგან“ შეიტყო.

 

 

ჯაბა დობორჯგინიძესა და მალხაზ მახაჭაძეს (მახაჭაძეს „ბათუმელები“ სამ სხვადასხვა ნომერზე უკავშირდებოდა), ტელეფონები გამორთული აქვთ.

 

მარეგულირებელი და საკაბელო ტელევიზიები

 

იგივე საკაბელო ტელევიზიების ყოფილი მფლობელები ამბობენ, რომ 2010 წლიდან კუდის მათი ბიზნესით დაინტერესებამდე, საკაბელოების ხელში ჩასაგდებად მარეგულირებელმა მრავალი ხერხი გამოიყენა. „თუ კომისიის წევრი გიორგი რატიშვილი 2010 წლამდე გვაიძულებდა, რომ „სი-ენ-ეი ჯორჯიასგან“ გვეყიდა არხები, რომელსაც ბაზარზე ყველაზე მაღალი ფასები ჰქონდა, 2010 წელს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“  ჩაანაცვლა  „ტვ ინსაიდი“, რომელიც, სავარაუდოდ, ჩვეულებრივი საკაბელო ტელევიზია იყო. მაშინ რატიშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ მას და ირაკლი ჩიქოვანს ამ კომპანიის შემოსავლების გაზრდა აინტერესებდათ“, –  ამბობს რამაზ მახაჭაძე.

 

 

ამის მიუხედავად, საკაბელო ტელევიზიების მფლობელები მაინც იბრძოდნენ ბიზნესის გადასარჩენად. ამ ბრძოლაში ბოლოს წინა ეტაპი მაშინ დადგა, როდესაც 2011 წლის მარტში გიორგი რატიშვილმა გადაწყვიტა „ტვ ერას“ დირექტორთან, გია მეტრეველთან ერთად შეექმნა ახალი ასოციაცია. ასოციაცია გია მეტრეველს უნდა დაეფუძნებინა.

 

 

„გიორგი რატიშვილმა გვითხრა, რომ თუ ასოციაციაში არ გავწევრიანდებოდით, ფინანსური პოლიცია შემოვიდოდა და დაგვაჯარიმებდა. ამ საკითხზე ჩვენ და „ტვ ერას“ დირექტორ გია მეტრეველს ის ორჯერ შეგვხვდა რესტორან „აჭარაში“ (გია მეტრეველისგან ამ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა. ის ტელეფონს არ პასუხობს – ავტ.). ჩვენგან ვადის გაწელვამ რატიშვილი გააღიზიანა. თავის დაცვის მიზნით კომისიის ხელმძღვანელს ირაკლი ჩიქოვანს მივმართეთ. მან, ცხადია, არაფერი გააკეთა. ამან დაგვარწმუნა, რომ მათთან დაპირისპირებაში ნულოვანი შანსი გვქონდა. დავიწყეთ თავის გადარჩენაზე ფიქრი და ყველამ ერთად ჩამოვაყალიბეთ კომპანია BMG“, – წერია საკაბელო ტელევიზიების ყოფილი მფლობელების მომზადებულ საჩივარში, რომელიც პროკურატურას მიაწოდეს.

 

 

BMG-ის შექმნიდან ერთ თვეში საქმეში ფინანსური პოლიცია ჩაერთო. ამ ორგანომ სამი კომპანია იმ ოდენობის თანხით დააჯარიმა, რასაც ისინი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადაიხდიდნენ. საკაბელო ტელევიზიების დაჯარიმებიდან სამ თვეში, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე, საკაბელო ტელევიზიებში მართვის სადავეებს კუდის ნდობით აღჭურვილი პირები ბოლომდე იღებენ ხელში.

 

წლების წინ არსებული ათამდე საკაბელო ტელევიზიიდან ამ ეტაპზე ბათუმში მხოლოდ ორი კომპანია – „ტვ ერა“ და „BMG“ გადარჩა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი