ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა წარადგინა

29 ოქტომბერი, 2012 • 1089
მიხეილ სააკაშვილმა  აჭარის  მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა  წარადგინა

აჭარის უმაღლეს საბჭოს  საქართველოს პრეზიდენტმა წერილობით მიმართა.  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  სტატუსის შესახებ   კანონის  შესაბამისად,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ არჩილ ხაბაძის კანდიდატურას“ – ნათქვამია წერილში, რომელიც პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოს  28 ოქტომბერს გამოუგზავნა.

 

არჩილ ხაბაძის კანდიდატურა  უკვე განიხილეს  უმაღლესი საბჭოს  სამ ფრაქციაში. უმაღლესი საბჭოს წევრის  სულხან ღლონტის განცხადებით,  უმრავლესობა   მხარს უჭერს ხაბაძის კანდიდატურას. „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა  დღეს   ფრაქციაში არ განუხილავს.  პეტრე ზამბახიძე განმარტავს,  რომ ფრაქციის წევრები  რაიონებში  იყვნენ გასული და ვერ მოახერხეს  შეკრება.  

 

უმაღლესი საბჭო არჩილ ხაბაძეს თანამდებობაზე სავარაუდოდ ხვალ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.

 

დამტკიცების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ 10 დღის ვადაში  უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს მინისტრთა კაბინეტი  დასამტკიცებლად.

 

ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე, ანუ გუშინ, 28 ოქტომბერს აჭარის მთავრობას  და მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშაოლომიძეს  უფლებამოსილება შეუწყდა.

პრემიერ-მინისტრმა  ივანიშვილმა  31 წლის  არჩილ ხაბაძე  აჭარის მთავრობის თავჯდომარის კანდიდატურად გუშინ ჩაქვში პირველის სხდომის შემდეგ დაასახელა და  განაცხადა, რომ ხაბაძე „ძალიან კარგი მენეჯერია“ და მისი ერთადერთი ნაკლი მხოლოდ მისი ასაკია; თუმცა მან ასევე  განმარტა, რომ ეს ნაკლი ხაბაძეს უპირატესობაში შეიძლება ჩაეთვალოს, რადგანაც „მეტი ენერგია ექნება“ გამოწვევებთან გასამკლავებლად.  

 

საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ    არჩილ ხაბაძე  აჭარის ავტონომიის რიგით მესამე ხელმძღვანელია. ასლან აბაშიძე აჭარას 13 წელიწადი, ხოლო ლევან ვარშალომიძე 8 წლის განმავლობაში  მართავდა.  პროფესიით ეკონომისტ  ხაბაძეს  მხოლოდ საბანკო მენეჯმენტში აქვს მართვის გამოცდილება.

ბოლო დღეების განმავლობაში ამ  პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილებოდა,  ეს თანამდებობა  ივანიშვილმა პოლიტოლოგ  არმაზ ახვლედიანსაც  შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ  ახვლედიანი ამ თანამდებობას დათანხმდა, ბოლოს არჩევანი ხაბაძეზე შეჩერდა.

 

27 ოქტომბერს  პრემიერმა ივანიშვილმა ჩაქვში განაცხადა, რომ კანდიდატურა გუნდთან  შეთანხმებით  შეარჩია, რადგან   „დაპირისპირების   და კინკლაობის დრო  არ არის“.

 

„ბათუმელების“  წყაროს ინფორმაციით,  არმაზ ახლედიანის კანდიდატურას  ვიცე-სპიკერი და აჭარაში კოალიციის  ლიდერი  მურმან დუმბაძე  ეწინააღმდეგებოდა.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართა.

 

ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში 13  წევრია კოალიცია „ქართული ოცნებიდან“  და რვა წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი