ახალი ამბები

“რუსთავის აზოტის” საწარმოსთან მუშები აქციას მართავენ

27 იანვარი, 2017 • 2995
“რუსთავის აზოტის” საწარმოსთან მუშები აქციას მართავენ

დღეს 27 იანვარს, რუსთავის აზოტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიზე ქარხნის თანამშრომლები აქციას მართავენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ადგილობრივმა წარმომადგენელმა გელა ბიჭიაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ რუსთავის აზოტის ის თანამშრომლები, რომლებიც დაითხოვეს აქციას მართავენ.

ბიჭიაშვილის თქმით, მათ ზეპირად მიიღეს ცნობა იმის შესახებ, რომ ისინი სამსახურიდან იყვნენ დათხოვნილი. ბიჭიაშვილი ამბობს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა სამსახურში თანამშრომლების აღდგენაა.

ბიჭიაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები ითხოვენ:

[checklist]

  • შრომის კაბალური შეთანხმების გაუქმებას. მისი თქმით, კონტრაქტებზე ერთ და ორ დღეში მოაწერინეს ხელი მაშინ როცა 5 ფურცლიან შრომის ხელშეკრულებას სჭირდება რამდენიმედღიანი შესწავლა იურისტთან ერთად.
  • კვლავ აღადგინონ ეს ადამიანების სამუშაო ადგილებზე
  • ეკონომიკის სამინისტროს შეატყობინოს საწარმომ, რომ თანამშრომლებს მასობრივად ითხოვს სამსახურიდან.

[/checklist]

გელა ბიჭიაშვილი ამბობს, რომ საწარმოში სულ მუშაობს 2 300 ადამიანი. ისინი ვინც ამჟამად არ არიან დათხოვნილები საწარმოს ტერიტორიაზე რჩებიან. მისი თქმით, დასაქმებულების 15%-ს შეუწყვიტეს ხელშეკრულებები.

ბიჭიაშვილის თქმით, საწარმოს ხელმძღვანელობამ საშვები გაუუქმა საწარმოს მუშებს.

“იქმნება თურმე ახალი კომპანია, რომელიც კი არ ათავისუფლებს ხალხს პირიქით აიყვანს თავის რიგებში. ფაქტი ერთია, შპს რუსთავი აღარ არის, არის სააქციო საზოგადოება რუსთავის აზოტი და ამის გამო ახალ სამსახურებს ვქმნითო. მაგრამ 340 ადამიანი სახლში მიდის”, – ამბობს გელა ბიჭიაშვილი.

საწარმომ გუშინ, 26 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომ დასაქმებულების დათხოვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიის განცხადებით, შპს „რუსთავის აზოტმა“, 2016 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, მოლაპარაკებებს აწარმოებდა კრედიტორებთან ვალების რესტრუქტურიზაციის მიზნით.

კომპანიის ცნობით, გასული წლის სექტემბრიდან ქარხანას ჰყავს ახალი მესაკუთრე, თუმცა დეკემბრის ჩათვლით ქარხნის ოპერირებას აწარმოებდა შპს „რუსთავის აზოტი“.

“სამწუხაროდ 2017 წლის იანვრიდან  შპს „რუსთავის აზოტმა“ ვეღარ შესძლო ქარხნის საქმიანობის უზრუნველყოფა, რამაც ქარხნის შეჩერება გამოიწვია. ქარხნის ახალი მესაკუთრის მიერ, ამჟამად ტარდება გარკვეული ზომები, ქარხნის კვლავ სრული დატვირთვით ასამუშავებლად. პარალელურად, ახალმა მესაკუთრემ საკუთარ თავზე აიღო ქარხნის მუშა-მოსამსახურეთა უდიდესი ნაწილის (დაახლოებით 90%) სახელფასო ანაზღაურების გადახდა (მათ შორის, იმ პერიოდშიც, სანამ ქარხანა გაჩერებულია) და ამ კადრებთან ხდება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.  ქარხნის სრული დატვირთვის ამუშავების შემთხვევაში, ახალმა ინვესტორმა შესაძლოა განიხილოს დამატებითი კადრების დასაქმების საკითხიც”, – წერია განცხადებაში.

“ნეტგაზეთმა” სცადა დაკავშირებოდა კომპანიას კითხვით, თუ კი არ მიმდინარეობს მუშების გათავისუფლება, მაშინ რატომ ვერ შედიან მუშები საწარმოს ტერიტორიაზე, თუმცა კომპანიის ვებგვერდზე მითითებულ ნომერზე არ გვიპასუხეს.

საწარმო „აზოტი“ წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში მინერალური სასუქების მწარმოებელ ერთადერთ ქიმიურ საწარმოს. საწარმო „აზოტის“ პროდუქციის მომხმარებლებია სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, ხმელთაშუა და შავი ზღვის ქვეყნები: საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი, სირია, მაროკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი