ახალი ამბები

ომბუდსმენი: გია ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემა თავიდან უნდა ავიცილოთ

24 იანვარი, 2017 • 3251
ომბუდსმენი: გია ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემა თავიდან უნდა ავიცილოთ

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ არ უნდა დაუშვას უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემა. ობუდსმენი ამბობს, რომ საქართველომ მაქსიმალურად ყველგან უნდა დაიცვას საკუთარი მოქალაქის უფლებები.

“ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დაიცვას საკუთარი მოქალაქის უფლებები ყველგან, მათ შორის, უცხოეთშიც და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მტრული სახელმწიფოსთვის არ მოხდეს რეალურად მისი გადაცემა. აქედან გამომდინარე, ყვლა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ თუკი რაიმე კითხვის ნიშნები არსებობს, სწორედ ქართულმა სასამართლომ მოახდინოს რეაგირება ასეთ შემთხვევებზე,” – ამბობს ომბუდსმენი.

ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატს ძირითადად აქვს ის ინფორმაცია, რომელიც მედიით არის გავრცელებული:

“აქედან გამომდინარე, ჩვენ დაინტერესებულები ვართ და რეალურად ვსწავლობთ ამ საქმეს; გვინდა, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია გვქონდეს, თუ რამდენად არის რეალობა, რა ინფორმაციაც ვრცელდება. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად მალე გახდეს ცნობილი საზოგადოებისთვის, თუ რა მოხდა სინამდვილეში, იმიტომ, რომ ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციები ვრცელდება.”

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გია ცერცვაძის საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ომბუდსმენი მაქსიმალურად მიადევნებს თვალყურს ამ საქმის განვითარებას.

“უნდა ავიცილოთ თავიდან ამ ადამიანის მტრული სახელმწიფოსთვის, რუსეთისთვის გადაცემა. შესაბამისად, უკრაინაში გაიმართება სასამართლო და შემდეგ მოხდება საქართველოსთვის გადმოცემა, თუ რა მოხდება, ყველა შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი სახით მისი რუსეთისთვის გადაცემა,” – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ვინ არის გიორგი ცერცვაძე, რომელიც 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს? რა ბრალდებით იძებნებოდა იგი? რა კითხვები არსებობს საქართველოს ხელისუფლების მიმართ და რამდენად დამაჯერებელია ოფიციალური პასუხები? – ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი