ახალი ამბები

ოთარ კახიძე: კრიმინალის ზრდამ საგანგაშო მასშტაბი მიიღო

16 იანვარი, 2017 • 7144
ოთარ კახიძე: კრიმინალის ზრდამ საგანგაშო მასშტაბი მიიღო

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, კრიმინალი საგანგაშო მასშტაბამდეა გაზრდილი.

დეპუტატის აზრით, კრიმინალი ადრე ეგზოტიკურ იშვიათობად მიიჩნეოდა, ახლა კი ყოვედღიური რუტინა გახდა.:

“საზოგადოება მიეჩვია იმის მოსმენას, რომელი ბანკი დააყაჩაღეს, რომელი მაღაზია გაძარცვეს, ვის გაეკიდნენ სროლით და ვინ ჩაცხრილეს. კრიმინალის ზრდამ საგანგაშო მასშტაბი მიიღო და საგანგაში ხასიათი აქვს ამ ყველაფერს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოხდა რამდენიმე გახმაურებული ყაჩაღობა, სროლა, დაჭრა, მკვლელობა მოხდა, ესაა კრიმინალური ქრონიკა, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლება არ აღიარებს. ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა. მათი პასუხი ისაა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დანაშაულის სტატისტიკას უკვე აღარ აქვეყნებენ, საზოგადოებას ინფორმაციას არ აწვდიან რეალური მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები გრძნობენ დანაშაულის ზრდას. ”

ოთარ კახიძე მთავრობას მოუწოდებს, პრობლემა აღიარონ და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან გაზრდილი კრიმინალის შესამცირებლად:

“ასეთი  სურათი მათ შორის იმიტომ გვაქვს, რომ წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ დანაშაულებრივი სამყარო სააარჩევნო კამპანიისას გამოიყენა და საზოგადოებას უწევს ფასის გადახდა ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯის გამო. არ მსურს ხალხის დაპანიკება და სიტუაციის დრამატიზება, მაგრამ მართლა ძალიან საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს. არ შეიძლება ყაჩაღობა, მვკლელობა, სროლა, გაქურდვა – ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს. კრიმინალური მდგომარეობის დასტაბილურებას არაერთი  პოლიციელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა. დიდი ძალისხმევა დაიხარჯა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა ყოფილიყო. ჩვენ ამ სერიოზულ მიღწევას ვფლანგავთ ივანიშვილის მთავრობის მავნებლური და უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო.”

2016 წლის დეკემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებიშვილმა განაცხადა, რომ  შსს-ს დანაშაულის სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია არ გააჩნია და ვისაც როგორც უნდა, ისე ითვლის. მინისტრის თქმით, 2016 წლის იანვრის შემდეგ ყოველთვიური მონაცემები ვებ–გვერდზე პირადად მისი ბრძანებით აღარ ქვეყნდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი