მღებრიშვილი: მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ყოველთვიური დანაშაულის სტატისტიკა აღარ ქვეყნდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებიშვილის განცხადებით, შსს-ს დანაშაულის სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია არ გააჩნია და ვისაც როგორც უნდა, ისე ითვლის. მინისტრის თქმით, 2016 წლის იანვრის შემდეგ ყოველთვიური მონაცემები ვებ–გვერდზე პირადად მისი ბრძანებით აღარ ქვეყნდება.

“სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია, როგორც ასეთი, ერთიანი არ არის და ვისაც როგორ უნდა, ისე ითვლის. მხედველობაში მაქვს ის უწყებები, რომლებიც ითხოვენ ამ სტატისტიკას. ამას მიეძღვნა ერთი შეხვედრა, რომელიც ჩაატარა ჩემმა მოადგილემ და კონკრეტულად ახსნა. ვფიქრობ, ყბადაღებულ თემად იქცა სტატისტიკა, თითქოს ჩვენ არ ვაქვეყნებთ სტატისტიკას და ვმალავთ. არფერს ვმალავთ. ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალება აქვს ძალიან ბევრ ადამანს – როგორც უნდათ, ისე ითვლიან,” – ამბობს მღებრიშვილი.

შს მინისტრი მიიჩნევს, რომ დანაშაულის შესახებ სტატისტიკა მხოლოდ წლის ბოლოს უნდა დაითვალოს:

“სტატისტიკა დაითვლება წლის ბოლოს, ისევე, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში და არა ისე, როგორც ახლა მე. და, ფაქტობრივად, მთელი შსს-ს კედელთან გვაყენებენ და გვეუბნებიან, რომ… ლამის არის კვირაში ერთხელ ვაქვეყნოთ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია.”

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ არ შეუძლია შსს-ს ყოველთვიური მონაცემების დამუშავება, როგორ გამოქვეყნდა 2016 წლის იანვარში ერთი თვის სტატისტიკა სამინისტროს ოფიციალყრ ვებ-გვერდზე, მღებრიშვილი პასუხობს:

“2016 წლის იანვრის თვეში გამოქვეყნდა სტატისტიკა. აქამდე იყო, ასე ვთქვათ, ასეთი დათქმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ ყოველთვიურად ქვეყნდებოდა სტატისტიკა, მაგრამ მე კიდევ გეუბნებით… მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ეს [ყოველთვიური] სტატისტიკა აღარ ქვეყნდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არსებობს არანაირი რეგულაცია ამის შესახებ, არანაირი მოთხოვნა და არანაირი კანონი არ მავალდებულებს მე სტატისტიკის გამოქვეყნებას. ასე რომ, მე მზად ვარ, პასუხი გავცე ყველას, ვინც ამაზე პრეტენზიას წამიყენებს.”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის იანვრის მაჩვენებლების შემდეგ დანაშაულის სტატისტიკა პროაქტიულად აღარ გამოუქვეყნებია. შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ 2010 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ისინი სტატისტიკას საქსტატს უგზავნიან, რომელიც სრულ მონაცემებს კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ხუციშვილის თქმით, თუ არსებობს შესაბამისი საზოგადოებირვი დაკვეთა, შსს მზად არის, რომ თავის ვებგვერდზე ყოველთვიურ რეჟიმში აღადგინოს დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების პრაქტიკა ისე, როგორც ამას 2015 წელს აკეთებდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეწყვიტა უწყებამ ეს პრაქტიკა, ხუციშვილი ამბობს, რომ ეს ევროპული გამოციდლების გათვალისწინებით მოხდა. მისი თქმით, სტატისტიკას უფრო მეტი სანდოობა აქვს, როცა მას არა შსს, არამედ სხვა ორგანო აქვეყნებს.

ნეტგაზეთის მიერ შსს-დან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის პირველ 10 თვეში შემცირებულია გახსნის მაჩვენებელი: კერძოდ, თუკი 2015 წლის 10 თვეში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი იყო 58%, 2016 წლის იმავე პერიოდში მხოლოდ 39%–ია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.