მოვლენები
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე

კახა კალაძე: “გაზპრომის” წინადადება საბოლოოა და საინტერესო

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ 11 იანვარს განაცხადა, რომ “გაზპრომ-ექსპორტის” მხრიდან საინტერესო წინადადება გაჟღერდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია წინადადების დეტალები:

“შეხვედრა საინტერესო იყო, საინტერესო წინადადება იყო გაჟღერებული “გაზპრომის მხრიდან”. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს წინადადება არის ბოლო”, – ეს განცხადება მინსკიდან დაბრუნებულმა კალაძემ ჟურნალისტებს აეროპორტშივე განუცხადა. მინსკში კალაძე “გაზპრომ – ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდა, რომელთანაც საქართველო აწარმოებს მოლაპარაკებას ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურთან დაკავშირებით.

წინა წლებში საქართველო “გაზპრომისგან” მისი ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის 10%-ს იღებდა.   საქართველოს მიერ “გაზპრომთან” დადებულ ხელშეკრულებას  ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა. რუსულ სახელმწიფო კომპანიას გატარებული ბუნებრივი აირის საფასურის მონეტიზაცია სურს. კალაძის თქმით, სწორედ ამას შეეხებოდა მოლაპარაკება:

“ძირითადი საუბარი იყო ფინანსურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით. თუმცა წინა შეხვედრებზე  იმდენად შორს და განსხვავებული იყო ჩვენი მოსაზრებები, რომ საუბარს საერთოდ აზრი არ ჰქონდა, თუმცა დღევანდელი შემოთავაზებები საინტერესოა და ამაზე ვიმსჯელებთ “.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, “გაზპრომთან”  ხელშეკრულების პირობების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველო ხვალ მიიღებს. მას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია, შესაბამისად, უცნობია, რას დათანხმება საქართველო გაზპრომთან მოლაპარაკებებში, თუმცა დეკემბრის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ კალაძემ განაცხადა,   რომ „ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლის შემთხვევაშიც, ქვეყანამ უნდა მიიღოს იგივე სარგებელი, რაც ნედლეულის სახით მიღებული ბუნებრივი აირის პირობებში აქვს.”

ცნობილია, რომ დეკემბერში კალაძემ ორჯერ გამართა უშედეგო მოლაპარაკებები “გაზპრომთან” – გაზპრომს გატარებული ბუნებრივი აირის მონეტიზაცია სურს, რაზეც საქართველო არ თანხმდებოდა.

 

 

ავტორი