ახალი ამბები

„ჩრდილოეთის ნაკადი 1“ გაზის მიწოდებას დროულად განაახლებს, მაგრამ ნაკლები რაოდენობით — მედია

20 ივლისი, 2022 • 647
„ჩრდილოეთის ნაკადი 1“ გაზის მიწოდებას დროულად განაახლებს, მაგრამ ნაკლები რაოდენობით — მედია

როიტერსი“ და „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ „გაზპრომი“ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ მილსადენის ფუნქციონირების განახლებას დროულად, ხუთშაბათს, 21 ივლისს, გეგმავს.

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 11 ივლისს დროებით შეაჩერა ევროპისთვის გაზის მიწოდება „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენით, რის მიზეზადაც დაასახელა ყოველწლიური გეგმური სამუშაოები .

თუმცა ევროპაში იყო მოლოდინი, რომ მოსკოვი მილსადენზე სამუშაოებს გაახანგრძლივებდა და ამით ევროკავშირში არსებულ ენერგოკრიზისს გაამწვავებდა (ევროს გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ენერგოკრიზისთან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინები იყო).

„როიტერსი“ და „ბლუმბერგი“ წერენ, რომ გაზსადენი ოპერაციებს დროულად განაახლებს, თუმცა „გაზპრომი“ ჩვეულებრივზე ნაკლები რაოდენობით გაზს მიაწვდის ევროპის ქვეყნებს.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს.

სწორედ ამ მიზნით ეწვია ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს და მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

ევროპაში იმედოვნებენ, რომ აზერბაიჯანული გაზით ევროპა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მოქნილი გახდება და კრემლს შანტაჟისთვის ნაკლები შესაძლებლობა დარჩება.

გარდა რუსეთისგან მომავალი პოლიტიკური საფრთხეებისგან თავდაცვისა, ევროპას ბუნებრივი აირის სტაბილური მიწოდება ეკონომიკური სირთულეების თავიდან ასარიდებლადაც სჭირდება.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი