ახალი ამბები

ჯანელიძე: EU-სთან ასოცირების შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის ტექსტი გამოქვეყნდება

28 დეკემბერი, 2016 • 21306
ჯანელიძე: EU-სთან ასოცირების შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის ტექსტი გამოქვეყნდება

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ასოცირების დღის წესრიგის ტექსტი 2017-2020 წლებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო, მას შემდეგ, რაც საბოლოო ვერსია შეთანხმდება ევროკავშირთან:

“ტექსტი აუცილებლად გამოქვეყნდება, ამ ეტაპზე ტექსტი არის პირველადი და მასზე უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, ეს ტექსტი როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეთანხდება, ის იქნება საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი”,- განაცხადა ჯანელიძემ დღეს, 28 დეკემბერს, “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში” ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც მინისტრმა წლის სამუშაო შეაჯამა და მედიას 2017 წლის გეგმები გააცნო.

წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მიღწევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2016 წელს შემუშავდა ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის და მის შემუშავებაში პირველად ჩაერთო სამოქალაქო საზოგადოება.

2016 წლის სექტემბერში კოალიციამ “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” განცხადება გაავრცელა, სადაც მთავრობას მოუწოდა, საჯარო გაეხადა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის საპროექტო ტექსტი, რათა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელნიც დაინტერესებული არიან ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობაში, გაცნობოდნენ ტექსტის შინაარსს. 17 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა, სადაც დღის წესრიგის პროექტი უნდა განეხილათ, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სამინისტრომ შეხვედრაზე ასოცირების დოკუმენტი არ წარმოადგინა. შეკითხვაზე, რატომ არ ქვეყნდება ტექსტი, მიხეილ ჯანელიძემ ასე უპასუხა:

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ არც ერთ სხვა აღმოსავლეთ პარტნიორს ასოცირების დღის წესრიგი არ გაუხსნია სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ამიტომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია- საჯაროობა, ეს იქნა პირველ რიგში უზრუნველყოფილი ასოცირების დღის წესრიგთან მიმართებაში. ტექსტზე ვმუშაობდით სამოქალაქო სექტორთან ერთად, ტექსტი არ არის საჯარო, შეგიძლიათ ნახოთ, რომ ტექსტი ევროკავშირსაც არ აქვს გასაჯაროებული, ხოლო ყველა დაინტერესებული მხარე, ვისაც ტექსტი აინტერესებდა, ჩართული იყო ამ პროცესში, ტექსტიც ნანახი აქვს, მათი რეკომენდაციებიც მიღებულია და გაზიარებული გვაქვს ევროკავშირისთვის”.

საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. ამის შემდეგ მხარეებმა შეიმუშავეს განხორციელების მრავალ წელზე გათვლილი შეთანხმების პირველ სამ წელიწადში განსახორციებელი 2014-2016 წლების დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებდა ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას განმახორციელებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის. სამოქალაქო სექტორი, თავის მხრივ, საკუთარ მოსაზრებებს უზიარებდა საქართველოს მთავრობას დღის წესრიგის სამოქმედო გეგმების სავარაუდო შინაარსსა და მის აღსრულებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი