ახალი ამბებისაზოგადოება

რას გულისხმობს სკოლის შეფასების სისტემა და მისი შედეგი

23 დეკემბერი, 2016 • 8521
რას გულისხმობს სკოლის შეფასების სისტემა და მისი შედეგი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ცენტრი სკოლების შეფასების ინსტრუმენტის შექმნაზე იმუშავებს. რას გულისხმობს სკოლის შეფასების სისტემა, აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთი” გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის კოორდინატორს, ნათია ანდღულაძეს ესაუბრა:

უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რას გულისხმობს სკოლის შეფასების კონცეფცია, რა ეტაპებია დაგეგმილი ამ კონცეფციის ფარგლებში? მაია მიმინოშვილმა ახსენა ინსტრუმენტი. რა ინსტრუმენტები იქნება გამოყენებული სკოლის შესაფასებლად?

სკოლის შეფასება ორი ძირითადი სახით შეგვიძლია განვიხილოთ: გარე შეფასება და სკოლის თვითშეფასება. გარე შეფასების მომხმარებელი შეიძლება იყოს სასკოლო სისტემის მართვაზე პასუხისმგებელი მხარე. მართვის სხვადასხვა ბერკეტის გამოსაყენებლად, იქნება ეს უფრო მეტი ავტონომიურობის მინიჭება სკოლისთვის თუ უფრო მიზანმიმართული დახმარების აღმოჩენა, სკოლის შესახებ შეძლებისდაგვარად სრულფასოვან ინფორმაციას უნდა ეყრდნობოდეს. შიდა შეფასებას სხვა დანიშნულება აქვს. ის წარმოადგენს სასკოლო საზოგადოებაში საერთო მიზნის ირგვლივ სკოლის ძალისხმევის გაერთიანების საშუალებას. შეფასებას იყენებს სკოლა იმისთვის, რომ გააანალიზოს სწავლა-სწავლების პროცესი და შედეგები, ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბოს მისაღწევ მიზნებზე, დასახოს გაუმჯობესების ამოცანები და სტრატეგიები, განახორციელოს ეს ცვლილებები და შემდეგ ისევ შეაფასოს. შიდა შეფასება სკოლისთვის უნდა გახდეს კოლექტიური სწავლის, რეფლექსიის საშუალება.

როგორც გარე, ისე შიდა შეფასების წარმატებული მოდელები არსებობს, მათ შორის, ქართულ სკოლებშიც ვხვდებით წარმატებით დანერგილ შიდა შეფასებას. მაგრამ სხვა ქვეყნის გამოცდილების ქართულ სკოლებზე ავტომატურად გადმოტანა არ იქნებოდა გამართლებული, რადგან რაც წარმატებით მუშაობს ერთ, თუნდაც ძალიან მსგავს სისტემაში, შესაძლოა, წარუმატებელი აღმოჩნდეს მეორეში და რაც წარმატებულია ერთ ქართულ სკოლაში, შესაძლოა, არ მოერგოს ყველა ქართულ სკოლას.

ვიწყებთ შიდა შეფასებით. მაგრამ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, როგორი იქნება შიდა შეფასების სისტემა. შევიმუშავეთ რამდენიმე ზოგადი საორიენტაციო პრინციპი. მაგალითად ის, რომ შიდა შეფასების სისტემა არ იქნება უნიფიცირებული.  შეფასების ზოგადი კრიტერიუმებიც უკვე არსებობს. ისინი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ჩამოაყალიბა. სასწავლო წლის ბოლოსთვის ამ ზოგადი პრინციპებისა და კრიტერიუმების ფარგლებში შიდა შეფასების სხვადასხვა მოდელს შევიმუშავებთ, შემდეგი სასწავლო წლიდან დავიწყებთ საპილოტე სკოლებში გამოცდას. პილოტირება ერთ წელს გასტანს. პერიოდულად შედეგებს შევაფასებთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზებთ სხვა სკოლებს.

ამ პროექტის იდეა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ერთად ჩამოვაყალიბეთ. პროექტში ჩართულია მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი. ამ ცენტრებისა და გამოცდებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები პროექტში კონსულტანტების, მკვლევრებისა და კოორდინატორების ფუნქციებს ვინაწილებთ. პროექტს “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო” და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აფინანსებს.

მიმინოშვილმა ასევე განაცხადა, რომ შეფასების სისტემა მოითხოვს დირექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, როგორ იქნებიან დირექტორები ჩართული ამ პროცესში და რა იქნება მათი როლი?

პროექტი გააერთიანებს 15 მოხალისე სკოლის დირექტორის და მათი სკოლების ძალისხმევას.  შერჩეული დირექტორები წარმოადგენენ პროექტის საბჭოს და ადგილობრივი და უცხოელი კონსულტანტების დახმარებით შეიმუშავებენ სკოლის შეფასებისა და განვითარების სხვადასხვა მოდელს. ეს მოდელები მათი სკოლების საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე უნდა იყოს მორგებული. ვფიქრობთ, რომ სოფლის პატარა სკოლის შეფასებისა და განვითარების სისტემა იქნება ქალაქის დიდი საჯარო სკოლისგან განსხვავებული. პროექტს ვიწყებთ სასწავლო აქტივობებით: დირექტორები და ადგილობრივი კონსულტანტები ვეცნობით სკოლების შიდა შეფასებისა და განვითარების სხვადასხვა მოდელს. სასწავლო ღონისძიებებიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე, სკოლის დირექტორები შეიმუშავებენ სკოლის განვითარებისთვის შეფასების სისტემას. შემდეგ კი იწყებენ მოდელების პილოტირებას – დანერგვას და განვითარებას – სკოლებში. პილოტირების შედეგებს რეგულარულად შევაფასებთ და პერიოდულად შევიკრიბებით საჭირო ცვლილებების განსახილველად.

პროგრამა, როგორც ვიცით, რამდენიმე სკოლაში პილოტირების რეჟიმში იქნება. რა პრინციპით შეირჩევა სკოლები? მხოლოდ თბილისში თუ რეგიონებშიც?

პროექტის შედეგებად მიღებული ცოდნის განზოგადება ტიპურ საჯარო სკოლებზე უნდა შევძლოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ჩაერთოს როგორც ქალაქის, ასევე, სოფლის სკოლები. შევეცდებით, რომ ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებული სკოლაც შევარჩიოთ. კიდევ ერთი კრიტერიუმი სკოლის ზომა იქნება, რადგან სკოლის მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები, სავარაუდოდ, განსხვავდება სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების რაოდენობის მიხედვით.

ყველა საჯაროს სკოლას დაეგზავნა წერილი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შეთავაზებით. განაცხადი დირექტორმა უნდა შემოიტანოს. განაცხადების განხილვის შემდეგ დირექტორებს გავესაუბრებით და საბჭოს დავაკომპლექტებთ. სკოლები მაქსიმალურად მრავალფეროვანი უნდა იყოს, მაგრამ დირექტორებს შორის ვეძებთ ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც კარგად ესმით სასკოლო სისტემის კომპლექსურობა და სკოლის წინაშე არსებული გამოწვევები, მუშაობენ საკუთარ პროფესიულ და სკოლის, როგორც სასწავლო ორგანიზაციის, განვითარებაზე.

პილოტირება თუ წარმატებით ჩაივლის, რა იქნება შედეგი, რა ინფორმაციას მივიღებთ ამით?

პროექტის განხორციელების შედეგად უფრო მეტი გვეცოდინება იმაზე, თუ შიდა შეფასების  როგორი მოდელია მისაღები სხვადასხვა ტიპის ქართული სკოლისთვის, რა გამოწვევების წინაშე დგება სკოლა შეფასებისა და განვითარების სისტემის დანერგვისა და განვითარებისას, როგორ შეიძლება გაუმკლავდეს ასეთ გამოწვევებს, რას შეცვლის სკოლაში შეფასებისა და განვითარების სისტემის დანერგვა. ამ გამოცდილებას სხვა სკოლებს შევთავაზებთ და ვფიქრობთ, რომ ბევრი სხვა სკოლა მოინდომებს მათთვის შესაფერისი მოდელების დანერგვას.

გარდა ამისა, ეს პროექტი სკოლების გარე შეფასების კონტურებს გამოკვეთს. გარე შეფასების მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომის პოლიტიკის გატარების საჭიროების გამოკვეთის შემდეგ. მთლიანობაში სისტემა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. ვიცით, რომ ყოველწლიურად მოსწავლეების მეხუთედი მაინც, დაახლოებით 10 ათასი მოსწავლე, მე-9 კლასს საბაზისო უნარების გარეშე ამთავრებს. მაგალითად, PISA 2015-მა გვიჩვენა, რომ 15 წლის მოსწავლეების 25%-ს კითხვის ყველაზე მინიმალური უნარები არ გააჩნია. ანუ ჩვენი ქვეყნის ყოველი ოთხი მოქალაქიდან ერთს წაკითხული ტექსტის ყველაზე ელემენტარულ დონეზე გააზრებაც არ შეუძლია.

აშკარაა, რომ სკოლებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ, მოსწავლეების სწავლის შედეგები რომ გააუმჯობესონ. მაგრამ ეს არ ეხება ყველა სკოლას. ჩვენ მიერ ჩატარებული არაერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი სკოლა, მისი მოსწავლეების მახასიათებლებს თუ გავითვალისწინებთ, შედარებით მაღალ შედეგებზე გადის, ზოგი კი – დაბალზე. ზოგიერთ სკოლას ნაკლები დახმარება სჭირდება, ზოგს კი – მეტი. ზოგიერთ სკოლას გამოწვევებთან გამკლავების მეტი რესურსი აქვს, ზოგს კი – ნაკლები. ისიც ვიცით, რომ ყველა სკოლას არც სჭირდება ერთნაირი დახმარება. ზოგს სკოლას, შესაძლოა, მოქმედების უფრო მეტი თავისუფლებაც ჰყოფნიდეს უკეთეს შედეგებზე გასასვლელად. ამ შეხედულებას ეყრდნობა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული დიფერენცირებული მართვის მოდელი.

ბუნებრივია, 2000 საჯარო სკოლისთვის დახმარების ინდივიდუალურ მოდელს ვერ შევიმუშავებთ. საჭიროებებისა და შესაძლებლობების მიხედვით უნდა დავაჯგუფოთ სკოლები. მაგრამ განსასაზღვრია, რა ნიშნით უნდა დავაჯგუფოთ სკოლები, რა კრიტერიუმებს თუ ინდიკატორებს გამოვიყენებთ სკოლების დასაჯგუფებლად. კვლევებიდან ვიცით, რომ სკოლის ზოგიერთი მახასიათებლის, მაგალითად,  დირექტორის სასწავლო ლიდერობისა და სერტიფიცირებული მასწავლებლების წილის თუ მოსწავლეების სოციო-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით განსხვავდება მოსწავლეების სწავლის შედეგები. მაგრამ ეს – საშუალოდ. ვხედავთ სკოლებს, რომლებსაც მსგავსი მახასიათებლები აქვთ, მაგრამ განსხვავებულ შედეგებზე გადიან. მაგალითად, თბილისის ზოგიერთი სკოლის შედეგები მკვეთრად ჩამოუვარდება ზოგიერთი მაღალმთიანი სკოლის შედეგებს. მთლიანობაში, ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა სკოლის ზომა, მოსწავლეების მშობლების სოციალური სტატუსი, სერტიფიცირებული მასწავლებლების წილი სკოლაში, მშობლების კმაყოფილება სკოლებში მოსწავლეების საშუალო მიღწევებში განსხვავებების მხოლოდ 20%-ს ხსნის. ამიტომ ასეთი ინფორმაცია არ იძლევა სკოლების სამართლიანად შეფასების შესაძლებლობას.

გავითვალისწინოთ უნდა ის, რომ გარე შეფასებას თან ახლავს ძალიან დიდი რისკები. ანუ შეიძლება შეფასების ძალიან კარგი სისტემის შექმნა, მაგრამ თუ მას სკოლების პირდაპირი ან ირიბი ფორმით დასჯისთვის გამოვიყენებთ, რბილად რომ ვთქვა, კარგს ვერაფერს მივიღებთ და ბევრს გავაფუჭებთ. პირდაპირი დასჯის პრეცედენტები გვქონდა, 2010 წელს საატესტატო გამოცდების შედეგად დირექტორები რომ მოხსნეს. ირიბი დასჯა იქნება ბევრი სკოლისთვის, თუ მშობლებისთვის გახდება სკოლის შეფასების შედეგები ხელმისაწვდომი. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მიზნის კარგად განსაზღვრა იქნება. ეს, ბუნებრივია, სამინისტროს გადასაწყვეტი იქნება.

მაგრამ სკოლების შეფასების სისტემას ერთ კვირაში ვერ მოვამზადებთ. ხანგრძლივი პროცესი იქნება იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. რეფორმების წარმატებით გატარებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პრობლემა არის ინოვაციებისადმი დაბალი მიმღებლობა. ცენტრალიზებულად რეგულაციების დაწესებას არ მოჰყვება ხოლმე სასურველი შედეგი მიუხედავად იმისა, რამდენად გამართულია რეფორმა კონცეპტუალურად თუ ოპერაციული თვალსაზრისით იმიტომ, რომ ხანდახან საკმარის დროს ვერ ვუთმობთ სასკოლო თემთან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებას. არადა, სკოლაში შესასვლელ კართან მასწავლებელი და დირექტორი დგას და მან უნდა მიიღოს და გაატაროს რეფორმა.  სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიწყებთ სკოლებთან მუშაობით. სკოლები დაიღალნენ ხშირი ცვლილებებით, განსაკუთრებით მათთან შეუთანხმებელი ცვლილებებით. მასწავლებლებისა და დირექტორების დიდმა ნაწილმა ჩვენზე უკეთ იცის, რა სჭირდება მის სკოლას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ცოდნა კიდევ უფრო გავამდიდროთ და მივცეთ უსაფრთხოდ გამოცდის საშუალება, შედეგების შესწავლის, გააზრების, შეხედულებების გადაფასების თუ გამყარების შესაძლებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი