ახალი ამბები | სამხრეთ კავკასიის ამბები | , , , ,

აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი თბილისში სპეცსამსახურების სახელით დევნაზე საუბრობს

19 დეკემბერი, 2016 | | 1775
აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი თბილისში სპეცსამსახურების სახელით დევნაზე საუბრობს

აზერბაიჯანის მოქალაქე დაშგინ აღალარლი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, აცხადებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურების სახელით უთვალთვალებენ და ავიწროებენ.

დაშგინ აღალარლიმ ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ “2016 წლის სექტემბრის შემდეგ ორჯერ დაურეკა მობილურ ტელეფონზე გაურკვეველმა პირმა და გასაუბრების მიზნით მოსთხოვა თბილისში, რომელიმე სკვერში შეხვედრა. პირველი ზარის დროს უცნობმა განაცხადა, რომ იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მეორე ჯერზე კი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლად გაეცნო”.

აღალარლი ამბობს, რომ ვინაიდან მასთან არაოფიციალურ შეხვედრას ითხოვდნენ, ადვოკატთთან გასაუბრების შემდეგ შეხვედრაზე უარი თქვა.

მას ადვოკატირებას ამჟამად ადამიანის უფლებათა ცენტრი უწევს.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთან “სამართლებრივი პროცედურების უხეში დარღვევით განხორციელებული კომუნიკაციის თაობაზე, რაც გამოკვეთილად ატარებს უკანონო თვალთვალისა და დევნის ხასიათს. შემაშფოთებელია, რომ ზარები განხორციელდა დაშიფრული მობილური ნომრიდან და შეუძლებელია დადგენა, ნამდვილად შსს-ს ან სუს-ის წარმომადგენელი იყო დაინტერესებული შეხვედრით, თუ სხვა პირები, რომლებსაც შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო მიზნები ამოძრავებდეთ”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

დაშგინ აღალარლი აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის, “მუსავათის“ წევრია. იგი წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. 2013 წელს, სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივისტების მსგავსად, აღალარლის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ წაუყენა დაუსაბუთებელი ბრალი – გადასახადებისგან თავის არიდება. 2014 წელს დაშგინ აღალარლი საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა დააკავეს თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, როცა მას გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, 2014 წლის აგვისტოში იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

2014 წელს დაშგინ აღალარლიმ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება, რაზეც 2 წლის შემდეგ სამინისტროსგან დაუსაბუთებელი უარი მიიღო. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, დაშგინ აღალარლიმ სამინისტროს უარი ადმინისტრაციული წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაავალა დაშგინ აღალარლისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელეების პოზიცია, რომ  აღალარლების აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებოდა მათ სიცოცხლეს და დაექვემდებარებოდნენ  წამებას და პოლიტიკურ დევნას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დღემდე არ მიუნიჭებია ლტოლვილის სტატუსი დაშგინ აღალარლისთვის და მისი შვილისვის.

“ამავე დროს, პოლიტიკური დევნილის მიმართ არ წყდება დევნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სახელით დაუკავშირდნენ დაშგინ აღალარლის:

“ამავე დროს, ხელისუფლებამ უნდა შეაფასოს ყველა საფრთხე, რაც კი შეიძლება ემუქრებოდეს ლტოლვილის სტატუსის მაძიებელს და მაქსიმალურად უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება”.

ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით განუცხადეს:

“ჩვენ არ ვადასტურებთ, არანაირ ზეწოლას ჩვენი უწყების მხრიდან ადგილი არ ჰქონია”.

საქართველოში ცხოვრება გართულდა აზერბაიჯანის იმ სხვა მოქალაქეებისთვისაც, ვინც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ იდევნება. საქართველოდან აზერბაიჯანელი ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო აქტივისტების გაძევების საკითხზე წერილი ნეტგაზეთში დამოუკიდებელი აზერბაიჯანული ტელეკომპანია meydan.tv-ს ჟურნალისტმა, გიუნელ მევლუდმაც დაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი