ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ აძევებენ საქართველოდან აზერბაიჯანელ ოპოზიციონერებს

29 ოქტომბერი, 2016 • 3563
როგორ აძევებენ საქართველოდან აზერბაიჯანელ ოპოზიციონერებს

აზერბაიჯანი დაახლოებით სამი წლის წინ დავტოვე. მე და ჩემი ქმარი ხელისუფლების მხრიდან არაერთი მუქარის შემდეგ იძულებული გავხდით ქვეყნიდან წამოვსულიყავით. გერმანიაში ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ ჩვენი ბინადრობის ნებართვის დოკუმენტს ვადა ამოიწურა. არჩევანის წინაშე აღმოვჩნდით, გერმანიაში პოლიტიკური დევნილებისთვის თავშესაფარი გვეთხოვა, თუ საქართველოში ჩამოვსულიყავით, სადაც ცხოვრებას და საქმიანობას თავიდან დავიწყებდით და ამით ევროპის ბანაკებში დამცირებასა და დევნილის სტატუსის მიღების ხანგრძლივ მოლოდინს თავიდან ავიცილებდით.

მეორე გზა ავირჩიეთ.

საქართველოში პირველმა ორმა წელმა, მთლიანობაში, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ჩაიარა. მე სამსახური ვიშოვე და ამის საფუძველზე ბინადრობის მოწმობაც მივიღე. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების ნებართვა ჩემმა ქმარმა და შვილმაც მიიღეს.

თბილისში ბინა ვიქირავეთ. ვცხოვრობდით მშვიდად, ვიხდიდით გადასახადებს. ვცხოვრობდით, როგორც კანონმორჩილი ადამიანები. ერთხანს იმასაც ვფიქრობდი, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე მიღებაზე განცხადება შემეტანა კანონით გათვალისწინებული 5-წლიანი ვადის შემდეგ.

ყველაფერი კარგად აეწყო და თითქოს არც არაფერი მოასწავებდა პრობლემებს. გარდა საუბრებისა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეს, ოპოზიციური პარტია სახალხო ფრონტის წევრს, დაშგინ აგალარლის პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეტყვიან. საქართველოს ხელისუფლებამ მას ორი წლის განმავლობაში არც დევნილის სტატუსი მიანიჭა და არც აზერბაიჯანში დააბრუნა. მე გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ ეს მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურები იყო, რომელიც ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებისთვისაც კი დამახასიათებელია. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ საქმეში, შესაძლოა, აზერბაიჯანის ხელისუფლების გავლენაა.

საქმე მხოლოდ გულუბრყვილობაშია. სინამდვილეში არ გვინდოდა იმის დაჯერება, რომ საქართველო, რომელიც ჩვენ ასე შეგვიყვარდა, არა მხოლოდ მშვენიერი ღვინისა და სტუმართმოყვარე მეგობრების გამო, პირველ რიგში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის, სამხრეთ კავკასიის ყველაზე ფეოდალურ რეჟიმთან ითანამშრომლებდა. არ გვინდოდა დაჯერება, რომ ქვეყანა, რომელიც საკუთარი დამოუკიდებელობისთვის რუსეთის წინააღმდეგ წავიდა, ალიევს რეჟიმს გაურიგდა.

ორი თვის წინ ჩემი მეგობრისგან გავიგე, ასევე, დამოუკიდებელი ჟურნალისტისგან, ლეილა მუსტაფაევასგან, რომელმაც თავისი საქმიანობის გამო ჩვენი ხელისუფლების წყრომა დაიმსახურა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებაზე მასაც უარი ეთქვა. ამის საფუძვლად კი  საქართველოს ხელისუფელებამ საქართველოს მიგრაციის შესახებ კანონის მე-18 მუხლი მიუთითა, რომლის შესაბამისად,  ამ ადამიანს საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს. ეს ჩვენთვის მეხის გასროლასავით იყო.

აზერბაიჯანის დამოუკიდებელი ტელევიზიის, Meydan.TV-ის თანამშრომელსაც, შირინ აბასოვს, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება დევნის, ასევე უარი უთხრეს თავშესაფარზე საქართველოში. 21 წლის აბასოვი იძულებული გახდა, ფაქტიურად ნახევრად ლეგალურად გადმოეკვეთა აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარი. მანამდე, ერთი თვის განმავლობაში, აზერბაიჯანული სპეცსამსახურების სარდაფებში ჰყავდათ გამომწყვდეული, სცემდნენ. მას შემდეგ, რაც გამოუშვეს, ქვეყნიდან გასვლაც აუკრძალეს. ამ დროს ჩემი ქმარი უკევე მუშაობდა თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო ფირმაში. მანაც მიმართა ბინადრობის მოწმობის გაგრძელებაზე, რამდენდაც ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება და საქართველოს ბიუჯეტში გადასახადებს იხდიდა.

ამ ამბების შემდეგ უკვე არ ვიყავით დარწმუნებული, რომ საქართველოში ცხოვრების ნებართვას კვლავ მოგვცემდნენ. ყველა ინფორმაცია, რომელსაც ვფლობდით, ეჭვს აჩენდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალური ბაქოსგან მიიღო პოლიტიკურად აქტიური ადამიანების გარკვეული სია და მოთხოვნა, რომ საქართველოდან გააძევონ ან აზერბაიჯანს გადასცენ.

27 სექტემბერს თითქმის კანკალით მივედით იუსტიციის სახლში პასუხისთვის ჩემი ქმრის მიმართვაზე. პასუხმა დაადასტურა ჩვენი ვარაუდები. ჩემს ქმარს უარი უთხრეს დროებითი ცხოვრების უფლებაზე, მიგრაციის შესახებ კანონის იმავე პუნქტის მითითებით, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ეს ნიშნავდა იმასაც, რომ ვერც მე და ვერც ჩემი შვილი ვერ მივიღებდით საქართველოში ცხოვრებაზე თანხმობას, რამდენდაც ჩემი ქმრის საბუთის საფუძველზე ვაპირებდით ამ მოთხოვნას. ეს ასევე ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ვერც ერთ საელჩოს მივმართავდით ვიზის მიღებაზე.

სავარაუდოდ, იმაზეც იყო გათვლა, რომ ვეიძულებინეთ აზერბაიჯანში დაბრუნება, სადაც გარდაუვალი დაპატიმრება გველოდა.

ეს მოლოდინი არ არის უსაფუძვლო. ერთი წლის წინ აზერბაიჯანში ჩემი პროფესიული საქმიანობის გამო ჩემი ორივე ძმა დააპატიმრეს. ყველა ჩემი და ჩემი ქმრის ახლო ნათესავმა სამსახური დაკარგა იმ მიზეზით, რომ ისინი არიან “ხალხის მტრის” ოჯახის წევრები. აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო პრესაში ჩემი “გაშავების” არაერთი კამპანიაც წამოიწყეს.

გაგვიმართლა. ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოდან ევროპაში ჩვენი გაყვანა შეძლო. მაგრამ ჩემი სხვა კოლეგები, მაგალითად, ლეილა, ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელთაც არც ბინადრობის უფლებას აძლევენ და არ აქვთ საშუალება სხვა ქვეყნების საელჩოებს მიმართონ, საფრთხის ქვეშ რჩებიან.

ჩვენი სიტუაცია ძალიან ჰგავს ამერიკელი რეჟისორის, მაიკლ კერტისის ფილმ “კასაბლანკას” სიუჟეტს. ამ ფილმში ნაცისტური გერმანიის მოთხოვნა თავისუფალი საფრანგეთის მიმართ, ჩეხი ეროვნულ – გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისთვის, ვიქტორ ლასლომისთვის ვიზის გაცემაზე უარი და კასაბლანკაში დატოვებაა. მართალია, დრო და ქვეყნები სხვადასხვაა, მაგრამ ყველა დროის დიქტატურა ერთმანეთს ჰგავს, როგორც იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ზეწოლას განიცდიან და საკუთარ სინდისთან კომპრომისზე არ მიდიან.

გულდასაწყვეტი იქნება საყვარელი საქართველოს ხილვა, რომელიც ამდენი რეფორმისა და დანაკარგის შემდეგ დემოკრატიის გზას გადაუხვევს. იმედი მაქვს, კავკასიაში ეს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის კუნძული თავის რთულ, მაგრამ დემოკრატიული განვითარების ამ ღირსეულ გზაზე სვლას გააგრძელებს.

სიყვარულით და მადლიერებით ძვირფას საქართველოს, გიუნელ მევლუდი, ჟურნალისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი