ახალი ამბები

იზორია ნატოს მინისტერიალზე არწასვლაზე: “საკეკლუცაოდ და მეტიჩრობისთვის მე ვერ წავიდოდი”

24 ნოემბერი, 2016 • 1316
იზორია ნატოს მინისტერიალზე არწასვლაზე: “საკეკლუცაოდ და მეტიჩრობისთვის მე ვერ წავიდოდი”

“საკეკლუცაოდ და მეტიჩრობისთვის მე ვერ წავიდოდი”, – ეს განცხადება თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ დღეს პარლამენტში გამართულ გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა, სადაც მას ელენე ხოშტარიამ ჰკითხა, თუ რატომ არ წავიდა ნატოს თავდაცვის მინისტრების იმ მინისტერიალზე, რომელზეც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პროექტის შესახებ გაიმართა მსჯელობა.

იზორია ამბობს, რომ ამ საკითხზე ნატო- საქართველოს კომისიის მოწვევას თებერვალში მოითხოვს:

“ეს იყო ნატოს თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა. მანამდე, ზუსტად ერთი თვით ადრე ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში აქ თბილისში შევხვედროდით ნატოს გენერალურ მდივანს. ნატოსთან ინტენსიური თანამშრომლობა, ბუნებრივია, ერთ-ერთი პრიორიტეტია და მათ შორის განხილული იყო შემდგომი მინისტერიალის თემები. ერთ-ერთი თემა, რომელიც წამოვჭერით,  სწორედ შავიზ ზღვის უსაფრთხოების საკითხი იყო. ამ თემაზე ჯერ კიდევ იქ, ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური ჩამოყალიბების პროცესი. იყო კრიტიკა, რომ თითქოს ბუქარესტშიც უნდა ვყოფილიყავით. ამაზეც მინდა გითხრათ, რომ იქ ჯერ მთავრობა ჩამოყალიბებული არ არის და იანვარში ყალიბდება და [არ ვიცით] ვინ იქნება ლიდერი პოზიციის ქვეყანა… განსაზღვრულია რუმინეთი, მაგრამ კონკრეტულად როგორი ფორმით… [სტოლტენბერგთან] ამ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ საქართველო დააყენებდა საკითხს, რომ ამ თემაზე თებერვლის თვეში შემდაგრიყო ნატო-საქართველოს კომისია. შესაბამისად, ჩვენ თანმიმდევრულები ვართ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებით”, – განაცხადა იზორიამ.

ელენე ხოშტარიას კითხვას, რას აკეთებთ, რომ არ დადიხართ სამიტებსა და მინისტერიალებზე, რატომ არ წახვედით, მან ასე უპასუხა:

“საკეკლუცაოდ და მეტიჩრობისთვის მე ვერ წავიდოდი. კონკრეტული თემისთვის ჩვენ შევთანხმდით, რომ შედგება ნატო-საქართველოს კომისია. მანამდე ნატოც და მათ შორის რუმინეთიც, რომელიც მთავრობას იანვარში დააკომპლექტებს, უფრო კონკრეტულად ჩამოყალიბდება, მათ შორის ჩვენი თანამონაწილეობის საკითხზე.  ეს საკითხი სწორედ თებერვალში იქნება განხილული. იქ ჩემი ჩასვლა მოსმენა და უკან ჩამოსვლა მხოლოდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. თუ საკითხს სერიოზულად და საგნობრივად მივუდგებით, გეუბნებით, რომ ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ჩვენ უშუალოდ ნატოსთან, მათ შორის გენერალურ მდივანთან შეთანხმებით, აქ წარმომადგენლობასთან ინტენსიური დიალოგის საფუძველზე, ამ შეხვედრას სწორედ თებერვალში ჩავატრებთ”, – თქვა იზორიამ.

ნატოს ზემოხსენებული თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი