ახალი ამბები

ყანდიაშვილი: GPB-ის დირექტორობაზე განცხადება რომ შევიტანო, უნდა ვიცოდე, ბორდს რა უნდა

19 ნოემბერი, 2016 • 1953
ყანდიაშვილი: GPB-ის დირექტორობაზე განცხადება რომ შევიტანო, უნდა ვიცოდე, ბორდს რა უნდა

“მეორე არხის” ყოფილი გენერალური დირექტორი, კოკა ყანდიაშვილი, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანს განაცხადს საზოგადოებრივის მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, თუკი ეცოდინება, რა სურს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს (სამეურვეო საბჭოს).

“იმდენად, რამდენადაც არ ვიცი, რა უნდა ბორდს, რომ გააკეთოს, – არ მაქვს გადაწყვეტილი, მივიღებ თუ არა მონაწილეობას კონკურსში… უნდა მესმოდეს, რაზე, რის გაკეთებაზე ცხადდება კონკურსი. რა თქმა უნდა, მინდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ფეხზე დადგეს და იყოს არა რომელიმე პარტიის, მთავრობის, ან კერძო პირის ტელევიზია, არამედ ინსტიტუციაა. თუ ასეთი [დამოუკიდებელი] ტელევიზიის გაკეთება უნდათ, სიამოვნებით”, — ამბობს ყანდიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი, თანამდებობის დატოვებას აპირებს. ორშაბათს, 21 ნოემბერს, იგი ამ საკითხზე მაუწყებლის ბორდს დაელაპარაკება. როგორც მაუწყებლის ბორდის თავმდჯომარე, გრიგოლ გოგელია გვიხსნის, მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი გენერალური დირექტორი მაუწყებლის ბორდს განცხადებით მიმართავს თანამდებობის დატოვების მოთხოვნით, ბორდმა 10 დღის განმავლობაში უნდა გამოაცხადოს კონკურსი, რის შემდეგაც დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებების შემოტანა დაიწყება (30 დღის განმავლობაში),  ამის შემდეგ კი ახალი გენერალური დირექტორი ბორდის წევრებმა 7 დღეში უნდა აირჩიონ.

კოკა ყანდიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ დღეს, 19 ნოემბერს, ჟურნალისტებისგან გაიგო გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, თუმცა არც მასთან და არც ბორდთან პირადად არ უსაუბრია. 

კოკა ყანდიაშვილი ჟურნალისტია – 2001 წლამდე სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობდა კორესპონდენტად, 2001 წელს ტელეკომპანია “მეორე არხის” გენერალური დირექტორი გახდა, 2003-2004 წლებში იყო “სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე” გადაცემა “რა ხდებას” პოლიტიკური მიმომხილველი. 2004-2013 წლებში იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. ყანდიაშვილი 2013 წელს პრემიერ–მინისტრის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა, მოგვიანებით – საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში იყო საქართველოს მთავრობის კონსულტანტი.

“ნეტგაზეთმა” საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარეს, გრიგოლ გოგელიას ჰკითხა, განიხილავდა თუ არა ბორდი ყანდიაშვილის კანდიდატურას, რაზეც მან გვიპასუხა, რომ მანაც მხოლოდ გუშინ გაიგო გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების შესახებ ამბავი და დასძინა:

“ჯერ ნაადრევია საუბარი, ეს არის სულ ტყუილები და ჭორები, რომ ვიღაც კონკრეტული ადამიანზეა [საუბარი], გარწმუნებთ, [რომ არა]. ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ მითითებებს ვიღებთ? წარმოუდგენელია ეს თემა, – ბორდი არის აბსოლუტურად ზრდასრული, დამოუკიდებელი და კარგი ადამიანებისგან დაკომპლექტებული. მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესებისთვის საჭირო”, – გვეუბნება გრიგოლ გოგელია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა შედგება სამეურვეო საბჭოსაგან (ბორდისაგან) და გენერალური დირექტორისაგან. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სამეურვეო საბჭო, რომელიც 9 წევრისაგან შედგება, განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებს. ასევე, გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს და ამტკიცებს მისი შესრულების ანგარიშს; უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს ბიუჯეტში.

ჩვენ კოკა ყანდიაშვილს ვთხოვეთ, აეხსნა, რატომ არ აპირებს ბორდთან საუბრის გარეშე შეიტანოს განცხადება დირექტორობაზე, რაზეც გვიპასუხა:

“არ მომწონს, რომ როდესაც ბორდი აცხადებს კონკურსს დირექტორის თანამდებობაზე, ადამიანმა, რომელიც იქ მიდის და იღებს მონაწილეობას, არ იცის, იმ ბორდს რა უნდა. ეს წერს თავის აზრებს, თუ როგორ უნდა განვითარება და ბორდს, თუ მოეწონა, იმას ირჩევს დირექტორად… არანაირი კომუნიკაცია ბორდთან არ გაქვს ადამიანს. მგონია, რომ ეს არ არის ლოგიკური, როდესაც დაწერ, რა გინდა გააკეთო და ამიტომ აგირჩევენ დირექტორად”, – ამბობს ყანდიაშვილი. ნეტგაზეთის კითხვაზე, როგორ ფიქრობს, გენერალური დირექტორობის მსურველს არ უნდა ჰქონდეს განვითარების კონფეცია, ის გვპასუხობს: “რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ის ამის გამკეთებელია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი