ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი პოსტის დატოვებას აპირებს

19 ნოემბერი, 2016 • 1760
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი პოსტის დატოვებას აპირებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” (IPN) გაავრცელა ინფორმაცია. იგივე დაუდასტურეს “ნეტგაზეთსაც” საზოგადოებრივ მაუწყებელში.

“მე რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ორშაბათს აპირებს, ბორდთან შეხვედრის შემდეგ გააკეთოს განცხადება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ კითხვაზე, ხომ არ იცის, თუ რატომ მიიღო გენერალურმა დირექტორმა ეს გადაწყვეტილება. გვიმრაძის თქმით, ბარათაშვილი თანამდებობის დატოვებას ნამდვილად აპირებს და მათ ამ საკითხზე ისაუბრეს.

“ნეტგაზეთი” შეეცადა, დაკავშირებოდა თავად გიორგი ბარათაშვილს, თუმცა ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ.

გადადგომის გადაწყვეტილების მიღების კონკრეტულ მიზეზებზე არ უსაუბრია ბარათაშვილს არც “ინტერპრესნიუსთან”, სააგენტოსთან საუბრისას მან თქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა გადადგომას. “ახლა წასვლისთვის საუკეთესო დროა, ახალი წელი იგეგმება და ახალი ადამიანი მოვა… აქამდე იყო არჩევნები. წლის დასაწყისში მინდოდა წასვლა და უბრალოდ ვერ გავაკეთე. ახლა უკვე არის დრო იმის, რომ წავიდე”, – უთხრა IPN-ს ბარათაშვილმა.

გიორგი ბარათაშვილი ღია კონკურსის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2012 წელს აირჩია მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 6 წლის ვადით. მან ამ პოსტზე გია ჭანტურია ჩაანაცვლა.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, გიორგი ბარათაშვილი მაუწყებელზე 2005 წლიდან მუშაობს. მას შემდეგ, რაც ის 2012 წლის ბოლოს გენერალურ დირექტორად აირჩიეს, 2013 წლის განმავლობაში  სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილი ორჯერ – მარტსა და სექტემბერში გაათავისუფლა თანამდებობიდან. საბოლოოდ, ბარათაშვილი თანამდებობაზე 2013 წლის დეკემბერში აღადგინეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით ნიშნავს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი. ფოტო: ბარათაშვილის პირადი ფეისბუკ-გვერდი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი. ფოტო: ბარათაშვილის პირადი ფეისბუკ-გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი