ახალი ამბები

კახეთში გოგონების გენიტალიების დასახიჩრების ფაქტებზე შსს წინასაგამოძიებო სამუშაოებს აწარმოებს

14 ნოემბერი, 2016 • 2722
კახეთში გოგონების გენიტალიების დასახიჩრების ფაქტებზე შსს წინასაგამოძიებო სამუშაოებს აწარმოებს

კახეთის სამ სოფელში გოგონების გენიტალიების დასახიჩრების ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაგამოძიებო სამუშაოებს აწარმოებს. ამ ეტაპზე გამოძიება რომელიმე კონკრეტული მუხლით არ მიმდინარეობს. მოკვლევის პროცესშია ჯანდაცვის სამინისტრო.

სახელმწიფო უწყებებში ირწმუნებიან, რომ ამ ფაქტების შესახებ მათთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რამდენიმე დღის წინ “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვით ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, სადაც ეთნიკურად ავარიელები ცხორვრობენ, გოგონებს ე.წ. წინდაცვეთას უკეთებენ, ანუ გენიტალიებს უსახიჩრებენ.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ე.წ. წინდაცვეთას გოგონებს სახლის პირობებში იმდენად პატარა ასაკში უკეთებენ, რომ შემდეგში ამის შემჩნევა ექიმებისათვის რთულია.

ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ სოფლებში საგანმანათლებლო კამპანიების წამოწყებას გეგმავს, რათა მოსახლეობას ამ აქტის შედეგად ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. ასევე, გამოიკვლევს – ხდება თუ არა ე.წ. წინდაცვეთის ტრადიცია ქალებში B ჰეპატიტის გავრცელების მიზეზი.

გოგონებში გენიტალიის დამახინჯების გამოვლენილი ფაქტების შესწავლა უკვე დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც და სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირებისაკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას რისკებისა და გართულებების შესახებ. ასევე, არ იციან, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პრაქტიკა და ძირითადად რელიგიურ წეს-ჩვეულებებს უკავშირებენ.

ომბუდსმენის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვნელი ეკა სხილაძე ამბობს, რომ ამ სოფლების მოსახლეობისათვის ტრადიციაზე უარის თქმა რთული იქნება და მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამები პრაქტიკის აღსაკვეთად საკმარისი არ არის. სხილაძე აცხადებს, რომ მოსახლეობისათვის იმის განმარტება, რომ მსგავსი ქმედება დასჯადია, პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება იქნება.

“[ცვლილებას] დიდი დრო დასჭირდება, თუმცა შესაძლებელია ყველაფრის ორგანიზება. კანონი ამას კრძალავს იმის მიუხედავად, რომ პირდაპირი ჩანაწერი ამ დრომდე არ გვაქვს – ეს არის აკრძალული ქმედება. იმ ინფორმაციასთან ერთად, როდესაც ისინი იაზრებენ, რომ ეს არის ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანი, ასევე იმის ცოდნა, რომ ეს არის დასჯადი ქმედება, არის პრევენციის ერთ-ერთი გზა,” – ამბობს სხილაძე.

ომბუდსმენის აპარატი მოუწოდებს სახელმწიფოს, დააჩქაროს კანონის რატიფიცირება. საქართველომ ჯერ კიდევ 2014 წელს მოაწერა ხელი ევროსაბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე“, სადაც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალების დასახიჩრებას“. კონვენცია სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ დასახიჩრების პრაქტიკა – როგორც განხორციელება, ისე წაქეზება, გარიგება ან იძულება- კრიმინალიზებული იყოს (მუხლი 38), თუმცა საქართველოში ამ დრომდე არ მომხდარა კონვენციის რატიფიცირება.

სხილაძის თქმით, სხვა ქვეყნების მაგალითი უჩვენებს, რომ გოგონათა წინდაცვეთის პრაქტიკის პრევენციის პირველი საფეხური ექიმების მხრიდან პრობლემის იდენტიფიცირებაა. შემდეგ კი საჭიროა ხალხის ინფორმირება და სამართალდამცავების სწრაფი რეაგირება.

“მოგეხსენებათ, ეს ხდება სახლის პირობებში და, შესაბამისად, დაფარული პრობლემაა. ამიტომ პრობლემის იდენტიფიცირება არის პირველი ნაბიჯი. მთავარი როლი ამ პროცესში აქვთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რადგან ქალი, რომელსაც აქვს დასახიჩრებული გენიტალიები, სხვადასხვა გარემოებაში მიმართავს ექიმს კონსულტაციისთვის. გამოვლენის შემდეგ, მთავარია, მასში სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელი ჩაერთოს. პრაქტიკა ასეთია: პიველ რიგში, მოსახლეობის ინფორმირება და მათი ცნობიერების გაძლიერება, რათა აღარ განმეორდეს შემთხვევები. შემდეგ უკვე- ეფექტური სამართლებრივი რეაგირება,” – სხილაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ეს პრობლემა ძირითადად აფრიკის ქვეყნებშია გავრცელებული, ის ასევე გვხვდება იქ, სადაც მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია. მაგალითად, საფრანგეთსა და გერმანიაში.

უფლებადამცველის განცხადებით, სახალხო დამცველი არა მხოლოდ დააკვირდება სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ამ პროცესში, არამედ სამივე სოფლის მოსახლეობასთან ტრადიციის შედეგად ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად დამოუკიდებლად იმუშავებს.

“სოფლებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი დამოკიდებულებების ცვლილების ხელშეწყობა იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ომბუდსმენის აპარატი ამას აქამდეც აკეთებდა, თუმცა ამ სოფლებში ეს იყო იმდენად დაფარული პრობლემა, რომ ამ დრომდე ცნობილი არ ყოფილა,” – ამბობს სხილაძე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (თივი, სარუსო და ჩანთლისყურე) ადგილობრივი მოსახლეობა მედიასთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან საუბარში ადასტურებენ, რომ გოგონათა წინადაცვეთის პრაქტიკა არსებობს, რომელსაც, სახალხო დამცველის ცნობით, ადგილობრივები „ნათლობას“ უწოდებენ. აღნიშნული პრაქტიკა თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაცია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი