ახალი ამბები

სახალხო დამცველის თქმით, საქართველოში დასტურდება გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობა

12 ნოემბერი, 2016 • 4048
სახალხო დამცველის თქმით, საქართველოში დასტურდება გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ადგილობრივმა მოსახლეობამ დაადასტურა გოგონათა წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობა, რომელსაც, სახალხო დამცველის ცნობით, ადგილობრივები „ნათლობას“ უწოდებენ. აღნიშნული პრაქტიკა საერთაშორისო ორგანიზაცია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლინდა.

“2016 წლის 24–25 ოქტომბერსა და 9 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვდნენ და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას, სკოლის მასწავლებლებს, გამგებლის რწმუნებულის თანამშრომლებს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უფროსს და თელავში მდებარე ერთ-ერთი სამშობიარო სახლის მორიგე ექიმ–გინეკოლოგს.  მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გოგონების წინდაცვეთის დროს ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, სახლის პირობებში. ამასთან, მოწოდებული ინფორმაციით, ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში, სავარაუდოდ, სრულადაა გავრცელებული, ხოლო ორ სოფელში მხოლოდ რამდენიმე ოჯახის მიერ ხორციელდება”, – აცხადებს სახალხო დამცველი. საუბარია ყვარლის 3 სოფელზე: თივი, სარუსო და ჩანთლისყურე, სადაც, სტატიის მიხედვით, ეთნიკურად ავარიელები (ხუნძები) კომპაქტურად ცხოვრობენ.

IWPR-ის სტატიის თანახმად, სოფლებში ასევე გავრცელებულია წინდაცვეთა ბიჭებში, თუმცა ამ პროცედურას, გოგოებისგან განსხვავებით, ბიჭების შემთხვევაში ექიმი ატარებს. სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ სოფელში გოგონების გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკას ყველა არ ეთანხმება და არ მისდევს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის ხელისუფლება ზემოხსენებული პრაქტიკის შესახებ საქმის კურსში არ იყო. საკითხის შესწავლა სახალხო დამცველმაც მას შემდეგ დაიწყო, რაც IWPR-ისთვის მომუშავე თავისუფალმა ჟურნალისტმა მიმართა კითხვით, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია აღნიშნული პრაქტიკის შესახებ.

მლოცველი ქალი სოფელ თივში. ფოტო: აიდა მირმაკსუმოვა/IWPR

მლოცველი ქალი სოფელ თივში. ფოტო: აიდა მირმაკსუმოვა/IWPR

როგორც საგამოძიები სტატიის ავტორი აღნიშნავს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გენიტალური მუტილაციის ოთხი ტიპია განსაზღვრული, ყვარლის ერთ-ერთი სოფელში, სარუსოში, აკეთებენ ჩაჭრას და სისხლს უშვებენ, სოფლებში, — თივსა და ჩანთლისყურში კი გოგონებს კლიტორის ნაწილს აჭრიან.

 სახალხო დამცველის დაკვირვებით, მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას საკითხის სირთულის, რისკებისა და გართულებების შესახებ, ასევე, არ იციან, თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პრაქტიკა და მას ძირითადად რელიგიურ წეს-ჩვეულებებს უკავშირებენ. პრობლემის მასშტაბებისა და სიმძიმის შესწავლისთვის საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონულ სამმართველოს უფროსს, რომელმაც, სახალხო დამცველის ცნობით, განაცხადა, რომ ამ ფაქტების შესახებ ბოლო დროს შეიტყო, თუმცა “გადამოწმებისას არ დადასტურდა”.

“სამედიცინო დაწესებულებაში მორიგე ექიმი არ ფლობდა ინფორმაციას გავრცელებული  წინდაცვეთის პრაქტიკის შესახებ და ვერ გაიხსენა პაციენტი ქალი დასახიჩრებული გენიტალიებით. თუმცა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გოგონას სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილს ბავშვობის ასაკში მოაჭრიან, წლების შემდეგ ამგვარი მანიპულაციის კვალი შეიძლება ვიზუალურად შესამჩნევი აღარ იყოს”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ქალის გენიტალიების დასახიჩრება უფლებადარღვევის უკიდურესი ფორმაა, რომელიც არღვევს ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უფლებებს. ამგვარი პრაქტიკა ძირითადად ქალზე და მის სხეულზე კონტროლის მიზნით ხორციელდება. მით უფრო, სახლის პირობებში. გენიტალიებზე მანიპულაციის ჩატარებამ, შესაძლოა, მრავალი გართულება გამოიწვიოს, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე“, სადაც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალების დასახიჩრებას“. კონვენცია სახელმწიფოებს მოუწოდებს მიიღონ ყველა ზომა, რომ ქალთა და გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების  პრაქტიკა – როგორც განხორციელება, ისე წაქეზება, გარიგება ან იძულება იქნას კრიმინალიზებული (მუხლი 38). “სამწუხაროდ, ამ დრომდე კონვენციის რატიფიცირება არ მომხდარა”, – წერს ომბუდსმენი.

ამას გარდა, გაეროს გენერალური ასამბლეის 2014 წლის 18 დეკემბრის რეზოლუცია (A/res/69/150) მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ ყველა ზომა ამ მავნე პრაქტიკისა და ქალთა და გოგონათა უფლებების დარღვევის მძიმე ფორმის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უახლოეს მომავალში განახორციელოს კონვენციის რატიფიცირება და მიიღოს ყველა ზომა ამ ახლად აღმოჩენილი მავნე პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის საწინააღმდეგო პლაკატი. წყარო: www.dnaindia.com

გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის საწინააღმდეგო პლაკატი. წყარო: www.dnaindia.com

მასალების გადაბეჭდვის წესი