ახალი ამბები

“რუსთავი 2″–ის ჟურნალისტის ცემისთვის ‘ქართული ოცნების’ აქტივისტს პატიმრობა მიესაჯა

20 აგვისტო, 2012 • • 1091
“რუსთავი 2″–ის ჟურნალისტის ცემისთვის ‘ქართული ოცნების’ აქტივისტს პატიმრობა მიესაჯა

“ქართული ოცნების” აქტივისტ ზურაბ კოტრიკაძეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ “რუსთავი 2″–ის ჟურნალისტის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 80–დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

 

ინციდენტი გუშინ, 19 აგვისტოს, გურიაში, კურორტ ბახმაროს შესასვლელში მოხდა. “რუსთავი 2″–ის ჟურნალისტი ლადო მენაბდე “ნეტგაზეთთან” საუბარში მომხდარს ასე იხსენებს:

 

“ბახმაროში “რუსთავი 2″–ის გადამღებ ჯგუფთან ერთად ავედი მიმდინარე სიტუაციის გადასაღებად და მისვლისთანავე ბახმაროს შესასვლელში “ქართული ოცნების” აქტივისტების მხრიდან დაგვხვდა დიდი აგრესია.  მათ შორის აქტიურობდა ვიღაც ჭიჭინაძე, რომელიც გვლანძღავდა, გვთათხავდა, გვაგინებდა და ცდილობდა ხალხის ეგზალტირებასა და ჩვენ წინააღმდეგ განწყობას.  აქტივისტები ინდივიდაულურად ითხოვდნენ ჩვენგან გადაღებას, მათი კომენტარის ჩაწერას. რომ ავუხსენით, რომ ჩვენ ისედაც ვიღებდით, დაიწყეს დაცინვა. 

შემდეგ შემაღლებულ ადგილზე ავედით და იქიდან გავაგრძელეთ გადაღება. აქედან მშვიდად ვუსმენდით მათ გინებასა და შეურაცხყოფას. მახსოვს, ამბობდნენ, “შეხედეთ, შეხედეთ, როგორი იეღოველია, წარბიც კი არ აუტოკდა ამდენ გინებაზეო”, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რაც მათთვის ხარხარის კიდევ ერთი მიზეზი გახდა”. 

 

ლადო მენაბდის თქმით, გარშემო ნისლი იყო და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მის გარშემო სულ “ქართული ოცნების” აქტივისტები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც მას კვლავ აგინებდნენ.

 

“ამ დროს ჩამოსვლა დავაპირე, მათ ჩემი გადაგდება სცადეს 8 მეტრის სიღრმის ხრამში. მე თავის შეკავებას ვცდილობდი, რა დროსაც ტალახზე ფეხი ამიცურდა და წავიქეცი. ამ დროს “ქართული ოცნების” აქტივისტი” მომვარდა და ცემა დამიწყო. ამის შემდეგ მე მივმართე ლანჩხუთის პოლიციას, სასამართლოზე წარვადგინე ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია ჩემი ცემის ფაქტი”, – იხსენებს ლადო მენაბდე.

 

მომხდარის განსხვავებული ვერსია უამბო “ნეტგაზეთს” “ქართული ოცნების” ჩოხატაურის შტაბის ხელმძღვანელმა გოჩა ჯიქიამ:

 

“იყო მცირე შეხლა–შემოხლა. პოლიციელები ცინიკურად იქცეოდნენ, ბორიას  და ბიძინას გვეძახდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვენთვის არ მოუყენებიათ. მხოლოდ “რუსთავი 2″–ის ჟურნალისტმა ჩვენს აქტივისტს ხელი დაარტყა და ეს იყო პატარა ინციდენტი”. 

 

“რუსთავი 2″–ის ჟურნალისტი ლადო მენაბდე გოჩა ჯიქიას ნაამბობს ტყუილს უწოდებს.

 

“იქ იყო “ინფო 9″–ის ორი ჯგუფი იყო, “მეცხრე არხიც” იყო, “გურია ნიუსიც” იყო. დადონ გადაღებული ვიდეომასალა, რატომ არ აქვეყნებენ?  თუ მათ მე დავარტყი ხელი, რატომ არ მიჩივლეს? ჩემი ცემა ოპერატორმა გადაიღო და მოსამართლემ სწორედ ამ ვიდეომასალის ნახვის შემდეგ შეუფარდა პატიმრობა “ქართული ოცნების” აქტივისტს”, – ამბობს ლადო მენაბდე, რომელიც ასევ არის ოზურგეთში გამომავალი გაზეთის, “გურიის მოამბის” გამომცემელი.

“ყველაზე მეტად ის მეწყინა, რომ ამ ადამიანს სასამართლოზე იცავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ჩოხატაურში ჯაბა ზერეკიძე, რომელიც სწორედ მედიის უფლებებს უნდა იცავდეს, ის კი იმ ადამიანს იცავდა, ვინც ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა”, – ამბობს ლადო მენაბდე.

ლადო მენაბდე
ლადო მენაბდე

მასალების გადაბეჭდვის წესი