ახალი ამბები

რამ გამოიწვია ინციდენტი არასრულწლოვანთა ციხეში

9 აგვისტო, 2012 • • 1499
რამ გამოიწვია ინციდენტი არასრულწლოვანთა ციხეში

ომბუდსმენის ოფისის ცნობით, 2012 წლის 8 აგვისტოს, ღამის საათებში, სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ესტუმრნენ არასრულწლოვანთა დაწესებულებას. ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაზე იმ დროისთვის რიცხული 122 მსჯავრდებულიდან 60 გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N16 დაწესებულებაში, ხოლო 47 მსჯავრდებული – რუსთავის N17 დაწესებულებაში. 15 მსჯავრდებული კი ადგილზე დატოვეს.

 

სახალხო დამცველის წარმომადგენლები გაესაუბრნენ ადგილზე დარჩენილ არასრულწლოვნებს, დაწესებულების ადმინისტრაციას და დაათვალიერეს დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსები. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ მოცემული მომენტისთვის საცხოვრებელი კორპუსი ფუნქციურად გამოუსადეგარია და საჭიროებს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.

 

“იმავე ღამეს პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს ვიზიტები რუსთავის #16 და #17 დაწესებულებებში, რა დროსაც მოინახულეს ყველა არასრულწლოვანი მსჯავრდებული, გარდა იმ რამდენიმე მსჯავრდებულისა, რომელთაც სახალხო დამცველის რწმუნებულების ვიზიტის დროს ეძინათ. არასრულწლოვანთა განცხადებით, 8 აგვისტოს ინციდენტი დაკავშირებული იყო გარკვეულ შეზღუდვებთან, რომლებიც უკანასკნელი პერიოდის მანძილზე დაწესდა ადმინისტრაციის მხრიდან. გარდა ამისა, მათი ნაწილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, რაც ასევე, მათი გადმოცემით, გახშირებული იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამასთანავე, არასრულწლოვნების განცხადებით, მათი ეტაპირება განხორციელდა მშვიდ ვითარებაში და რაიმე ინციდენტს გადაყვანის და სხვა დაწესებულებაში მიღების დროს ადგილი არ ჰქონია.

 

მსჯავრდებულების თქმით, არც #11 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის დროს და არც მას შემდეგ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.

 

#11 დაწესებულების ადმინისტრაციის გადმოცემით, არც დაწესებულების რომელიმე თანამშრომელი დაშავებულა და არც თანამშრომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დამუქრებია საფრთხე”, – ნათქვამია ომბუდსმენის 9 აგვსიტოს განცხადებაში.

 

გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, არასრულწლოვნებს ახალ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ მიეწოდათ ლეიბები, ბალიშები, თეთრეული, პირველადი მოხმარების საგნები და ჰიგიენური ნივთები.  ისინი განთავსებისთანავე ინახულეს მიმღები დაწესებულების ექიმებმა. რუსთავის #16 და #17 დაწესებულებებში გადაყვანილი არასრულწლოვანი მსჯავრდებულები განთავსებული არიან სრულწლოვანი მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.

 

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ყველა ღონეს იხმარს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს #11 დაწესებულების ნორმალური მუშაობის რეჟიმი.

 

 #11 დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტზე განცხადება სასჯელაღსრულების სამინსიტრომაც გაავრცელა.

 

სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ზოგიერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ინსპირირებულ იქნა დადგენილი დღის წესრიგის უხეში დარღვევა, რამაც ნაწილი ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანება გამოიწვია.

 

“აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ წესრიგის აღდგენის მიზნით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. დისციპლინის უზრუნველყოფისა და შემდგომი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გადანაწილდნენ  სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც მათთვის შექმნილია კანონმდებლობით გათვალისწინებული საცხოვრებელი პირობები”, – ნათქვამია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინსიტროს ოფიციალურ განცხადებაში. სამინისტროსვე ცნობით, არც ერთ მსჯავრდებულს არ მიუღია ჯანმრთელობის დაზიანება. 

 

ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი